ჭურჭლის მწმენდავიდან უმსხვილესი კომპანიის გენერალურ დირექტორობამდე | Jolo.ge


ჭურჭლის მწმენდავიდან უმსხვილესი კომპანიის გენერალურ დირექტორობამდე

ჭურჭლის მწმენდავიდან უმსხვილესი კომპანიის გენერალურ დირექტორობამდე

რვა ქვეყნის ლიდერიდან ეს ჯილდო მხოლოდ მას ხვდა წილად. რაც, მთავარ პოზიციაზე დანიშვნიდან პირველივე წელს მოხდა. საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ წლის ხელმძღვანელად დასახელდა და კომპანიის ეფექტური და სწრაფი განვითარებისთვის ოქროს ჩირაღდანით დაჯილდოვდა. ამგვარი შეფასება იმ კომპანიის განვითარებისთვის მიიღო, რომელშიც წლების წინ ჭურჭლის მწმენდავად დაიწყო მუშაობა.

„ძალიან მიყვარს ეს ოქროს ჩირაღდანი. ამ ჯილდოს მიღებისას, რაღაცნაირი სიამაყის განცდა დამეუფლა, ამაში არის  გამოხატული და ჩადებული მთელი ის წლები რაც ამ სფეროში გავატარე.  — ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ბაქრაძე.

ზურაბ ბაქრაძე: „წისქვილი, არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი რესტორანი, რომელსაც 15 წლიანი უწყვეტი წარმატების ისტორია აქვს. ჯგუფმა არაერთი საპატიო ჯილდოს მოპოვება შეძლო, 2 ჯერ UNBR -მა მიანიჭა დარგის ლიდერის წოდება „წისქვილი ჯგუფს“, ასევე მიღებული აქვს ევროპის ხარისხის ნიშანი. საერთაშორისო საიტის „ტრიპედვაიზორის“ მიერ კი საუკეთესო რესტორნის სტატუსი.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ნამდვილი წყლის წისქვილით დაწყებული რესტორნის ისტორია, დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს. თითოეულ მათგანში მოხვედრილი სტუმარი მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს „ეზიარება“. აქ განთავსებული სამუზეუმო ექსპონანტები, ეროვნული სამზარეულო და ფოლკლორული პროგრამები საქართველოზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ქმნიან.

„თუ შენმა მოგზაურობამ საქართვლოში „წისქვილში“ ვიზიტის გარეშე ჩაიარა, მაშინ ჩათვალე რომ სრულყოფილად არ გიგემია ქართული სტუმართმოყვარეობა“ — ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

-რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიის გენერალური დირექტორობა და რა გზა გაიარეთ ამ თანამდებობამდე?

-როგორც გენერალური დირექტორი ორი წელია რაც ამ კომპანიას სათაშევი ვუდგავარ. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან სასიამოვნო პასუხისმგებლობა იმ წლების წინაშე რა წლებმაც „წისქვილი“ დღემდე მოიყვანა.

მე „წისქვილში“  2004 წელს მოვედი და საკმაოდ დაბალ პოზიციაზე, ჭურჭლის მწმენდავად დავიწყე მუშაობა. ძალიან ადრე შევქმენი ოჯახი და აქედან გამომდინარე სწავლასთან ერთად აუცილებლად უნდა მემუშავა, რომ ჩემი ფული მქონოდა. ჭურჭლის წმენდავიდან გადამიყვანეს დამხმარე მიმტანად, შემდეგ დამაწინაურეს და გავხდი მიმტანი. ამის შემდეგ გავემგზავრე მოსკოვში სასწავლებლად და იქედან როდესაც დავბრუნდი სმენის მენეჯერობა შემომთავაზეს.  შემდეგ თავი გამოვიჩინე, ვიაქტიურე და გადამიყვანეს უფროს მენეჯერად. შემდეგ დამაწინაურეს და გავხდი გენერალური მენეჯერი. ამ პოზიციაზე 5 წლის მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე ადგილი შემეცვალა და  წისქვილიდან ერთ-ერთ რესტორანში აღმასრულებელ დირექტორად გადავედი. იქ ორი წელი დავჰყავი, შემდეგ ისევ წისქვილიდან მივიღე შემოთავაზება დავბრუნებულიყავი გენერალური დირექტორი თანამდებობაზე.

აქ დაბრუნების შემდეგ პირველი გადაწყვეტილება რაც მივიღე ჩემი დიდი ხნის სურვილის ასრულება გახლდათ. ყოველთვის მინდოდა რომ წისქვილი გამხდარიყო ჯგუფი, რომლის ბრენდის ქვეშაც გაერთიანდებოდა რესტორნები სხვადასხვა მიმართულებით.

ამ ოცნებას შევასხი ფრთები და ჩამოვაყალიბე „წისქვილი ჯგუფი“, განვახორციელე რებრენდინგი, მთლიანად შევცვალე სტრუქტურა და ამის შემდეგ დავიწყეთ განსხვავებული გზით სიარული.

-როგორც ვიცი ამ ბრენდის ქვეშ ოთხი რესტორანი გააერთიანეთ

-კი, ეთნო-წისქვილი, წისქვილი ვაკეში, ლუდის მოედანი და წისქვილი წყნეთში. პირველი იყო „წისქვილი წყნეთში“, საკმაოდ განსხვავებული პროექტი, კონცეფცუალურად ამ რესტორანს მივანიჭეთ ასეთი მიმართულება, შევქმენი შიგნით „ოჯახები“, გოგოსა და ბიჭის დუეტი, გოგო დიასახლისის ფუნქციას ასრულებს ბიჭი  მამასახლისისა და მზარეულის. კერძების კუთხით პასუხისმგბლობა ბიჭს აქვს აღებული, მოძრავი სამზარეულოები გვაქვს და ადგილზევე უმზადებენ სტუმარს კერძებს… ამას იმდენად კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რომ საკმაოდ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.

