„ეკლიანი გზა მეცნიერებაში“ – ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის ხსოვნას | Jolo.ge


„ეკლიანი გზა მეცნიერებაში“ – ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის ხსოვნას

„ეკლიანი გზა მეცნიერებაში“ – ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის ხსოვნას

                                             „სიცოცხლე ხანმოკლეა, დიდება კი,

                                              შეიძლება — სამარადისო აღმოჩნდეს“.

                                                                               ციცერონი

 

ჩემს წმინდათაწმინდა მოვალეობად მივიჩნევ, პატივი მივაგო დიდი მეცნიერის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანის, აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის ნათელ ხსოვნას, რომელიც, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის, გამოჩენილი პიროვნება გახლავთ.

 

1992 წელს ბატონ გიორგისგან მივიღე ორ ნაწილად გამოცემული ბიოგრაფიულ-მემუარული ხასიათის ნარკვევი „ეკლიანი გზა მეცნიერებაში“. მას აქეთ ჩემი დიდი სურვილი იყო ქართველი მკითხველისთვის გამეცნო ამ დიდი მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი პიროვნული და ადამიანური თვისებების შესახებ, რომელმაც დიდი გარჯის და შრომის შედეგად მიაღწია მეცნიერების უმაღლეს მწვერვალებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისათვის — გამოცდილების მიღების და ადამიანურ და პიროვნულ ღირებულებებთან გაცნობის თვალსაზრისით…

თავის მეცხრე ათეულ წელზე, თვალს ავლებს რა განვლილ ცხოვრებას, ბატონი გიორგი აღნიშნავს: „გავიარე ხანგრძლივი და დიდი ცხოვრება, ბევრ სიხარულთან ერთად იყო გულგატეხილობაც, წარმატებები და წარუმატებლობაც, გატაცებები, სიხარული და მწუხარებაც, მაგრამ თუ მე მეცნიერებაში შევძელი თუნდაც პატარა ბილიკის გაკვლევა — კმაყოფილი ვიქნები და ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს, რომ მე ჩემი მოვალეობა შევასრულე“…

თვალს ვავლებთ რა ბატონ გიორგის მიერ განვლილ ცხოვრებას, საბოლოო ჯამში წარმატებებით და გამარჯვებებით აღსავსე გამოდგა მთელი მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა:

— აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე — რუსეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, რენტგენოლოგიის და რადიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სკოლის დამაარსებელი;

— კიროვის სახელობის სამხედრო-საზღვაო, სამედიცინო აკადემიის რენტგენოლოგიის და რადიოლოგიის სამსახურის უფროსი, ბალტიისპირეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის აკადემიის უფროსი;

— ქ. ობნინსკში მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი. ინსტიტუტი წარმოდგენილია 37 ჰა-ზე, 25 უმსხვილესი ნაგებობით და ორი ათასი თანამშრომლით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრებით, აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით… ეს უკვე წარმოადგენს ხელქმნილ ძეგლს;

— ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რენტგენოლოგების და რადიოლოგების სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე და მთავარი სპეციალისტი;

— მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „სამედიცინო რადიოლოგიის“ დამაარსებელი და რედაქტორი; „დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის“ — რედაქტორი;

— „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ და „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ ექსპერტი;

— 2013 წელს  რადიოლოგიის ინსტიტუტის დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით, გამოიცა აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის სახელობის მედალი, რომელიც გადაეცემა დარგის წარმატებულ მეცნიერებს;

— აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის კალამს ეკუთვნის 450 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 24 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მისი  ხელმძღვანელობით შესრულებულია 132 დისერტაცია, მათ შორის 34 სადოქტორო. ბევრი მისი მოწაფე დღეს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტია, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში მაღალი თანამდებობები უკავიათ. რენტგენოლოგიის და სამედიცინო რადიოლოგიის დარგში მომზადებული ჰყავს ათასობით ექიმი, რომლებიც მოღვაწეობენ ჩვენი უკიდეგანო ქვეყნის სხვადასხვა რესპუბლიკის ქალაქებში;

— აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის დიდი ღვაწლი ქვეყნის მედიცინის განვითარებაში აღინიშნა მთავრობის ოთხი უმაღლესი ჯილდოთი: ორი — „შრომის წითელი დროშის“, „წითელი ვარსკვლავის“ და „ოქტომბრის რევოლუციის“ ორდენებით.

თავის ბიოგრაფიულ ნარკვევში ბატონი გიორგი მიმართავს ახალგაზრდებს: „ჩემს მოგონებებში ჩემი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობისათვის შემეხსენებინა ისეთი ფასეულობების შესახებ, როგორიცაა მოვალეობის და პასუხისმგებლობის გრძნობა — ოჯახის, საზოგადოების და სამშობლოს წინაშე“…

…„რომ ცხოვრების გზაზე ჩვენ ვხვდებით კარგ, კეთილშობილ, კეთილგანწყობილ ადამიანებთან ერთად, ბოროტ, შურიან, არაკეთილმოსურნე ადამიანებსაც, ასეთ შემთხვევაში შურისძიება არ არის მიზანშეწონილი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბრძოლა. ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა — საკუთარი პროფესიის კარგი ცოდნა, პირადი ერუდიცია და ა. შ.

