„და განა მარტო მე… ყველა ქალი ასეა სოფელში“… | Jolo.ge


„და განა მარტო მე… ყველა ქალი ასეა სოფელში“…

„და განა მარტო მე… ყველა ქალი ასეა სოფელში“…

შრომაა სოფელი და ჩემი ყოველი დღეც. ხანდახან დაღლილსა და გადაქანცულს ბალიშზე თავის მიდებისთანავე წამიღებს ძილი. ეს მაშინ, თუ ხვალინდელი საფიქრალი არ დააკრთობს მას… არადა საფიქრალ-საზრუნავი იმდენია ვინ მოსთვლის… ხშირად დამთენებია კიდეც ამ ფიქრებით და მერე საკუთარ თავზე გავბრაზებულვარ…

არადა რთულია გაექცე …

სოფელში მცხოვრები ქალების ყოფაც რთულია… დღე, უთენია იწყება და ღამით, ძალიან გვიან მთავრდება… ხშირად მამაკაცის საქმის საკუთარ თავზე აღებაც გვიწევს… თითქოს ჩვენი საკმარისზე მეტი არ იყოს … რამდენჯერ მომიგდია დაჩენგელებული სიმინდი მხრებზე და გადმომიზიდია ყანიდან ეზოში… რამდენჯერ დამიპია შეშა, რამდენჯერ მითოხნია დილიდან საღამომდე ან მიბარია საათობით …. ვინ მოსთვლის …

და განა მარტო მე… ყველა ქალი ასეა სოფელში…

ეს დაუწერელი და დაკანონებული წესია თითქოს…

ჰოდა, ახლა მეფიქრება…

მეფიქრება  ევროპის სოფლებში მცხოვრებ ქალებზეც, იმათაც ასე უწევთ ნეტავ მუხლჩაუხრელი შრომა?..

ალბათ არა…

იქნებ, ჩვენ თავად ვიტვირთეთ ეს სირთულე, ვერ დავაფასეთ ჩვენი თავი სათანადოდ, ვერ გავუფრთხილდით იმ ქალს რომელიც ჩვენში ცხოვრობს და … დავჩაგრეთ უნებურად…

ჩემს სოფელში მცხოვრებ რამდენ ქალს გაეცინება ახლა ჩემს ფიქრებზე …

— ნეტაი, შენო — იტყვის…

მე კი შეპყრობილი ვარ ამით…

ჰოდა, ამ ქალების დაკოჟრილ ხელებს, როდესაც ვუყურებ ეს ფიქრები მიასმაგდება…

იქნებ შევცვალო თქო რაღაც — გავივლებ გულში…

ამ ზაფხულს, უცხოელები მყავდნენ სტუმრად… ხარბად ისუნთქავდნენ ჰაერს და სამოთხეში ცხოვრობო — იმეორებდნენ ხშირად….

დილით, ხასხასა ბალახზე ფეხშიშვლები და თითქმის ტიტლიკანები დარბოდნენ და პატარა ბავშვებივით კისკისებდნენ — ლამის გადამირიეს მეზობლის კაცები.

მერე სათითაოდ მეკითხებოდნენ, როდის გესტუმრებიანო კიდევ შენი „ქალაქელები“…

თეკლა გამიბრაზდა — ქმარი დამიშტერესო..

ჰოდა, დასცინეთ ახლა ჩემს ფიქრებს-თქო გავივლე გულში…

ჩემი სოფლის ანკარა წყაროს ისე ხარბად ეწაფებოდნენ, თითქოს წყალი ცხოვრებაში არ უსვიათო.

ხილს ისე გემრიელად აგემოვნებდნენ რომ დამეხარბა , ნუთუ მართლა ჩემი ეზოს ხილია-თქო, — გავივლე გულში და სადღაც შემრცხვა კიდეც…

ჩემივე მიწაზე ბევრი რამ აღმომაჩენინეს …

ბევრ რამეზე ამიხილეს თვალები…

მდინარეზე სულ ძალით წამიყვანეს… დრო არა მაქვს მეთქი, ვიმიზეზებდი, — არ გაჭრა , პირიქით ენერგიით უფრო აივსებიო, რა საგანძური გაქვს და როგორ ვ ე რ  ი ყ ე ნ ე ბ ო…

მდინარეზე ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ…

როგორ მომნატრებოდა თურმე და როგორ არ მახსოვდა ეს მონატრება…

გავშალე ხელები, როგორც ბალღობისას და იმ თავისუფლებამ დამიარა ერთიანად, შორეულ წარსულში მდინარესთან და ბავშვობასთან ერთად, რომ დავტოვე…

გამეღიმა , სამოთხეა-თქო ჩემი სოფელი,- გავიფიქრე…

ჰოდა, მას შემდეგ მაწვალებს ფიქრი და დაღლილ დღეებს უძილო ღამეებიც ემატება…

როცა ძალიან ვიღლები მდინარესთან გავრბივარ და თავისუფლებას ვისრუტავ ისევ…

ძალა მემატება

და ვიცი რომ — აუცილებლად უნდა შევცვალო რაღაც !

 

დეა თავბერიძე

სოფ. სამიქაო

მადლობა ეკა გაბუნიას და ნათია მიქაძეს

ნანახია:(298)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გიორგი ლეონიძის უცნაური ჯვრისწერა — ტიციანის მეუღლის მოგონებიდან

„მე ყველა მიყვარს, მე ყველას ვკოცნი“- ეს მისი ცხოვრების დევიზი იყო… ადამიანზე ზრუნვა სიხარულს ანიჭებდა… ყველა სულიერი უყვარდა, ეცოდებოდა, ამიტომ


„მაგიჟებს ქართველების ტოტალური სიდებილე“ — ლევან რამიშვილი

„რამხელა სიბრიყვესა და უსამართლობაში ვცხოვრობთ“ — წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლევან რამიშვილი. ლევან რამიშვილი: „მაგიჟებს ქართველების ტოტალური სიდებილე… კულტურის სამინისტროს


14 წლის გოგონას დღიურიდან:

«ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პირველად უნდა წავსულიყავი სკოლაში. საშინლად ვნერვიულობდი. ალბათ უკვე ყველამ იცოდა, რომ მთლიანად გავმელოტდი. წარმოვიდგენდი როგორ დამცინებდნენ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*