ექსტრემალი ბიზნესლედი | Jolo.ge


ექსტრემალი ბიზნესლედი

ექსტრემალი ბიზნესლედი

ცხოვრება, უამრავი თავგადასავალითა და  ბევრისთვის დაუძლეველი შიშის გადალახვით, რისკით, ადრენალინითა და  მაქსიმალური ექსტრემით,  პარარელურად კი დიდი ბიზნესი და შეუპოვრობით გაკვალული რთული გზა.

ამ ყოველივეს შესახებ საინტერესო ისტორიებს თავად ჩვენი რესპონდენტისგან მოისმენთ. სტუმარი სათამაშოებისა და სუვენირების მაღაზიათა ქსელ „დადუს“ დამფუძნებელი ხათუნა შუბითიძე-ლოლაშვილი გახლავთ.

 

   q_17IMG_3035

ბიზნესის კეთების სურვილმა 12 წლის ასაკში შეიპყრო და როგორც ამბობს მისი ასაკისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაც მოაპოვებინა. 16 წლისას უკვე საკუთარი საქმე ჰქონდა, დიდ ბიზნესში 19 წლის ჩაერთო და მას შემდეგ 25 წელი ამ საქმეშია.  პირველი წარმატება ბრენდმა „ვაუმ“ მოუტანა, დღეს კი მის მიერ შექმნილი კომპანია სათამაშოებით  ბითუმად მთელ საქართველოს ამარაგებს. ამ ხნის განმავლობაში მათთან თანამშრომლობის შედეგად ბევრი საბავშვო მაღაზიათა ქსელი დაარსდა და განვითარდა. ერთი წელია  ბიზნესს — საცალო გაყიდვები, სათამაშოების ახალი ბრენდი „დადუ“  შეემატა, რომელიც 12 წლის შვილის თხოვნით დააარსა.

 

IMG_3296  hyclt (1)

— სანამ ბიზნესზე, გადალახულ სირთულეებზე, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ მინდა თქვენს გატაცებაზე მიამბოთ, როდის დაინტერესდით ექსტრემით და რამ გამოიწვია ეს ინტერესი?

-ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ ასე 6 წლის, როდესაც პირველი სკოლის წინ საქანელები დაიდგა, სკამები ჯაჭვებზე იყო დაბმული. დავაფიქსირე, რომ თუ უკან მჯდომი ადამიანი ჩემს სკამს დაიჭერდა და ატრაქციონის ამუშავების მომენტში ძლიერი ფეხისკვრით ჰაერში გამიშვებდა მე ვიჭერდი მომდევნოს, შევკარი სამკაცა გუნდი და ამ წრეს ვაგებდით მანამ, სანამ  ატრაქციონზე გართობის მომენტი არ სრულდებოდა. „დაჭერობანა ჰაერში“ რაღაც საოცრება იყო, პირველად ექსტრემს სწორედ მაშინ ვეზიარე…

-ანუ ბავშვობისას განცდილმა ამ შეგრძნებამ შემდეგ ექსტრემალად გაქციათ?

-თავს არ მივიჩნევ ექსტრემალად, მაგრამ ძალიან მიყვარს, დალაშქრული მაქვს 20 კმ-იანი მდინარე ნავით, ასევე მიფრენია პარაპლანით, რომელიც ძალიან სასიამოვნოა და სულ სხვა შეგრძნებები გეუფლება, ეს იყო ჩემთვის სიმაღლის შიშის დაძლევა და უსაზღვრო ადრენალინი. ძალიან მიყვარს თხილამურებზე დგომაც, ასევე ველოსიპედით რბოლა და მთებიდან დაშვება, სამომავლოდ ვაპირებ  პარაშუტით დაშვებასაც.

-როგორც მითხარით პარაპლანი სიმაღლის შიშის დაძლევაში დაგეხმარათ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შიში გაქრა?

-ჩემს მიერ  გადადგმული ნებისმიერი  ნაბიჯი რაც ექსტრემად ინათლება  წინააღმდეგობის დაძლევის მომენტია, რახან მინდა ე.ი უნდა გავაკეთო. სიმაღლის შიში ძალიან დიდი დოზით მქონდა და საკუთარი თავი გამოვიწვიე. როცა დავფრინდი  სულ სხვა ადამიანი ვიყავი, სულ სხვანაირად გავიარე…

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ახლო მეგობარს ვუთხარი — ხალხი საკვებს აგემოვნებს, მე კი გადავედი იმ ფაზაში რომ ვაგემოვნებ შეგრძნებებს და ეს ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და შთამბეჭდავია — მეთქი.

