„დარბაზს გადავხედე და გული ამიჩქარდა“ — „დედე“-ს პრემიერა ათენში | Jolo.ge


„დარბაზს გადავხედე და გული ამიჩქარდა“ — „დედე“-ს პრემიერა ათენში

„დარბაზს გადავხედე და გული ამიჩქარდა“ —  „დედე“-ს პრემიერა ათენში

ჯერ კიდევ ემოციებში ვარ…
ყოველთვის ასეა, როცა ემოციების ნეტარებაში ვარ, ბოლომდე ვივსები და მერე გამაქვს საზოგადოებაში, ვუზიარებ სამყაროს, ადამიანებს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს.
გასულ კვირას, ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ კინო-თეატრში ახალი ქართული ფილმის «დედე“-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა ჩატარდა. სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ უკვე საკმაოდ სახელმოხეჭილი მარიამ ხაჭვანი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა ამ დღისთვის სპეციალურად მოიწვიეს.

პრემიერას წინ უძღოდა საქართველოს კულტურის მცირე პრეზენტაცია, რომელიც გახსნა მასპინძელმა, კინოთეატრის დირექტორმა, ბატონმა ველისარიოს კოსივაკისმა, შემდეგ — დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ელჩი.
ამას მოსდევდა მარიამ ხაჭვანის საოცრად გულწრფელი და მოკრძალებული გამოსვლა, რითაც ბერძნების დიდი სიმპათია დაისმსახურა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სვანეთის კულტურაზე და ტრადიციებზე საუბარი, საერთო ბერძნულ-ქართულ კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების მცირე მიმოხილვა, რომელიც წარმოგვიდგინა ცნობილმა ელინისტმა, ბატონმა ავთანდილ მოქაბერიძემ.

ხოლო ფილმის გაშვების წინ, „კავკასიის“ ახალგაზრდულმა ვოკალურმა ანსამბლმა შესანიშნავად შეასრულა „სვანური ნანა“, რომლის შემდეგ დაიწყო ფილმის სეანსი. ამ დროს, ჯერ კიდევ კარებში ვიდექი და ადამიანებს საკუთარ ადგილებს ვუთითებდი. დარბაზს გადავხედე და გული ამიჩქარდა. ეს სიხარული იყო, დარბაზში ერთი ადგილიც კი არ იყო თავისუფალი, ადამიანები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ბოლოს სკამები ვითხოვეთ და დარბაზში დამატებით განვალაგეთ. ფეხზე მდგომებს ადგილებიც მოვუძებდნეთ. ქართულ-ბერძნული საზოგადოება და მათ შორის საბერძნეთის ელიტის არაერთი ცნობადი სახე, რამდენიმე ცნობილი რეჟისორი, მხატვარი, ჟუნრნალისტი, რამდენიმე ბერძენი და უცხოელი დიპლომატი. ბუნებრივია, ასევე ფილმის პრემიერას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დიპლომატიური კორპუსი, სრული შემადგენლობით, და კიდევ არაერთი საინტერესო სტუმარი.

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმს 20-მდე საერთაშორისო პრემია აქვს უკვე აღებული სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბუნებრივია, მარიამ ხაჭვანი ყოველ ჯერზე ჩადიოდა. მაგრამ როგორც მან აღნიშნა, ამდენი სიყვარული ემოციები და სითბო, როგორიც საბერძნეთში მიიღო, არსად ყოფილა. მას თან მიჰყვება ჩვენი ემიგრანტების კეთილი, ღიმილიანი სახეები.

დამავიწყდა მეთქვა, მარიამს მისი ახალგაზრდა ასისტენტი ახლდა თან — ანი უშხვანი, გოგონა რომელიც მოძრავი სიყვარულია, მომღერალი ბულბული. არაერთი საღამო გაგვილამაზა მისი ტკბილი ხმით, უგემრიელესი კუბდარიც კი დაგვიმზადა. და ბოლოს დავამატებ, ამ დიდი ღონისძიებისა და წარმატებული დღეების ორგანიზატორი და მასპინძელი იყო ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი «კავკასია», მისი თანამშრომლები და ნიჭიერი აღსაზრდელები.
ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ არაჩვეულებრივ დღეს ეზიარა. ვინც არ მოვიდა, მან ნამდვილად ბევრი დაკარგა; თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, ფილმის ჩვენება კინო-თეატრ „ალკიონისში“ 21 დეკემბრიდან გაგრძელდება; უბრალოდ, არ გექნებათ შესაძლებლობა, მარიამ ხაჭვანი ახლოდან გაიცნოთ, მოეფეროთ და ჩაეხუტოთ მას.

ფილმი სვანურ-ქართულ ენაზეა, სათანადო ბერძნული ტიტრებით. სვანურიდან თარგმნაში ბოლომდე დაიხარჯა და დაგვეხმარა ქალბატონი ლელა საღლიანი, ცნობილო პოეტის ერეკლე საღლიანის და.
ჟურნალისტებთან და ზეპირ თარჯიმნობაში სრულიად უანგაროდ იმუშავეს ქალაბატონებმა ვერიკო ქაროსანიძემ და ვერიკო მგელაძემ. დიდი მადლობა თითეულ მათგანს, გაწეული დახმარებისათვის!

ახლა, კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ საღამოზე და ვაცნობიერებ, რომ ეს პრემიერა და მის წინ გამართული ფილმის პრეზენტაცია, უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი კულტურული მოვლენა იყო ალბათ საბერძნეთის ქართულ დიასპორაში.
არ მახსენდება მსგავსი სხვა შემთხვევა, რომ ასე მასშტაბურად მოგვცემოდა შესაძლებლობა, წარმოგვეჩინა ბერძნებისა და უცხოელების წინაშე ჩვენი უნიკალური თვითმყობადობა, განუმეორებელი ბუნება, ადამიანები და რაც მთავარია, ქართული ნიჭიერება, ჩვენი განთქმული კინოხელოვნების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის გაცნობის სახით, რომლის შემოქმედებამ უკვე რამდენიმე სერიოზული საერთშორისო აღიარება მოიპოვა.

ნესი რობაქიძე, ათენიდან

 

ნანახია:(313)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მანჰეტენზე გაყიდული ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი — Madatart-ის კიდევ ერთი გამოფენა

ქართველი მხატვრების ამერიკული წარმატება გრძელდება. Madatart-მა მანჰეტენზე Jadite Galleries ში ათი ქართველი მხატვარი გამოფინა. ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია მედეთარტი ამერიკაში ქართული ხელოვნების


„ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია“…

დედაჩემთან იოლი ურთიერთობა არასდროს მქონია. მისი აღზრდის წესი მკაცრ დათქმებს გულისხმობდა, ჩემი მისწრაფებები – ამ დათქმების დარღვევას. ჯიუტი ვიყავი და


«ფანARTი» ახალგაზრდა მხატვრებსა და მოქანდაკეებს მასპინძლობს

ფესტივალ „ფანARTის“ მეორე დღე დამწყებ მხატვრებთან და მოქანდაკეებთან ერთად გაგრძელდა. ნამუშევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში იყო გამოფენილი. ფერწერული ტილოებით დამთვალიერებლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*