წინასწარმეტყველება… ანუ — მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ… | Jolo.ge


წინასწარმეტყველება… ანუ — მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…

წინასწარმეტყველება… ანუ — მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…

«არტურ ბარი, გასული საუკუნის დასაწყისის ანტიკვარიული ფასეულობების და ძვირფასეულობის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქურდი იყო. მის მიერ გაქურდულთა სიაში მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟადაც კი ითვლებოდა.

საქმე იმაშია, რომ ბარის ინტერესის სფეროში მოსახვედრად უბრალოდ მდიდარ ადამიანად ყოფნა საკმარისი არ იყო.  მის მომავალ კლიენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ძვირად ღირებული ანტიკვარიული ნივთები ან უმაღლესი ხარისხის ძვირფასეულობა და თან აუცილებელად უნდა ყოფილიყო საზოგადოების უმაღლესი ფენების წარმომადგენელთა სიაში.

ამავე დროს, ის იპარავდა არა ყველაფერს რასაც თუნდაც ამ ადამიანთა სახლში წააწყდებოდა.  ბარი იყო ანტიკვარიულობის და ძვირფასი ქვების უბადლო ექსპერტი, თანაც ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა ძალზე დახვეწილი გემოვნება და იპარავდა მხოლოდ ძალზე იშვიათ და განსაკუთრებულ ნივთებს.

სწორედ ამიტომ, არტურ ბარის მიერ გაქურდულთა სიაში ყოფნა, მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ერთგავრ სიმბოლოდაც კი იქცა. 

მრავალწლიანი წარმატებული „მოღვაწეობის“ შემდეგ, არტურ ბარი, როგორც იქნა მაინც დააკავეს და მან 18 წელი გაატარა ციხეში. სასჯელის მოხდის შემდეგ ის თავის პროფესიას არ დაბრუნებია. ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე ომის ვეტერანთა იქაური ორგანიზაციას საპატიო ხელმძღვანელი იყო.

ერთხელ მას ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა:

– მისტერ ბარი, მრავალწლიანი დანაშაულებრივი ცხოვრების განმავლობაში თქვენ გაქურდეთ უამრავი უმდიდრესი ადამიანი. საინტერესოა, გახსოვთ თუ არა ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი მოპარეთ?

– რა თქმა უნდა მახსოვს, – უპასუხა ბარიმ – ადამიანი, ვინც მე ყველაზე მეტად გავქურდე არის არტურ ბარი! დიახ, ყველაზე მეტი სწორედ საკუთარ თავს მოვპარე. იმის მაგივრად, რომ სათანადოდ გამომეყენებინა ჩემი ტალანტი და შესაძლებლობები და გავმხდარიყავი წარმატებული, საზოგადოებაში დაფასებული პიროვნება, მე ავირჩიე დამნაშავის გზა და ჩემი მოწიფული ცხოვრების ერთი ნახევარი გავატერე ქურდობაში, მეორე ნახევარი კი – ციხეში.»

როცა ეს ისტორია პირველად წავიკითხე, მე მართლაც გულის სიღრმემდე შემძრა ერთის მხრივ ამ ადამიანის მრავალმხრივმა ტალანტმა და მეორეს მხრივ მისი ცხოვრების ტრაგიზმმა, თუმცა მაშინ რატომღაც აზრად არ მომსვლია, რომ მე თვითონაც მთელი ცხოვრება სწორედ არტურ ბარივით ვიცხოვრე.

დიახ, მე მთელი ცხოვრება ვქურდავდი საკუთარ თავს. ყოველი წუთი, რომელიც  არ მიმიძღვნია ჩემი ოდესღაც სანუკვარი ოცნებების განხორციელებისთვის, ჩემი პიროვნული ზრდისა და წინსვლისთვის არის დრო, რომელიც საკუთარ თავს და ცხოვრებას მოვპარე, დრო, რომელიც საკუთარი ოცნებების ღალატში გავატარე.

„რას ამბობ ხვიჩა?“ – მითხრა ერთმა ჩემმა ძალზე ახლობელმა ადამიანმა –  „მარტო ის ღირს ზოგიერთების მთელ ცხოვრებად, რაც შენ წიგნები გექნება წაკითხულიო“…

მერე რა? ჯერ ერთი, თუ არ გამოიყენებ რა მნიშვნელობა აქვს წიგნები თაროებზე აწყვია თუ თავში? ასეთ შემთხვევაში მათ წაკითხვაზე დახარჯული დროც ხომ მოპარული დროა?

და თუ ხვდები, რომ წიგნები სინამდვილეში უზარმაზარ გავლენას ახდენენ შენზე, მაშინ, ხომ ყურადღებით უნდა შეარჩიო რას წაიკითხავ და გაანალიზო რასაც წაიკითხავ?

მე კი რას ვაკეთებდი? მთელი ცხოვრება ვკითხულობდი, მაგრამ ვკითხულობდი განურჩევლად და ვინაიდან ყოველთვის ვკითხულობდი მთელი გულით, მთელი არსებით და  პრაქტიკული თვალსაზრისით ყოველგვარი ანალიზის გარეშე ჩემს წარმოსახვაში ვცხოვრობდი ნაწარმოებების გმირების ცხოვრებით, ჩემი განწყობაც და თქვენ წარმოიდგინეთ რეალური ცხოვრებაც იმის და მიხედვით იცვლებოდა, თუ რას ვკითხულობდი დროის კონკრეტულ პერიოდში.

