«დაუმორჩილებელი» – მაია სარიშვილი

by admin | Ноябрь 3, 2019 11:27

ეს ადრე დავწერე, მაგრამ ახლა გავიგე, რომ მეორე დაუმორჩილებელიც აღარ ყოფილა ცოცხალი და ამბავს თავიდან ვიხსენებ.

იმისი ყველას ეშინოდა, ბიჭის, რომელიც სკოლიდან გარიცხეს და არასდროს პალტო არ სცმია.

17 წლისა იქნებოდა. ეზოში რომ ჩამოდიოდა, ყველანი სახლში ავდიოდით — ზოგნი მშობლების ბრძანებით და ზოგნი — ნებით. ერთხელაც არ ავედი. ქარი იყო საშინელი, გლეჯდა ყველაფერს, ციოდა, მაგრამ ის, როგორც ყოველთვის, ერთი პერანგის ამარა იდგა ცარიელ ეზოში და თავიდან ვერც კი მხედავდა ხის უკან რომ ვიდექი.

მერე შემნიშნა, ხელი დამიქნია და მივედი.

რომელ კლასში ხარო. მესამეში-მეთქი. სახელიც მკითხა, კიდევ რაღაცები. დამფრთხალი ვპასუხობდი. რატომ არ ახვედი სახლშიო? არ ვიცოდი, რატომ არ ავედი. ჯიბიდან ჭუჭყიანი ცხვირსახოცი ამოიღო, ლოყაზე წამისვა — რაღაც გცხიაო და მე აღარ მეშინოდა მისი.

მითხარი, რას ამბობენ ჩემზეო. ვუთხარი: უმამოდ ხარ გაჩენილი, დედაშენიც და ბებიაშენიც ლოთები არიან და ყოველი დალევის შემდეგ ერთმანეთს სცემენ, კიდევ, სკოლიდან გაგრიცხეს, ბიჭებს უსამართლოდ ექცევი, რაღაცებს იპარავ კიდეც და ქართველი არა ხარ-მეთქი…

ეღიმებოდა, ამას რომ ვუყვებოდი და ამიტომ არ შემშინებია. კიდევო? აღარაფერი მახსენდებოდა. ხო, პალტო არა გაქვს-მეთქი… მოდი, კარუსელზე დაგატრიალებო. კარუსელს ყველა სკამი დატეხილი ჰქონდა ერთის გარდა. ხელში ამიყვანა და იმაზე დამსვა, მერე ამ სკამს ჩაეჭიდა ორივე ხელით და გამაქანა. გიჟივით დარბოდა წრეზე ამ ქარში. საოცრება იყო. ბედნიერების ასეთი უცნაური განცდა ცხოვრებაში არ მქონია. ბიჭი, რომლისაც ყველას გვეშინოდა, კარუსელზე მატრიალებდა… უცებ, მამამ დამიძახა მრისხანე ხმით და მივხვდი, დავისჯებოდი, რადგან დამინახეს… «არაა საშიში ბიჭი» — კარის ზღურბლზევე დავიწყე მისი და საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ ვერანაირი არგუმენტი ვერ მომყავდა, რატომ არ იყო საშიში…

მერე ბინა გაყიდეს და აღარაფერი ვიცოდი მისი. წლების წინ კი, სკოლაში რომ ვმუშაობდი, ვხედავ, დერეფანში მაღალი კაცი მოდის ბავშვთან ერთად. ვიცანი, მივედი, რაღაცები მოვუყევი, მაგრამ ვერაფრით გამიხსენა. ტელევიზიაში ვმუშაობო, ოჯახიც მყავსო, პალტოც მაცვიაო და წავიდა… თან, ცალი ხელით არკადი გვასალიას ვამაგრებდი ძლივს, ჩემს პირველკლასელ მოსწავლეს. საოცრად ცელქი ბავშვი იყო.

20 წლისა ვიყავი მაშინ, ვითომ მასწავლებელი. მოკლედ, ბავშვობისდროინდელი ერთი ხულიგანი, რომელიც კაცად ქცეულიყო, თვალს მიეფარა და მეორე ხულიგანს მკლავზე ვიყავი სიმწრით წაფრენილი, ვერ ვაჩერებდი, გავცოფდი და არ შემოხვიდე გაკვეთილზე-მეთქი, ვუყვირე. დავაყენე გათბობის მილთან და ისეთი სახით შევხედე, მეგონა, დაფრთხა.

დავიწყე გაკვეთილი. გარედან კი მისი სიმღერა მესმის, არკადის. კარი რომ გავხსენი და დამინახა, უფრო თავგანწირვით ამღერდა. უმწეობისაგან ტირილი ამივარდა და მთელი 45 წუთი, არკადი მღეროდა, მე ვტიროდი და ბავშვები თვალებგაფართოებულნი უსმენდნენ ამ დუეტს. მხოლოდ ერთი წელი ვასწავლიდი ამ ბავშვებს და მერე სკოლიდან წამოვედი, მაგრამ დღემდე ყველა მათგანი მახსოვს, ყველას თვალის ფერი, ყველას ხმა და მათ სასაცილო ნაწერებსაც დღემდე ვინახავ და ვუფრთხილდები. ახლა ისინი უკვე დიდები არიან, ინსტიტუტებიც დაამთავრეს და მუშაობენ კიდეც. 2-3 წლის წინ კი ბექა ქევხიშვილის ტელეფონის ნომერს გადავაწყდი შემთხვევით, დავურეკე, მოვიკითხე ყველა და მითხრა, ერთი ჩვენი კლასელი დაიღუპა, დანარჩენები კარგად ვართო.

ვინ-მეთქი და არკადი გვასალია, მეექვსე კლასში რომ ვიყავით, ქუჩაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახაო. მერე აღარაფერი მესმოდა, რას მეუბნებოდა… არკადის სიმღერა ჩამიდგა ყურებში და გამახსენდა, როგორ ველაპარაკებოდი ერთ ჩემს ბავშვობისდროინდელ დაუმორჩილებელ კაცს სკოლის დერეფანში და როგორ ძლივს ვაკავებდი მეორე დაუმორჩილებელს, რომელიც არ ვიცოდი და თურმე ვერასდროს გააღწევდა ბავშვობიდან… ვერაფრით ვპატიობ თავს, რომ იმის მაგივრად, დავმდგარიყავი იმ წყეულ გაყინულ გათბობის მილთან მასთან ერთად და მემღერა, თოვას ვუყურებდი, ფანჯარასთან ვიდექი და ვტიროდი.

მაია სარიშვილი

[1]

ნანახია:(198)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/11/მაია.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/daumorchilebeli-maia-sarishvili/