„ჩვენი ბოზი ემა“ | Jolo.ge


„ჩვენი ბოზი ემა“

„ჩვენი ბოზი ემა“

ვიცოდი რომ ბოზს ეძახდნენ, მაგრამ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა… ის ჩემთვის ერთი ლამაზი და კეთილი ქალბატონი იყო,რომელიც უბნის ბავშვებს მოფერებით » ცუნცულებს» გვეძახდა და ჩვენს დანახვაზე მომხიბვლელად იღიმებოდა…
— ახლოს აღარ გაეკარო ბალღსა შე უნამუსო! — იყვირა ლამზირა დეიდამ და ემას მიაფურთხა…
— ჭირიანი ხომ არ ვარ, ბავშვს მოვეფერე. რა დავაშავე ლამზირა ასეთი?
— არ სჭირდება ჩემს შვილს ბოზების მოფერება! არ აკლია მომფერებლები!
— ბავშვებთან მაინც ნუ მეუბნები ამ სიტყვას ქალო. ასე რამ გაგაცეცხლა?!
— ცეცხლი და ნავთი არ მოაკლდეს შენს გვარს და მოდგმას დასაწველად! — ცხარობდა გაცოფებული ლამზირა დეიდა და პატარა ნუციკოს სახლისკენ ძალით მიათრევდა…
— ბოზები ცუდები არიან? — ინტერესით ვიკთხე მამაჩემს და მუხლზე ჩამოვუჯექი.
— მაგას მერე გაიგებ…
— როდის?
— როცა დიდი ბიჭი გახდები…
და მეც ველოდებოდი, როდის გავხდებოდი დიდი, რომ გამეგო რას ნიშნავდა ბოზი…
დეკემბრის ბოლოს ისე ხვავიანდ ჩამოთოვა, რომ ბავშვები მის საფარში ვიმალებოდით. ჩვენს სიხარულსა და ჟრიამულს საზღვარი არ ჰქონდა. «პალიანკის» გორაკიდან გადაბმული ციგებით ვეშვებოდით და მთელი დღე ასე მატარებლობანას თამაშში გაგვყავდა. მემანქანეებიც მორიგეობით ვიცვლებოდით და აი ნუცას ჯერიც დადგა…
ქათქათა თოვლი უეცრად გაწითლდა… კისრიდან შადრევანივით ამოფრქვეულმა სისხლმა ბავშვები ისტერიკაში ჩაგვაგდო და განწირული ხმით აგვაყვირა. ნუცას თვალებმა სიმწრის ცრემლების გადმოდენაც კი ვერ მოასწრო ისე გაიყინა…
ვიღაც კაცმა, მისი უსულო სხეული ხელში აიტაცა და გაიქცა… მამა გვიან ღამით დაბრუნდა საავადმყოფოდან… მე, თავზე საბანწაფარებული ველოდებოდი მის ხმის გაგონებას და ეს მოლოდინი ტანში მზარავდა: ოღონდაც არა თქვას, რომ მოკვდა, ვფიქრობდი და საუკუნესავით გაწელილ წამებს შინაგანად ვუჯანყდებოდი…
— მშვიდობა თუა ჩვენს თავს? — აკანკალებული ხმით იკითხა დედამ…
— გადარჩა ! — თქვა მამამ და სავარძელზე მოწყეტით დაეშვა.
— დიდება ღმერთო შენს ძალას! 
-ემაა… ბოზი ემა…
— რა ემა? ხმა ამოიღე კაცო?!
— მხოლოდ მას აღმოაჩნდა იმ ჯგუფის სისხლი, რომელიც სჭირდებოდათ…
სიხარულისგან მამას კისერზე შემოვეხვიე… ბედნიერი, საწოლიდან საწოლზე დავხტოდი და მთელი ხმით ვყვიროდი — მეც გავიზრდები და ვიქნები ბოზი! ბოზი, რომელიც ყველაზე კეთილია! თქვენც ხომ გინდათ ვიყო ბოზი? — ვეკითხებოდი ორივეს და ვერ ვხვდებოდი ისინი, რატომ იცინოდნენ და ტიროდნენ ჩემთან ერთად.
*** რამდენიმე წელი იყო გასული… 
მე და დედა ავტოსადგურში ბილეთების შესაძენად შევედით.
— ლამზირა ეს რა ხდება, რატომ ხარ შავებში? — იკითხა გაკვირვებულმა დედამ.
— ერთი კვირის წინ ემა გარდაიცვალა აბასთუმანში, ტუბერკულიოზით — უპასუხა ლამზირა დეიდამ და თვალზე მომდგარი ცრემლი შავი ხილაბანდით შეიწმინდა.
— რომელი ემა?
— აი ის, «ჩვენი ბოზი ემა» ნუციკო, რომ გადაგვირჩინა.
დღემდე გონებიდან არ ამომდის ეს სიტყვები «ჩვენი ბოზი ემა» . სიტყვები, რომელიც ერთნაირად იყო გამსჭვალული ტკივილით, სიყვარულით, თანაგრძნობით, სინანულით და მაინც ყოველ ამ მნიშვნელოვან ადამიანურ ღირებულებას თან ახლდა სოციუმური მარაზმი «ბოზი ემა».


ავტორი: სულა სულაშვილი

ნანახია:(3530)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ემასულა სულაშვილი

Related Articles

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა ბავშვისთვის ტელეფონს ყიდულობთ

გამოცემა CNN მკითხველს 5 საკითხის შესახებ მოუთხრობს, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა შვილისთვის ტელეფონს


მარადიული სიყვარული

ამერიკელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ წყვილთა ნაწილი ოცი წლის შემდგომაც ინარჩუნებს სიყვარულს (და არა მხოლოდ შეჩვევას) თავდაპირველ ანდამატს. აქამდე


ფულით შეიძლება იყიდო …

ფულით შეიძლება იყიდო: — საწოლი, მაგრამ არა ძილი; — საათი, მაგრამ არა დრო; — წიგნი, მაგრამ არა ჭკუა; — სექსი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*