…„რომ დასახული მიზნის მისაღწევად უნდა გამოიმუშავოთ — მიზანსწრაფვის, შრომისმოყვარეობის, შეუპოვრობის, სიმამაცის, ამავე დროს  მოთმინების და თავშეკავების უნარ-ჩვევები“…

ჩვენს დღევანდელ ყოფაში, როდესაც ისეთი ფასეულობები, როგორიცაა სულიერება, ზნეობა, ღირსება — სრულ დევალვაციას განიცდის, განსაკუთრებით გვესაჭიროება აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის მსგავსი პიროვნებების წარმოჩენა. მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ ასეთი მამულიშვილების მაგალითზე.

მომავალი თაობისთვის სამაგალითო და მისაბაძი უნდა გახდეს მათი ცხოვრება და მოღვაწეობა — როგორი გულმოდგინებით, ერთგულებით და პატრიოტული შემართებით უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას, შენს ხალხს. ამას ქვეყნისათვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია…

გთავაზობთ აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს, იმ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენებით, რომლებიც მის ხანგრძლივ და რთულ ცხოვრების გზაზე უხვადაა წარმოდგენილი.

აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე დაიბადა თბილისში, ძველ ტრადიციულ ქართულ ოჯახში 1902 წლის 22 თებერვალს. მამა არტემი მუშაობდა სახელმწიფო ბანკში, დედა, ოლღა იყო მასწავლებელი. ოჯახში ოთხი და-ძმა იზრდებოდა, გიორგი უფროსი შვილი იყო.

ბატონი გორგი დედის ყველაზე დიდ დამსახურებად თვლიდა შვილების აღზრდის უნარს, რომლებიც შრომისმოყვარე გარემოში იზრდებოდნენ. ამისათვის საშინაო განრიგიც არსებობდა, რომლის შესრულება სავალდებულო იყო, რადგან დედა ყოველივეს ამოწმებდა. ბავშვებისათვის არ იყო უცხო არც საკულინარიო, არც შავი სამუშაოები. გიორგი მადლიერებით აღნიშნავს, რომ დედისგან მიღებული ჩვევები მას გაჰყვა ღრმა მოხუცებულობამდე.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონ გიორგის აღზრდის თავისებურებამ თავის ნაყოფი გამოიღო და მას განუვითარა ისეთი თვისებები, როგორიცაა: დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის და მოვალეობის გრძნობა, შეუპოვრობა და სხვა. რომლებმაც შემდგომ დიდი გავლენა იქონიეს მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში და წარმატებულ მოღვაწეობაში… „მე მწამს, რომ შრომა არის პიროვნების ზნეობრივად ჩამოყალიბების საშუალება, ხოლო შრომისმოყვარეობა, როგორც ხასიათის თვისება, ბავშვობიდანვე უნდა გამოუმუშავდეს ადამიანს“ — აღნიშნავს ბატონი გიორგი.

აქ მიზანშეწონილად მიგვაჩნია შევადაროთ ბავშვთა აღზრდის „ძველი“, „დრომოჭმული“ მეთოდი თანამედროვე „თავისუფალ“, „პროგრესულ“ აღზრდის მეთოდთან. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ძველი“ აღზრდის მეთოდი არც თუ ისე „ურიგოა“, ისევე, როგორც „თავისუფალი“ აღზრდის მეთოდი არ არის „საუკეთესო“… რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა აღზრდის საკითხი მოითხოვს გადახედვას. მშობლებმა, პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა დიდი გულისყურით უნდა გადახედონ ბავშვთა აღზრდის საკითხებს და შეიტანონ სათანადო კორექტივები…

გიორგი ზედგენიძემ საშუალო განათლება მიიღო მიხეილ რომანოვის სახელობის ვაჟთა გიმნაზიაში. 1910 წელს ღვთისმეტყველების და რუსული ენის წარჩინებით ჩაბარების შემდეგ იგი ჩაირიცხა გიმნაზიაში და როგორც ხუთოსანი განთავისუფლებული იყო სწავლის საკმაოდ მაღალი, ყოველწლიური გადასახადისგან. ასეთი პრივილეგია 40-დან 2-3 მოსწავლეს ეძლეოდა. გიმნაზიაში ასწავლიდნენ ლათინურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, რომელიც მას მოზრდილობაში ძალიან გამოადგა… 1920 წელს მან წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და იგი ჯგუფზე გაცემული ერთადერთი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

იმავე 1920 წელს, როგორც მედალოსანი უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი სწავლის დონით და თავის გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლებით. მათ შორის მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცნიერებით, როგორიცაა ი. ბერიტაშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ნათიშვილი, პ. მელიქიშვილი, გ. გოგიტიძე და სხვა.

სტუდენტობის წლებში გიორგი ზედგენიძეს მაღალნიჭიერებასთან ერთად მაღალი შრომისუნარიანობა გამოარჩევდა თანაკურსელებისაგან. მისი არჩევანი იყო რენტგენოლოგიის საგანი, რომელიც მას საოცრად აინტერესებდა და იზიდავდა. რენტგენოლოგიის კათედრის თანამშრომლებს იგი პერსპექტიულ სტუდენტად მიაჩნდათ. აღნიშვნის ღირსია, რომ მისმა მასწავლებელმა, კათედრის გამგემ გიორგი ნაზარიშვილმა და კათედრის დოცენტმა დავით მიქელაძემ, მოგვიანებით, სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ გიორგი ზედგენიძე. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია…