თან, ამ დროს, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რამხელა ძალადობას ჩავდიოდი ჩემს ქვეცნობიერზე, რა ურთიერთგამომრიცხავი რწმუნებულებებით ვკვებავდი მას და მერე მიკვირდა, თუ რატომ იყო თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსი.

ამასწინათ ერთი, საკმაოდ საინტერესო პიროვნების, ყოფილი მილიონერის (თუმცა ვერ გავიგე რატომ უწოდებენ მას „ყოფილს“, რადგან მილიონერობა ეს გარკვეული აზროვნების ფორმაა და თუ ადამინს აქვს ასეთი აზროვნება, ასჯერაც რომ წაართვათ ეს მილიონები, ცეცხლშიც რომ დაუწვათ მთელი ქონება, სადმე აფრიკის ჯუნგლებში გადაასახლოთ, ის მაინც იშოვის მილიონს) გერმან სტერლინგოვის ინტერვიუს ვუყურე, სადაც ის ერთგან დოსტოევსკის შემოქმედებას იდიოტიზმს უწოდებს და ამბობს, რომ საკამარისად უყვარს თავისი შვილები იმისთვის, რომ მათ თავი მსგავსი სისულეებით არ გამოუტენოს.

მე არც ასეთ რადიკალიზმს ვემხრობი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ დღეს კლასიკოსების კითხვა სიამოვნებას უკვე არ მანიჭებს. ეს არ არის მობეზრება.  არა, ასეთი რამეები არ ბეზრდებათ, უბრალოდ როცა ვნახე, რომ სხვის მიერ შექმნილით ტკბობაში  წლები ისე გავიდა, რომ მე თვითონ ჯერ არაფერი შემიქნია ღირებული, მოტივაცია დავკარგე… 

ანდა ავიღოთ თანამედროვე მსოფლიო კინოინდუსტრიის, განსაკუთრებით ჰოლივუდის მიერ შექმნილი პროდუქცია. როცა რენდი გეიჯის ბესტსელერში „რატომ ვართ ავადმყოფები, სულელები, ღარიბები და როგორ გავხდეთ, ჯანმრთელები, ჭკვიანები და მდიდრები“  წავიკითხე, თუ როგორ აპროგრამებენ  ჰოლივუდის „კინოშედევრები“ (მაგალითად: „ტიტანიკი“, „ადამიანი ობობა“ და ა.შ.) ადამიანის ქვეცნობიერს წარუმატებლობაზე, მივხვდი, თუ რატომ იყო ასეთი ფილმების ყურება თავის დროზე ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი გართობა.

მსგავსი ფილმები თავბრუდამხვევი წარმატებით იმიტომ სარგებლობენ, რომ გათვლილია ღარიბთა ფსიქოლოგიაზე, ასეთები კი კაცობრიობის 99% –ია.

მათი შემქმნელები  ერთის მხრივ გვანახებენ მდიდართა ამაზრზენ სახეს, მათ სიხარბეს, ვერაგობას და გაუტანლობას, იმას, თუ რა უბედურია მათი ყოფა მიუხედავად უზარმაზარი სიმდიდრისა, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე შთამბეჭდავად გვიხატავენ ღარიბი ადამიანების კეთილშობილებას, აღტაცებით გვიყვებიან ცხოვრებით ტკბობის მათ ნიჭზე, სიყვარულის და ერთგულების ისეთი განცდის უნარზე, როგორიც მდიდრებს არც კი დაესიზმრებათ.

ამ ყველაფრით აღტაცებაში მოჰყავთ მილიონობით ადამიანი, რომლებიც თვალზე ცრემლმოდგარნი უყურებენ ადამიანთა ყოფის ამ „ჭეშმარიტებას“, როგორც მათი ერთფეროვანი, უღიმღამო ცხოვრების გამართლებას და ფილმის ნახვის მერე ამაყად თავაწეულები დააბიჯებენ: „მართალია, ჩვენ არ ვართ მდიდრები, სამაგიეროდ კეთილშობილი, ღირსეული ადამიანები ვართ“…

ვერ გახდები წარმატებული და მდიდარი ადამიანი, თუ მთელი ცხოვრება ასეთ ფილმებს უყურებ…

არადა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი შედევრების შემქნელები, ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად სიღარიბის რეკლამას ეწევიან, თვითონ უსაშველოდ მდიდრდებიან სწორედ ამის ხარჯზე.

სამწუხაროდ ადამიანთა 99%  და მათ შორის ალბათ თქვენც, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობთ, ცხოვრობს ამგვარი „დანაშაულებრივი“ ცხოვრებით.