 

126  127

-ეს გამოწვევა საკუთარ თავთან და შიშის დაძლევის მომენტები თქვენს ბიზნესშიც ხშირად ხდება?

-რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ გამოიწვიო საკუთარი თავი, აუცილებელია, რომ გქონდეს კითხვებზე პასუხი და არა მარტო ზეპირსიტყვიერად, მოქმედებით, ეს  მოქმედება ყოველთვის საწინდარია მომდევნო ახალი ნაბიჯების. ეს არა მარტო  ბიზნესში, ასეა მეგობრებთან, ოჯახშიც და ეს ალბათ ჩემი ხასიათის ხელწერა უფროა.

-ექსტრემი რამდენად გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?

— მეხმარება, მე ყოველთვის მაქვს ერთი შეხედულება, ვიცი რომ ვდგავარ A პუნქტზე და უნდა მივიდე B პუნქტამდე, ექსტრემი ზუსტად ის არის, რომელიც გაუთვლელია სანამ B-მდე მივალ. არ არის  გაწერილი, არ არის ჩარჩოში ჩასმული და არ არის შეზღუდული, ეს არის სურვილი, სადაც აუცილებელია ემოცია, შეგრძნებები, მოქმედება, ნაბიჯები რომლის დროსაც იბადება კრეატივი და ადრენალინი  და ამას ვანხორციელებ როგორც საქმიან ცხოვრებაში ასევე ჩემს მოქმედებაში.

-როგორც ვიცი იმყოფებოდით უკრაინაში, კარპატებში ტრენინგზე „ЖИЗНЬ В МОМЕНТЕ“, ფოტოებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ექსტრემი არც იქ დაგკლებიათ.

-ეს იყო პიროვნული ზრდის ტრენინგი, რომელსაც ატარებდა ნიკალაი ლატანსკი. დეტალებს ვერ გეტყვით, ხელშეკრულების პირობებს ვერ დავარღვევ, შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რამ, ამ ტრენინგზე, ყველაზე დიდი ექსტრემი განიცადა ტვინმა, ეს იყო საოცრება…

123 125

-მოდით ახლა თქვენს საქმიან ცხოვრებაზე გადავერთოთ და გავიხსენოთ თქვენი პირველი ბიზნესი და პირველი მოგებით მიღებული განცდა…

— ჩემი ბიზნესი 5 ბლოკი სიგარეტით დაიწყო. მაშინ 12 წლის ვიყავი, ძალიან ნებიერა და ფერადი ბავშვობა მქონდა, გავიზარდე მედიცინის მუშაკებისა და იურისტების ოჯახში, თავს, რომ სულ დამფოფინებდნენ, მე კი მუდმივად მქონდა თვითდამკვიდრების სურვილი, ჟინი, სულ ვცდილობდი გამერღვია ის სივრცე, სადაც სხვისი დაწესებული საზღვრები იყო. ვცეკვავდი ქორეოგაფიულ ანსამბლ „მერანში“, პირველი მოგებაც პირველ გასტროლს მოჰყვა.

როდესაც  მურმანსკიდან უკან ვბრუნდებოდით, აეროპორტში, კიბეებზე არბენისას, მოულოდნელად იმ სიგარეტს მოვკარი თვალი, რომლის გამოც მამას ლოტკინის გორაზე უხდებოდა ბოშებთან მისვლა, მაშინ მალბორო მაღაზიებში არ იყიდებოდა. ვიკითხე ფასი და ხუთჯერ ნაკლები მითხრეს.  5 ბლოკი შევიძინე და თბილისში ჩამოფრენისთანავე ტაქსით, ჩუმად ლოტკინის გორაზე ავედი.

იქ ვიღაც ქალმა ოთხმაგი გადამიხადა, ეტყობა მეხუთე მისი წილი იყო.(იცინის) აღელვებული და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ფული ვიშოვე, მარტომ და დამოუკიდებლად. მოვრბოდი და ვფიქრობდი — ღმერთო ჩემო ეს რა მაგარი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ამის შემდეგ სულ ასე ვიცხოვრებ-მეთქი.

-შემდეგ როგორ განახორციელეთ ეს ჩანაფიქრი?