სტუდენტობის წლებში, საღამოს საათებში გიორგი ზედგენიძე მუშაობას იწყებს სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში პროფესორ ა. ურუშაძესთან. პოლიკლინიკაში მისულ ყველა პაციენტს პარადონტოზის ადრეული გამოვლენის და დროული მკურნალობის მიზნით უტარებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. აქვე შეისწავლის პირის ღრუს ანატომიას და ჰისტოლოგიას, რამაც საშუალება მისცა ალვეოლარული პიორეასთვის ეწოდებინა პარადონტოზი-დენტიტი, ხოლო ჩირქოვან-ანთებითი პროცესის არარსებობის შემთხვევაში  — პარადონტოზი. ლენინგრადში დამწყებ ექიმად ყოფნისას ბატონი გიორგი გერმანიის ავტორიტეტულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად აგზავნის სამეცნიერო შრომას: „ალვეოლარული პიორეის ადრეული დიაგნოსტიკა რენტგენის სხივების გამოყენებით“. აღსანიშნავია, რომ ამას აკეთებს რიგითი რენტგენოლოგი, რომელიც სთავაზობს ახალ ტერმინოლოგიას. ამ თამამ განაცხადთან დაკავშირებით, იგი ღელავს, მოსვენებას კარგავს… მაგრამ მოულოდნელად ღებულობს შეტყობინებას, რომ მისი სტატია დაიბეჭდება უახლოეს ნომერში. გიორგის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გერმანიიდან მიიღო აღნიშნული ჟურნალი, სტატიის ამონაბეჭდებთან  ერთად, რომლებსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა.

1927 წელს გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. მიიღო რამოდენიმე კათედრიდან მიწვევა კათედრაზე დარჩენის შესახებ, მაგრამ მას არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა…

1929 წლის 14 აპრილი დასამახსოვრებელი დღე იყო მის ცხოვრებაში, როდესაც იგი გაემგზავრა ქ. ლენინგრადში. ქალაქში, რომელმაც ფართოდ გაუღო მას კარი დიდ მეცნიერებაში. გიორგი საცხოვრებლად მოეწყო კომუნალურ ბინაში, სადაც, მისი ჩათვლით, ცხრა მობინადრე ცხოვრობდა. მეორე დღეს იგი გამოცხადდა რენტგენოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, იმ დროისთვის ცნობილ მეცნიერთან პროფესორ ნ. ნემიონოვთან, რომელმაც გიორგის შესთავაზა ახლადგახსნილ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში სამთვიანი კურსის გავლა რენტგენოლოგიაში და თუ იგი დაინტერესდება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით შეუძლია, მიმართოს პროფესორ გ. შორს, რომელიც იყო ნ. ნემიონოვის მოადგილე სამეცნიერო დარგში. გიორგი მაშინვე შეუდგა საქმეს.

ინსტიტუტში მუშაობდნენ უმაღლესი რანგის მეცნიერები, რომელთა შორის გიორგი გამოყოფს პროფესორ ს. რეინბერგს, ენციკლოპედიური ცოდნის ერუდირებულ სპეციალისტს, მრავალმხრივ განათლებულს, უცხო ენების მცოდნეს, რომელსაც ერთდროულად დოცენტის კურსი მიჰყავდა სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიაში.

დახელოვნების კურსის გავლის შემდეგ ბატონი გიორგი დაინტერესდა რენტგენოლოგიური სურათის ჰისტოლოგიური საფუძვლების შესწავლით და ამ მიზნით იგი გადადის ექსპერიმენტულ განყოფილებაში, სადაც მუშაობდნენ ისეთი მსხვილი მეცნიერები, როგორიცაა — ს. ლარიონოვი, დ. შაბადი და სხვა, რომელთა გამოკვლევები დღემდე აქტუალურია.

1929 წლის სექტემბერში პროფესორ გ. შორის რჩევით გიორგი გამოცდებს აბარებს ასპირანტურაში, რომელიც დიდი კონკურსით მიმდინარეობდა — 11 პრეტენდენტიდან მხოლოდ 3 ჩაირიცხა, რომელთა შორის იყო გიორგი ზედგენიძეც… შედგენილ იქნა ასპირანტურაში სწავლების ორწლიანი პროგრამა, რომელშიც შედიოდა ინგლისური ენის და ევროპული ცეკვების შესწავლა, ხოლო ბოლო წელს რენტგენოლოგიაში პედაგოგიური პრაქტიკის გავლას. აქ იგი იხსენებს აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილს, რომელთანაც ერთად გადიოდა ასპირანტურის პროგრამას და დასძენს, რომ ცეკვაში არც ერთ ჩვენთაგანს ნიჭი არ გაგვაჩნდაო.

გიორგიმ ასპირანტურის პროგრამა ვადაზე ადრე გაიარა და წელიწადნახევარში, 1932 წლის ივლისში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

მანამდე, 1931 წელს პროფესორ ს. რეინბერგის რეკომენტაციით გიორგი დაინიშნა სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელი იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი აკადემიკოსი იუსტინე ჯანელიძე, რენტგენოლოგიური კაბინეტის გამგედ, რომელიც 1939 წელს ჩამოყალიბდა, როგორც უმსხვილესი რენტგენოლოგიური სამსახური, რომლის უფროსი გახლდათ უკვე პროფესორი გ. ზედგენიძე.