ვიცი, ეს ბევრს არ მოგეწონათ, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი რომ ყოველთვის დაუფარავად გითხრათ სიმართლე… ან ყოველი შემთხვევისთვის „ჩემი სიმართლე“.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ წარმატება, ისევევ როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, ექვემდებარება გარკვეულ კანონებს და გამიჩნდა ამ კანონების შესწავლის და მათ შესაბამისად ცხოვრების სურვილი, გადავწყვიტე, რომ ეს თვითაღზრდა გამეხადა საჯარო.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეგრძნო და მეორეც – მინდოდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეღო ინფორმაცია ამ კანონების შესახებ, რათა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გასჩენოდა შანსი სულ სხვა კუთხით, ახლებურად ჩაეხედა საკუთარ თავში, გადაეხედა საკუთარი აზროვნების ფორმის, ცხოვრების სტილისთვის  და ჰქონოდა საშუალება ამის შემდეგ გაეკეთებინა არჩევანი – გააგრძელებდა ძველებურად, თუ დაიწყებდა ახალ ცხოვრებას.

მე თვითონ დიდი ხანი მომინდა ამ ყველაფერში გასარკვევად. დღეს 41 წლის გავხდი, მაგრამ მხოლოდ ერთი წელია რაც მღვიძავს (!)

უფრო ზუსტად თვალი პირველად 2 წლის წინ გავახილე, როცა ერთხელ, „შემთხვევით“ ხელში ჩამივარდა ჯორჯ კლეისონის წიგნი „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში“.  მას მაშინვე მოყვა ორისონ სუეტ მარდენის „უდიდესი საიდუმლო–აზროვნების წარმოუდგენელი ძალა“ და რობერტ კიოსაკის „ფულის ნაკადის კვადრანტი“.  შემდეგ უკვე ვერ ვჩერდებოდი: კიოსაკი, ჰილი, შეფერი, კენფილდი, ბრენსონი… და ეს ყველაფერი ისე მოულოდნელი და თვალისმომჭრელი იყო რომ გონზე მოსვლასა და ბოლომდე გამოღვიძებას კიდევ ერთი წელი დასჭირდა.

და აი ახლა, როცა ჩემი დღევანდელი დღის და გასული წლების შედარებით ანალიზსს ვაკეთებდი, მომინდა ეს ანალიზიც საჯარო გამეხადა, მაგრამ ვინაიდან პოსტის ფორმატში ყველაფერს ვერ ჩავატევდი, გადავწყვიტე აქ ერთ–ერთ უმთავრეს მომენტზე გამემახვილებინა ყურადღება:

ჩვენი წარმატების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვკითხულობთ, რას ვუყურებთ, რას ვუსმენთ და რაც მთავარია როგორ ვიყენებთ იმ ინფორმაციას, რასაც წაკითხულიდან, ნანახიდან თუ მოსმენილიდან ვღებულობთ.

ამიტომ, გადახედეთ თქვენც ცხოვრებას კიდევ ერთხელ. გაიხსენეთ თქვენი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებები ლიტერატურაში, მუსიკაში, კინოხელოვნებაში და შეეცადეთ გაანალიზოთ მათი შინაარსი იმის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

არის თუ არა მათში ის, რასაც შეუძლია რამე შეგძინოთ პრაქტიკული თვალსაზრისით. რასაც შეუძლია ისეთი რამ გასწავლოთ, რის გამოყენებასაც პრაქტიკულად შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში რეალური შედეგების მისაღებად.

თუ არ დაიზარებთ ამის გაკეთებას. თქვენ ძალიან ბევრს შეიტყობთ საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და იმ მიზეზებზე, რომელმაც თქვენი დღევანდელი რეალობა შექმნა.

დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ მთელი დღეები ნაცრის ქექვაში ხართ გართული იმის იმედით, რომ ერთ დღესაც გადაეყრებით დევს, რომლის ქონებასაც მისი გაბრიყვებით დაეპატრონებით და მერე იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად–ძალიან შემცდარხართ, რადგან ასეთი რამ არ ხდება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ დევის ქონება ჩაიგდოთ ხელში, მაგრამ ბედნიერებას ნამდვილად ვერ ეღირსებით.

დამიჯერეთ… მე თვითონ 40 წელი ვქექავდი ნაცარს(!)

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/saavtoro-statiebi/winaswarmetyveleba-anu

 

ნანახია:(5196)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ტოპ 5 მიზეზი, რატომაც არ გაქვს ფული

ხშირად ვიღებ შემდეგი ხასიათის კითხვებს: როგორ ვიშოვო ფული? რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ სწრაფად ვიშოვო ფული? ერთხელ, ერთ-ერთი ტრენინგის ბოლოს,


რა არის წარმატება? — რალფ უოლდო ემერსონი

იცინო ბევრი და ხშირად; მოიპოვო ინტელიგენტი ადამიანების პატივისცემა და ბავშვებისაგან სიყვარული; დაიმსახურო პატიოსანი კრიტიკოსების დაფასება და აიტანო ყალბი მეგობრების ღალატი;


წაიკითხეთ, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით!

● შენს ღიმილს შეუძლია იმ ადამიანის გაბედნიერებაც კი, რომელსაც არ მოსწონხარ. ● ყოველ ღამე ვიღაც გაიფიქრებს შენზე ძილის წინ. ●


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<