-შემდეგ ჩავაბარე და აღმოვჩნდი იმ  ფაკულტეტზე, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. პარალელურად არ მასვენებდა ფიქრი ბიზნესზე და ძალიან მინდოდა ჩემი საქმე წამომეწყო. მაშინ ძალიან მოდური იყო საკომისიო მაღაზიები,  ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს, ძალიან ლამაზი დეკორები გამოდიოდა და მყიდველიც უხვად ჰყავდა.

xxამ საქმით გამოვიმუშავე იმდენი, რომ  ჯიხური შევიძინე შემდეგ მარცხი განვიცადე, ერთ დღესაც მივედი და ჯიხური მოპარული დამხვდა. ძალიან ბევრი ვიტირე, მაშინ 18 წლის ვიყავი. თუმცა, ამ ჯიხურის მოპარვამ დამატებითი სტიმული  მომცა.

19 წლის ასაკში კი მე და ჩემი მეუღლე გაერთიანებულ საამიროებში მოვხვდით და დავიწყე ის ბიზნესი, რომელსაც 25 წელია, ვუძღვები. ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი უძილო ღამე, დიდი რისკიც და ტოტალური შრომაც.

 -ამ რისკსსა და ტოტალურ შრომასთან ერთად იყო თუ არა იმედგაცრუებაც? 

—  რა თქმა უნა, იყო … ერთი ისტორია გამახსენდა,  ბათუმელმა მებითუმეებმა  დიდი ოდენობით საქონელი შემიკვეთეს და აღარ წაიღეს. მწარე რეალობის წინაშე დავდექი ან უნდა დამემთავრებინა ბიზნესი ან გამოსავალი მეპოვნა. მაშინ 20 წლის ვიყავი, არ მყავდა არცერთი თანამშრომელი, ამ საქონლის რეალიზაცია თბილისში წარმოუდგენელი იყო. ამიტომ შევარჩიე დმანისი, თან თავს ვიმშვიდებდი იქ ვერავინ მიცნობს-თქო. ჩემს თავს ვეუბნებოდი ხათუნა შენ უნდა გადარჩე, შენ სხვა უფლება არ გაქვს. ვყიდდი ძალიან მონდომებით, მთელი ენერგია ჩავდე რაც კი შემეძლო… შედეგად მთელი პარტიის სრული რეალიზაცია მოვახდინე დმანისში და რომ მოვდიოდი ვიყავი ძალიან ბედნიერი, რომ მე ჩემს მეს გადავაბიჯე, ჩემს თავს მოვერიე და ჩემი საქმე გადავარჩინე. რომ არ ამოვარდი იმ ნაკადიდან რა ნაკადშიც ყოფნა მინდოდა.  იმისთვის რომ დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და გავხდეთ წარმატებულები შეუპოვრობა აუცილებელი პირობაა, — შეუპოვრობა და საკუთარი თავის რწმენა. რომ არა დმანისი შეიძლება დღემდე ვერ მოვსულიყავი.

-შეუპოვრობასა და საკუთარი თავის რწმენის გარდა წარმატებისთვის კიდევ რა არის საჭირო?

წარმატების მოსაპოვებლად პირველ რიგში ფიქრია საჭირო, თუმცა მარტო ფიქრით არაფერი კეთდება, ფიქრს თუ ახლავს მოქმედება დაუყოვნებლივ მოდის შედეგიც. ამას სჭირდება შინაგანი ძალა და მუხლჩაუხრელი შრომა…

მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქორეოგრაფს, ბატონ რეზო ჭანიშვილს, 9 წელი ვცეკვავდი და დღეში ექვსაათიანი რეპეტიცია გვქონდა, ძალიან ხშირად თუ სწორ ხაზზე არ დავდგებოდით ჯოხით გვისწორდებოდა მუხლებში გამართვის მოთხოვნით. სპარტანულად გვზრდიდა და რამდენჯერაც მიფიქრია — რომ დავიღალე, მომენტალურად გამხსენებია ბატონი რეზო, ცეკვის გაკვეთილები და ის ჩემი განვლილი ბავშვობა, გამართულს რომ უნდა მევლო და მუხლებში არ უნდა მოვხრილიყავი.

-სამომავლოდ გეგმებზე რას მეტყვით?