როგორც ბატონი გიორგი აღნიშნავს, ეს იყო მისი ცხოვრების ნათელი პერიოდი, როდესაც მას ხარისხიც ჰქონდა, თანამდებობაც, ერთდროულად რენტგენოლოგიის ინსტიტუტშიც მუშაობდა, ბინაც მიიღო, დაქორწინდა კიდევაც და ყველაფერი კარგად იყო აწყობილი — გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვით გ. ზედგენიძე სამუშაოდ საქართველოშია განაწილებული. როგორც გაირკვა, ამ გადაწყვეტილების ინიციატორი აღმოჩნდა პროფესორი ნ. ნემიონოვი. ბატონი გიორგი ცდილობს გაარკვიოს პროფესორთან ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რაზედაც მიიღო პასუხი: „თქვენ ქართველი ხართ და უნდა იმუშაოთ საქართველოში, ამაზე დავა ზედმეტიაო“, რაზედაც ბატონი გიორგი შეეპასუხა: „ნაციონალობის მიხედვით რომ მოხდეს ხალხის განაწილება, მაშინ თქვენ პალესტინაში უნდა გაემგზავროთ“. მოგვიანებით გიორგი აღნიშნავს, რასაკვირველია, ეს არ უნდა გამეკეთებინაო… აღნიშნული საკითხი გიორგის სასარგებლოდ გადაწყდა და მან საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი ამ შესანიშნავ ქალაქში და განაგრძო თავისი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა.

აკადემიკოს იუსტინე ჯანელიძის კლინიკაში ბატონი გიორგი მთელი თავისი შესაძლებლობით შეუდგა მუშაობას. თავის მხრივ, ბატონი იუსტინე არ აკლებდა თავის ყურადღებას ბატონ გიორგის.

1934 წელს ბატონმა გიორგიმ დაამთავრა თავისი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხება ქვანახშირის ფისის ზემოქმედებას ძვლოვან ქსოვილზე. ექსპერიმენტული კვლევით, იგი მიდის დასკვნამდე, რომ ფისის ზემოქმედების ადგილზე ძვლოვან ქსოვილში ვითარდება კარცეროგენური პროცესი, ხოლო ძვლოვან სისტემაში — გენერალიზებული ოსტეოდისტროფიის პროცესი, ე.წ. „პეჯეტის დაავადება“.

1935 წლის 21 ნოემბერს გ. ზედგენიძემ ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც საატესტაციო კომისიამ ორ თვეში დაამტკიცა. მოგვყავს ერთ-ერთი ოპონენტის შეფასება: „მე თქვენ გიცნობთ, როგორც ნიჭიერ, მიზანდასახულ და ფრიად წარმატებულ მეცნიერს, ექიმს და პედაგოგს და ა. შ.“ ეს სიტყვები ეკუთვნის პროფესორ ნემიონოვს, გიორგისადმი არაკეთილგანწყობილ პროფესორს, რაც ორმაგად დასაფასებელია…

ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი მეცნიერის მიღწევები ნათელი ხდება ლენინგრადის ფართო საექიმო და სამეცნიერო საზოგადოებისათვის. თავის ძირითად სამუშაოსთან ერთად ბატონ გიორგის იწვევენ სვერდლოვის სახელობის საავადმყოფოში რენტეგონოლოგიური განყოფილების გამგედ, აგრეთვე საავადმყოფოსთან არსებულ პოლიკლინიკაში — კრემლის სამედიცინო სამსახურის ფილიალში, რომელიც ემსახურებოდა ლენინგრადის მთავრობას, რაც ნიშნავდა პირადად გიორგისადმი, მისი საექიმო კვალიფიკაციისადმი დიდ ნდობას.

თავის ავტობიოგრაფიულ ნარკვევში ბატონი გიორგი დიდ ადგილს უთმობს აკადემიკოს იუსტინე ჯანელიძის პიროვნებას და არ შეიძლება ამას გვერდი აუაროთ, რადგან ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ეს კარგი და მისაბაძი მაგალითი იქნებოდა… „ი. ჯანელიძე პირად ურთიერთობაში იყო მკაცრი და უკომპრომისო. ვერ იტანდა პაციენტების მიმართ უყურადღებობას და გულგრილობას, ვერ იტანდა ტყუილს, მაამებლობას, ვერ იტანდა უღირს საქციელს…“ ამასთან დაკავშირებით ბატონი გიორგი იხსენებს, როგორ გაანთავისუფლა ჯანელიძემ სამსახურიდან ერთ-ერთი თავის მოწაფეთაგანი, რომელმაც საგაზეთო სტატიაში უარყო საკუთარი მამა, იმისათვის, რომ იგი იყო მღვდელი: „თქვენ დღეს არ დაინდეთ და უარყავით საკუთარი მამა, ვინც თქვენ გაგზარდათ და მოგიარათ. ხვალ თქვენ შეიძლება, უარმყოთ მეც, თქვენი მასწავლებელი, შემდეგ საკუთარი სამშობლოც… მე და თქვენ ერთად ვეღარ ვიმუშავებთ…“ ამავე დროს იუსტინე ჯანელიძე იყო საკმაოდ თვითკრიტიკული და სამართლიანი. მას მსჯელობისას თავისუფლად შეეძლო საკუთარი შეცდომის აღიარება…

ლექციის მსვლელობისას ბატონ იუსტინეს უყვარდა მოულოდნელი შემეცნებითი და მახვილგონივრული ჩართვები. ერთ მშვენიერ დღეს მან შეწყვიტა ლექციის კითხვა და ბატონ გიორგის შესთავაზა გაეგრძელებინა მის მიერ დაწყებული ლექცია. ადვილი წარმოსადგენია, როგორი მოულოდნელი იყო ეს გიორგისთვის, ისიც ჯანელიძის ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ. მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, განაგრძო ლექცია და, როგორც კოლეგებმა უთხრეს, ძალიან კარგადაც, და რაც მთავარია, ზუსტად ჩაეტია სალექციო დროში.

