ეს იქნება კარცერ-ლუქსი… | Jolo.ge


ეს იქნება კარცერ-ლუქსი…

ეს იქნება კარცერ-ლუქსი…

როგორ მოვაწყობდი? — ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, — როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი“. „რაო? — ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, — როგორ თუ… ეს რა — დესპოტიზმია?“

— არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, — ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, — ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი…

— როგორ თუ ლუქსი?!

— თქვენი გაკვირვება სამართლიანია, — ეთანხმება რესპონდენტი, — არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, — ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა — სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი — ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის, რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ — ლუქსი, მრავალთათვის კი — კარცერი-ლუქსი… აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო — მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები — ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ… მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად — პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები — ტაც! — ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს…

— ძალით? — აინტერესებს ხელმძღვანელს, და პირველად იწერს რაღაცას

— დიახ, დიახ, ძალისძალათი. — მტკიცედ ამბობს რესპონდენტი, შეუვალია, — შესაძლოა, ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს — სკოლის, ზოგს — ორგანიზაციის, სხვას — უჯრედისა, ზოგს — ცემა-ტყეპისა და კიდევ რა ვიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ, უბადლოა — დგას ჩვენი ჯეელი, რაღა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ, ამ ჩვენს კარცერში, ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აკრული, კარიც, რასაკვირველია, დახშულია, გარეთ რომელიმე — რომელიმე კლიმი დარაჯობს, სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე — წიგნით, ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და… კარადა-თაროებს, მაგრამ ჯერჯერობით — არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს.

მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულნი არიან, „ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ-ლუქსშია“, „კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩვიოს და…“ ჯეელი იღვიძებს, უყრებს ჭერს, შია… რა მოგართვათ, ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი, ჩაი, რძე, კაკაო… კაკაო იყოს, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ… მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არა პასუხობს, სულ სხვა რამეს ეუბნება — რამდენი კოვზი შაქარი გნებავთ? ოთხი, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ, რომელიმე კლიმი კი — ყველი რომელი გიყვართ, გუდის, იმერული თუ სულგუნი? სულგუნი, რატომ დამიჭირეთ… რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის, ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერცხს ნაჭუჭს აცლის, ცოტათი ერთობა, სიგარეტი ნებავს? კი ბატონო, სიამოვნებით, „მზიური“, „კოლხიდა“, „ლუქსი“. მაგრამ სხვა რამ გასართობი? — აჰ, არა, არა, აპაპაპაპა — არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი… ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება… ჭერი კი ანბანითაა მოხატული — ა, ბ, გ, დ, ე… ხომ კარგი აზრია, კლიმ?

კლიმი რას იტყვის — რა თქმა უნდა, „შესანიშნავიაო“ — ამბობს.

— მერე მოდის სადილობის დროც… პირველი თავი, მეორე, მესამე, სალათა როგორი გნებავთ, ზეთით, ძმრიანი თუ უძმრო, რატომ დამიჭირეთ, ა! არაა შენი საქმე — რომელიმე კლიმი — და აქ თუ ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა ატეხა, უნდა უთხრათ: „თუთ!..“ — და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე — ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის — თუ გინდა გადაფურცლე რამე, აი იქ კარადაში, წიგნებია… გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოებიანი, ნახატებიანი, „თხა და გიგო“, „მელია და მწყერჩიტა“, ვთქვათ… და თუ თავისი ნება-სურვილით გადაიკითხავს, ხომ კარგი და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის: „იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ სანამ კარადაში მოთავსეულ წიგნებს არ წაიკითხავთ…“

— ეს ხომ ძალადობაა, — ამბობს ხელმძღვანელი, — კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეირჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან…

— მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო, — უხსნის რესპონდენტი, — აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო… — და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, — ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო…

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა (ნაწყვეტი)

გურამ დოჩანაშვილი

 

ნანახია:(31)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გინდათ, მარტივად გითხრათ, რა არის მიჯაჭვულობა?

„შუაღამით ჩემი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი მომინდა. ვიცი, რომ არ უნდა ვჭამო, რომ წონას ვებრძვი, რომ მავნებელია… მაგრამ ეგო რის მაქნისია,


„ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს“…

ათი დღე აფრიკაში. ეთიოპია, ადის აბაბა. ადამიანის შესაძლებლობები ამოუცნობი და ამოუწურავია. სწავლობ და მაინც ბევრი გრჩება სასწავლი. თუ გგონია იცი,


გსურთ ნამდვილი მეგობარი? — დაუმეგობრდით ასაკით უფროსს…

ნამდვილი მეგობრის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა. უმეგობრდებით ადამიანს, უყვებით მას ყველაფერს, ატარებთ დიდ დროს ერთად და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*