-7-10 აპრილს კვიპროსში, კიპრის პირველი ლედის პატრონაჟით იმართება საერთაშორისო ფორუმი ქალი მეწარმეეებისთვის, იქ მივემგზავრები. ამ ფორუმის მიზანი მსოფლიო მაშტაბით ბიზნესის მფლობელი ქალების დაკავშირებაა. მე ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრი და მიწვეული ვარ ამ ეგიდით და შესაბამისად გამოცდილებასა და სიახლეს რასაც მივიღებ  აუცილებლად გავუზიარებ ბიზნეს ქალბატონებს. ორგანიზაცია „ქალები მომავლისათვის“, ძალიან დიდ და სასიკეთო საქმეს ემსახურება და მე მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება ჩემი წვლილი შევიტანო ამ ორგანიზაციის განვითარებისა და წინსვლის პროცესში.

q_9

-მინდა შევეხო თქვენს ძირითად საქმიანობას სათამაშოების ქსელს და იმპორტირებული სათამაშოების ხარისხს, რამდენად კონტროლდება ეს ჩვენს ქვეყანაში?

-ძალიან დიდი სურვილი მაქვს შეიქმნას საკანომდებლო ბაზა საქართველოში, სადაც იმპორტირებული სათამაშოების ხარისხის შესახებ დავაყენებ საკითხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქედან გამომდინარე რომ დღეს ფრაზა ჩვენთან ყველაზე მაღალი ხარისხის სათამაშო აბსოლუტუად მოკლებულია სამართლებლივ საფუძველს და ეს თემა თუ გინდ  კანონი რეკლამის შესახებ, თუ გინდ კანონი კონკურენციის შესახებ  აუცილებლად უნდა ემყარებოდეს იმას, რომ სათამაშოების ხარისხის შესახებ მისაღებია კანონი და ვთვლი რომ 2016 წელს აქტიურად დავუთმობ ამ საკითხს. მიმაჩნია მართებულად და სწორად რომ საქართველოში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სათამაშოების ხარისხი.

-რაც შეეხება თქვენს ჰობს, უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ რაიმე საინტერესოს?

— არის ექსტრემის ასეთი სახეობა ზიბ-ტრეკი ეს არის ტროსებზე სრიალი გორგოლაჭებით, რამდენიმე დღეში მივემგზავრები ტაილანდში … მოვხვდები ასევე კუნძულ ფხუკეტზე, სადაც მექნება იმის საშუალება  შევიგრძნო ტრიპეკის სიამოვნება და ექსტრემი და ასევე ვიცხოვო რამოდენიმე დღე მაიმუნ გიბონთან , მოკლეკუდიან მაკაკებთან და გიგანტურ ციყვებთან , ასე რომ ძალიან საინტერესო ტური მელის ამ კუთხით.

IMG_3217

-საინტერესოა, ქალი, რომელსაც საქმიანობის კუთხით ასეთი აქტიური ცხოვრება აქვს, ჰყავს ოჯახი და აქვს საკმაოდ რთული გატაცება, როგორ ახერხებს ამ ყოველივეს შეთავსებას?— ვცხოვრობ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ვიკვებების სწორად,  ვცურავ, სისტემატიურად ვვარჯიშობ, ყოველივე ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვცდილობ სწორად გადავანაწილო დრო, არ დავკარგო იუმორი და ცხოვრებას ვუყურო პოზიტიური თვალით.

ავტორი: დეა თავბერიძე

ნანახია:(259)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ  ვიცხოვროთ  სტრესის გარეშე და ვიპოვოთ საკუთარი თავი — გათავისუფლდით ბლოკებისგან

დღევანდელ სამყაროში გადაღლილობა და უენერგიობა, დატვირთული გრაფიკი და დროის მენეჯმენტის პრობლემა ბევრისთვის, ყოველდღიურობად იქცა, ეს ყველაფერი ადამიანზე უარყოფითად აისახება და


ბავშვობის ახდენილი ოცნება და წარმატების პრინციპები „ჭიტას“ ახალგაზრდა მენტორისგან

8 წელზე მეტია რაც ამ კომპანიაშია, „ჭიტა“ სახლივით არის ჩემთვისო, ამბობს. 17 წლისამ კონსულტანტად დაიწყო მუშაობა და 10 თვის შემდეგ


შვილის სიყვარულით დამარცხებული სიკვდილი — წარმატებული ქალბატონის ისტორია

„ისევ დავინახე მზის შუქი, ისევ ცოცხალი ვარ, ისევ შემიძლია ავდგე, ვისაუბრო, ჩემი შვილი ვნახო … ამიტომაც ჩემი ყოველი დღე მადლიერებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*