1941 წლის დასაწყისი — ეს ის პერიოდია, როდესაც ფაშიზმი იკრებს ძალებს. არის ომის საშიშროება, სამამულო ომი გარდუვალია. ლენინგრადის მესამე  სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის აკადემია, რომელსაც საექიმო კადრების მომზადება ევალება — მსოფლიოში პირველი, ბალტიისპირეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის. აკადემიის უფროსის, აგრეთვე პედაგოგების ადგილზე გამოცხადდა საკავშირო კონკურსი. კონკურსში გაიმარჯვა გიორგი ზედგენიძის კანდიდატურამ და 1941 წლის მარტში იგი დაინიშნა ბალტიისპირეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უფროსად.

ამ დროს ბატონი გიორგი თბილისიდან ღებულობს ელვა დეპეშას დედის გარდაცვალების შესახებ… ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული დარტყმა და გამოუსწორებელი დანაკლისი….

დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით, სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემია ევაკუირებულ იქნა ქ. კიროვში, ხოლო სასწავლო პროცესი რომ არ შეჩერებულიყო, ერთდროულად ლენინგრადშიც განაგრძობდა თავის მოღვაწეობას. ხშირად ლექციები საჰაერო განგაშის პირობებში ტარდებოდა, რომლის შემდეგ ერთმანეთს ულოცავდნენ ბედნიერ დასასრულს. ბატონი გიორგი იხსენებს შემთხვევას, როდესაც აკადემიის 400 მსმენელისათვის უნდა ჩაეტარებინა ლექცია, რომელიც ბოლო წუთებში გადაიდო მეორე დღისთვის. მეორე დღეს, ლექციის ჩასატარებლად მისულს, შენობის ნამსხვრევებიღა დახვდა — გერმანელებს იგი წინდღით დაუბომბიათ… კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც ქუჩაში მიმავალს დარტყმითი ტალღის ზემოქმედებით გონება დაუკარგავს, რამოდენიმე ხანში მოუკრიფავს ძალები, სამედიცინო ჩარევის გარეშე ადგომაც მოახერხა და დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას… ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება არ გწამდეს ბედისწერისო — აღნიშნავს ბატონი გიორგი.

ლენინგრადის ბლოკადის გაუსაძლის დღეებთან დაკავშირებით გ. ზედგენიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა იღუპებოდა შიმშილის, სიცივის და ბომბებისაგან. ბინები დაცარიელებული იყო, რადგან ყველაფერი, რაც ხისგან იყო დამზადებული, პირველ რიგში ავეჯი, ანტიკვარულის ჩათვლით, გამოყენებული იყო სათბობ მასალად. აუტანელი შიმშილი მოსახლეობას აიძულებდა არ დაენდოთ საკუთარი ძაღლები, რომლებსაც გამოსაკვებად იყენებდნენ და ა. შ.

ბლოკადის ამ მძიმე დღეებში გაკვირვებას იწვევდა მოსახლეობის  გაუგონარი გამძლეობა, სულიერი სიმტკიცე და მასობრივი გმირობის ფაქტები, აღნიშნავს ბატონი გიორგი. საილუსტრაციოდ მოყავს შემთხვევა, როდესაც მაცხოვრებლებმა ორმოცი დღის განმავლობაში, 24-საათიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლეს ლადოგის ტბის ფსკერზე მაღალი ძაბვის კაბელების გაყვანა და ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. აღსანიშნავი იყო, აგრეთვე, მედპერსონალის 24-საათიანი თავგანწირული შრომა, რომლებმაც ათასობით დაჭრილი მეომრის გადარჩენა შეძლეს. იყო შემთხვევა, როდესაც მთავარი ქირურგი პ. პეტროვი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთდროულად კუჭის კალკულოზური წყლულით და ფილტვის მწვავე ანთებით იყო დაავადებული — გმირულად იდგა საოპერაციო მაგიდასთან და ბოლო წუთამდე პირნათლად ასრულებდა თავის მაღალ პროფესიულ მოვალეობას…

ომის წლებში, 1942 წელს გ. ზედგენიძე ი. ჯანელიძესთან ერთად მივლინებული იყვნენ საზღვაო ევაკოჰოსპიტლების მუშაობის შესამოწმებლად, მარშრუტით: ტუაფსე-სოჭი-ფოთი-ბათუმი-თბილისი (მარტო სოჭში იყო 3 ჰოსპიტალი, ზოგი მათგანი იყო 2 ათას საწოლიანი).

ყველა ქალაქში, სადაც მათ მოუხდათ ყოფნა, ყურადღებას იპყრობდა მოსახლეობის დიდი ერთსულოვნება, თავდადებული პატრიოტიზმი და გმირობა. მოსახლეობა, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, საკუთარი ინიციატივით, დაჭრილ მეომრებს ამარაგებდა ბაღებში და ტყეში დაკრეფილი ხილით და კენკრეულით, აგრეთვე, მცენარეული ნაყენებით, ჭრილობების მოსაშუშებლად და დაჭრილების მოსამარაგებლად. დიდი ენთუზიაზმით სრულდებოდა ლოზუნგი: „ყველაფერი ფრონტისათვის“, „ყველაფერი  გამარჯვებისათვის“ — ყოველივე ეს მოწმობდა, რომ გამარჯვება შორს არ იყო…

ზემოაღნიშნული მივლინების სამაგალითო შესრულებისათვის, უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებით, 1944 წელს გიორგი ზედგენიძე დაჯილდოვდა „წითელი ვარსკვლავის“ ორდენით.

1944 წლის 27 იანვარს ჩვენი ჯარების მიერ ლენინგრადის ბლოკადა გარღვეულ იქნა, რომელიც 900 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ნიშნავდა სამამულო ომის დამთავრებას, ომში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და ფაშიზმის დამხობას…

გიორგი ზედგენიძე თავის ნარკვევში დიდ ადგილს უთმობს სტალინის პიროვნებას სამამულო ომის წარმართვაში და ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებაში. სტალინის შორსმჭვრეტელური მხედართმთავრული ნიჭის, მისი ბრძნული ომის წარმართვის სტრატეგიისა და ტაქტიკის გარეშე ამ ომში ჩვენი ქვეყნის გამარჯვება წარმოუდგენელი იყო — აღნიშნავს ბატონი გიორგი. საილუსტრაციოდ მოყავს ისტორიული ბრძოლა მოსკოვის მისადგომებთან, რომელიც 1945 წლის 30 აპრილს ბერლინის შტურმით დამთავრდა.

1945 წლის 9 მაისს მონობიდან დახსნილი ევროპის სახელით საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დეპეშა გამოუგზავნა სტალინს: „თუ დღეს ევროპა თავისუფალია, ეს სტალინის და სტალინგრადის დამსახურებაა“, ხოლო უინსტონ ჩერჩილმა აღნიშნა: „მხოლოდ სტალინს შეეძლო ეხსნა ევროპა და მსოფლიო ცივილიზაცია ფაშიზმისაგან“…

1956 წლის მიწურულს აკადემიკოსი  გიორგი ზედგენიძე მთავრობისგან და მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისგან ღებულობს საპატიო დავალებას: ქვეყანაში უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების — მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის დაარსების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინსტიტუტისათვის ადგილის შერჩევა, მშენებლობის ორგანიზება, კადრების შერჩევა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და ა. შ., რომელიც არაფრით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს დასავლეთის ქვეყნების და შეერთებული შტატების შესატყვის ინსტიტუტებს.

გიორგი ზედგენიძე, მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა ამ საპატიო დავალების შესრულებას. მის წინაშე უდიდესი ამოცანა იდგა, მას უნდა გაემართლებინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ნდობა.

ინსტიტუტის მშენებლობის ადგილად შერჩეული იყო კალუგის ოლქის ქალაქი ობნინსკი (მოსკოვიდან 80 კმ-ით დაშორებული), ადგილის შერჩევის ერთ-ერთი არგუმენტი გახლდათ აღნიშნულ ოლქში ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირება. სულ მოკლე დროში, 1957-1959 წწ-ში ბატონი გიორგის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დასრულდა მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის მშენებლობა, რომელიც თავისი მასშტაბით, სამეცნიერო კადრებით, ულტრათანამედროვე აღჭურვილობით უპრეცედენტო იყო საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი ზედგენიძემ წარმატებით გაართვა თავი აგრეთვე, სამეცნიერო კადრების შერჩევას. გამოცხადებული საკავშირო და საერთაშორისო კონკურსით ინსტიტუტში თავი მოიყარეს მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერებმა, როგორიცაა მაგალითად, ნ.ვ. ტიმოფეევ-რესევსკი, რომელიც იყო ზოგადი რადიოლოგიის და რადიაციული გენეტიკის ხელმძღვანელი. მისმა განყოფილებამ ინსტიტუტში მოღვაწეობის პირველივე წლებში მოიპოვა დიდი აღიარება. 1965 წელს მისი სამეცნიერო მიღწევები უჯრედოვანი მუტაციების სფეროში აღინიშნა კიმბეროვსკის სახელობის მედალით და პრემიით (აშშ). მასვე ცნობილმა რუსმა მწერალმა დ. გრანინმა მიუძღვნა მხატვრული ნაწარმოები „დომნა“, რომელშიც გადმოცემულია მეცნიერის ხასიათის ნიშნები და პროფესიონალური მოღვაწეობის თავისებურებები…

გიორგი ზედგენიძის ორგანიზატორული ნიჭის და სამეცნიერო გამოცდილების წყალობით, სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტმა, როგორც მოთავე სამეცნიერო დაწესებულებამ, ფართოდ გაშალა თავისი ორგანიზაციულ-შემოქმედებითი მუშაობა. ინსტიტუტმა ითავა საკავშირო რესპუბლიკების სამეცნიერო კადრების მომზადება-დახელოვნების საქმე. რადიოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით გეგმაზომიერად ტარდებოდა რენტგენოლოგების და რადიოლოგების ყრილობა. ასე მაგალითად, 1970 წელს თბილისში ჩატარდა რენტგენოლოგთა საკავშირო მეცხრე ყრილობა, 1974 წელს ქ. ერევანში ჩატარდა რენტგენოლოგების საკავშირო მეათე ყრილობა, 1978 წელს ტაშკენტში, შესაბამისად, მეთერთმეტე ყრილობა და ასე შემდეგ.

გარდა აღნიშნულისა, საკავშირო რესპუბლიკების დაკვეთით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ინსტიტუტი ატარებდა სესიებს, სიმპოზიუმებს, პლენუმებს, სემინარებს და სხვა.

სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის დახმარებით ხდებოდა საკავშირო რესპუბლიკების რადიოლოგიური ტექნიკით უზრუნველყოფა.

ბატონი გიორგი სამეცნიერო მუშაობას დიდი გულმოდგინებით და სულიერი კმაყოფილებით უთავსებდა საზოგადოებრივ საქმიანობას — ჩვენს ქვეყანაში, აგრეთვე, მის ფარგლებს გარეთ იგი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და დიდი პატივისცემით. მისი თავმჯდომარეობის და ქმედითი ჩარევის გარეშე არ ჩატარებულა არცერთი დარგობრივი საერთაშორისო კონგრესი. მრავალ ევროპულ ქვეყანაში და შეერთებულ შტატებში მინიჭებული ჰქონდა საპატიო აკადემიკოსის წოდება.

აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე გახლდათ ხელოვნების დიდი მოყვარული. არქიტექტურის თვალსაზრისით ლენინგრადს ანიჭებდა უპირატეობას: „არსად არ მინახავს მსგავსი ქალაქი, უფრო ლამაზი არქიტექტურით და რაციონალური დაგეგმარებით, ვიდრე ლენინგრადი, იგი დიდებული და ამავე დროს მყუდრო ქალაქია“… აღნიშნავს იგი.

რაც შეეხება მუსიკის სფეროს, იგი თაყვანისმცემელია ძველებური რომანსების და მათი საუკეთესო შემსრულებლების: თამარ წერეთლის, წეთევან ჯაფარიძის, ნანი ბრეგვაძის.

აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე  15 წლის განმავლობაში იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1958-1973წწ). ინსტიტუტში მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა აღინიშნა მთავრობის სამი უმაღლესი ხარისხის ჯილდოთი.

ბატონი გიორგის მოღვაწეობის პერიოდში ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული იყო 2 000-ზე  მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მოხსენების თეზისები, მათ შორის 30 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. დაცული იქნა 200 დისერტაცია, მათ შორის 18 სადოქტორო.

1973 წლის მაისიდან აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე საკავშირო ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ნ. ნ. ბლოხინის მიწვევით დაინიშნა აღნიშნული ცენტრის რენტგენოლოგიის და სამედიცინო რადიოლოგიის სექტორის საპატიო კონსულტანტად. ამ პერიოდისთვის იგი რჩება საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარედ და ჟურნალ „სამედიცინო რადიოლოგიის“ მთავარ რედაქტორად.

ბატონმა გიორგიმ იცოცხლა ღრმა ხანდაზმულობამდე. გარდაიცვალა ქ. მოსკოვში 1994 წლის 24 აგვისტოს 92 წლის ასაკში… დაკრძალულია „ნოვოდევიჩიეს“ სასაფლაოზე…

ხსოვნა და არდავიწყება მის ნათელ სულს.

გავიდა წლები, აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის სახელი კიდევ უფრო გაბრწყინდა და დამკვიდრდა. მისი შრომა ნაყოფიერი გამოდგა. მის მიერ დაარსებული მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტი ფართო სტაციონარულ-დისპანსერული და ექსპერიმენტული ქსელით ეწევა ნაყოფიერ მუშაობას, იმ სამეცნიერო მემკვიდრეობის გამოყენებით, რაც ბატონმა გიორგიმ დატოვა, აგრეთვე სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის შემდგომი გაშლა-განვითარებით დღემდე წარმატებით ასრულებს თავის მაღალ დანიშნულებას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  მისი სახელოვანი მოწაფეები ღირსეულად განაგრძობენ მის მიერ დაწყებულ საქმეს.

2013 წელს სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა დაარსებიდან 50 წლის საიუბილეო თარიღი. ამ თარიღს მიეძღვნა: რადიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული, რადიოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის და მისი პირველი დირექტორის, აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის უკვდავსაყოფად ინსტიტუტმა დააარსა მისი სახელობითი მედალი, რომელიც გადაეცემა დარგის წარმატებულ მეცნიერებს.

ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის სახელი სრულიად დამსახურებულად უკვდავყოფილია და  ბატონი გიორგის მიმართ გამართლებას პოულობს ციცერონის დიდებული გამონათქვამი: „სიცოცხლე ხანმოკლეა, დიდება კი შეიძლება სამარადისო აღმოჩნდს“…

***

ჩემი სამეცნიერო ნათლობა შედგა ქალაქ ლენინგრადში სამეცნიერო კონფერენციაზე 1956 წელს, რომელიც წარმატებული გამოდგა. აქვე გავიცანი რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე. გაცნობა საზეიმო ვითარებაში შედგა, რადგან იმ დღეებში მონოგრაფიისთვის „ძვლოვანი სისტემის სხვადასხვა დავადებების რენტგენოდიაგნოსტიკა“. მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში იგი არჩეული იქნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიის კოლეგები და თანამშრომლები გულმხურვალედ ულოცავდნენ ამ გამარჯვებას. აქვე დავძენთ, რომ ბატონი გიორგი მედიცინის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრი 1960 წელს გახდა.

დასამახსოვრებელი იყო აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის გაცნობით მიღებული შთაბეჭდილება: იგი იყო მაღალი, წარმოსადეგი, შთამბეჭდავი გარეგნობის, შინაგანი ღირსებით აღსავსე, შავი ფერის სამხედრო საზღვაო უნიფორმა თავისი ოქროსფერი აქსეუარებით, კიდევ უფრო აძლიერებდა მისგან მიღებულ შთაბეჭდილებას. მსგავსი შეხვედრა ჩვენს მეხსიერებაში რჩება სიცოცხლის ბოლომდე. საბედნიეროდ ბატონ გიორგისთან პირველი შეხვედრა არ იყო ბოლო შეხვედრა. მოგვიანებით, სამოციანი წლების ბოლოს, მე გავხდი მისი დოქტორანტი და მან, როგორც ხელმძღვანელმა, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს სამეცნიერო კარიერაში. 1973 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ სამ თვეში დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ დისერტაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი შესრულდა ქ.  ობნინსკში, რადიოლოგიის ინსტიტუტის კიბერნეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის მერაბ მირიანაშვილის თანაავტორობით.

„ადამიანებთან ურთიერთობა არის დიდი განძი“ ბრძანებს ეპკური.  ბატონი გიორგი გახლდათ ადამიანებთან ურთიერთობის დიდი ოსტატი. მას ღრმად სწამდა, რომ „მხოლოდ სიკეთეს და კეთილ საქმეს აქვს ცხოვრებაში ღირებულბა“ და ეს იყო მისი ცხოვრებისეული კრედო.

როგორც ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი იყო შეუდარებელი: გულთბილი, გულითადი, მზრუნველი და სულგრძელი.

მიუხედავად დიდი დაკავებულობისა, იგი ყოველთვის მზადყოფნას გამოხატავდა ჩვენთან შესახვედრად. საჭიროების შემთხვევაში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ჩვენ შეგვეძლო მასთან შეხვედრა — ობნინსკში, მოსკოვში, როგორც ბინაზე, ასევე ინსტიტუტში ან აკადემიაში და ასე განსაჯეთ, საზაფხულო აგარაკზეც („სნეგირებში“), სადაც იგი ოჯახთან ერთად ისვენებდა.

ბატონი გიორგის ხელმძღვანელობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სადისერტაციო მასალის განხილვით  და საკონსულტაციო საკითხების გარჩევით.  მას, როგორც ფართო მასშტაბის პიროვნებას, ერთი კარგი თვისება გააჩნდა — ჩვენ, ახალგაზრდებს ყოველმხრივ ხელს გვიწყობდა, მაქსიმალურად გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები. ამისათვის მის მიერ ორგანიზებულ ყრილობებზე, სიმპოზიუმებზე, პლენუმებზე, სემინარებზე ჩვენ, დისერტანტებს წარგვადგენდა სხდომის თავმჯდომარედ, ორგკომიტეტში, სამეცნიერო შრომების სარედაქციო კოლეგიაში და ა.შ.

ხანდახან ბატონი გიორგის ეს სულგრძელი დანიშვნები ჩვენს ძალებს აღემატებოდა და გვიხდებოდა ჩვენი სარეზერვო ძალების მობილიზება, მაგრამ ეს ჩვენთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის და გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იყო და დიდი მადლობა მას ამისათვის.

კიდევ ერთი ფაქტი ბატონი გიორგის მხრიდან ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 1973 წლის ბოლოს მასთან ერთად მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში სამუშაოდ პროფესორი რიჩარდ გაბუნიაც გადავიდა და ობნინსკის ინსტიტუტში რადიოიზოტოპური განყოფილების ხელმძღვანელის ადგილი ვაკანტური აღმოჩნდა. ბატონმა გიორგიმ შემომთავაზა აღნიშნულ ადგილზე ობნინსკში სამუშაოდ გადასვლა — „მეორე ასეთი შემთხვევა არ გექნებათო“…

მადლობა მას ამ დიდი ნდობისათვის… სამწუხაროდ, ეს შემოთავაზება განუხორციელებელი დარჩა მამის მძიმე ავადმყოფობასთან დაკავშირებით.

გაიარა მრავალმა წელმა. ბატონი გიორგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც ის იშვიათი ადამიანი, რომელშიც თავმოყრილია მრავალი დადებითი თვისება: ადამიანის სიყვარულის და ადამიანებთან ურთიერთობის დიდი ნიჭი, სიკეთე, პატიოსნება, წესიერება, თავმდაბლობა, მაღალი პროფესიონალიზმმი…

ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი გახსენება…

ქედს ვიხრი მისი ადამიანობის და პიროვნების წინაშე…

 

                                                        თინათინ ბარამიძე                                                                       

                                      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

 

P.S.აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე გაზეთ „თბილისის“ (1970 წ. 8 ივნისი), კორესპონდენტ გიორგი დოლიძისა და გაზეთ „სამშობლოს“ (1970 წ. 13 ნოემბერი), კორესპონდენტ რევაზ მაჭავარიანისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი მოწაფეები არიან:

პროფ. გიორგი ნაზარიშვილი — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

პროფ. დავით მიქელაძე — საქართველოს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრის დოცენტი;

პროფ. ილია ზედგენიძე — საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;

პროფ. ამირან ჩაჩავა — თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენოლოგიკის კათედრის გამგე;

პროფ. თინათინ ბარამიძე — საქართველოს ჯანდაცვის სამჯნისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი;

პროფ. რუსუდან ცომაია — ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი;

პროფ. ბეჟან კაპანაძე — ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რენტგენოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.

 

 

ნანახია:(55)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

»სიზმარში» გათამაშებული ქართული რეალობა

  ქეთი  ცხაკაია, ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ვალერი კორშია, ნინო წულაძე სპექტაკლში „სიზმარი“. ის, რაც ყველასთვის ხილულია, მაგრამ საქართველოში საგულდაგულოდ


გიორგი ოვაშვილის ფილმი ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსების გარეშე დატოვა

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი 2000 წელს ამერიკიდან მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, ყველაფრის კეთება თავიდან დაიწო. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი  ფილმი „მზერის


სპექტაკლი ,,სიურპრიზი» შშმ პირთა მონაწილეობით

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ასოციაცია,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*