მოთხოვნა იყო, რომ ქალაქის ცენტრში ყოფილიყო კიდევ ერთი წისქვილი, აქედან გამომდინარე 2016 წელს შევქმენით ახალი პროექტი — „წისქვილი ვაკეში“, აქაც განსხვავებული მიმართულება ავირჩიეთ, იგრძნობა, რომ წისქვილის სიტუაციაა, თუმცა, უფრო თანამედროვე სტილია შერჩეული. გადავწყვიტეთ, რომ წისქვილის ყველა რესტორანი გავაერთიანოთ ვაკის წისქვილში, მოთხოვნა დღეს გაცილებით მეტია წისქვილის რესტორნებზე ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ მომხმარებელი.

— წისქვილის ყველაზე მთავარი მახასიათებელი, რისგანაც ის სხვა რესტორნებისგან განსხვავდება რა არის?

— „ეთნო-წისქვილი“ რესტორანი-მუზეუმის სტატუსს ატარებს. მთავარი განმასხვავებელი არის ის რომ ჩვენ ვახდენთ ქართული კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ქართული ისტორიის პოპულარიზაციას.  ერთი პატარა საქართველოა მოქცეული «წისქვილის» სივრცეში.

— როგორც ვიცი ეთნო წისქვილში სტუმრების მიღება წინასწარი ჩაწერით ხდება, რატომ?

-„ეთნო წისქვილში“ გვაქვს სხვადასხვა სერვისები. სტუმარს ვამოგზაურებთ ქართულ ტრადიციებსა და კულტურაში. სუფრამდე ვთავაზობთ ჭაჭას, ჩურჩხელის ამოვლებას, გვაქვს ასევე უძველესი წისქვილი, საიდანაც დაიბადა იდეა რომ წისქვილი დარქმეოდა რესტორანს. აქ დღემდე  იფქვება სიმინდი, ტურისტებს ვაჩვენებთ ამ უძველეს მოქმედ წისქვილს, გვაქვს ასევე სადეგუსტაციო ოთახი, სადაც   ღვინოებს ვაგემოვნებინებთ, შემდეგ თვითონ აკეთებენ არჩევანს…  აქედან გამომდინარე ჩვენ რომ არ გადავანაწილოთ სტუმართა შემომსვლელი ნაწილი  ყველას ამას ვერ შევთავაზებთ, ამიტომაც არის წინასწარი ჩაწერით.

რაც შეეხება ქართულ სუფრას, წისქვილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სამზარეულოთი, მრავალფეროვნებით, ეს არის უწყვეტი განვითარების სერვისი, ჩვენ არ ვჩერდებით, არ არის ისე რომ მივედით რაღაც კონდიციამდე და მორჩა ყველაფერი კარგად არის. აქ მიდის ტოტალური კონტროლი იმაზე რომ შენარჩუნდეს არსებული ხარისხი დ დაინერგოს სიახლე.

ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ხელოვნებას. ჩვენთან ქსელში მუშაობს ძალიან ბევრი ჯგუფი, ბევრი ბენდი და ძალიან ბევრი სოლო მომღერალი. დაახლოებით 60 ადამიანი არის დასაქმებული ხელოვნების კუთხით.

ჩვენ, ჩვენი სერვისით ბევრი უცხოელი გაგვიკვირვებია, ძალიან ბევრი… უამრავი მადლობის წერილიც მიგვიღია. მარტო ეთნო წისქვილმა  2016 წელს 97 000 ტურისტს უმასპინძლა. მადლობის წერილი მოგვივიდა მსოფლიოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისგანაც — აღფრთოვანებული ვარ იმით თუ როგორ არის ერთი ქვეყნის კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ამ პატარა სივრცეში გაერთიანებული და მადლობა, რომ თქვენი ქვეყნის შესახებ ასეთი საოცარი  შთაბეჭდილება შემიქმენითო. ამ მადლობის წერილის შემდეგ სასიამოვნო შეგრძნება  დამეუფლა, მაგრამ ამასათანავე ნებისმიერი წარმატების შემდეგ, ამ წარმატებით ტკბობის უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ ერთი დღით ვაძლევ. მეორე დღიდან იწყება ფიქრი რომ ამას შენარჩუნება სჭირდება, რაც გაცილებით რთულია. ჩვენთვის ასეა. ჩვენ როდესაც რაღაცას დავისახავთ მიზნად, მიღწევა არ გვიჭირს რადგან გუნდი მუშაობს და ერთ ადამიანზე არ არის ჩამოკიდებული სისტემა. შენარჩუნება კი გაცილებით ფაქიზია.

ამ დროს მე ყველაზე მეტად ყურადღებით და ფრთხილად ვარ რადგან ეს ყველაზე საშიში ეტაპია ბიზნესისთვის. იმიტომ რომ ამ დროს თვითკმაყოფილება მატულობს სტაგნაციაში ამყოფებ საკუთარ თავსა და კომპანიას და სტაგნაციის შემდეგ რა თქმა უნდა ყველაფერი უკან მიდის.

-როდესაც „წისქვილში“ მუშაობა ჭურჭლის წმენდავად დაიწყეთ, მაშინ თუ იფიქრებდით რომ ამ კომპანიის მმართველი გახდებოდით?

-საკმაოდ ამბიციური ვარ, ოღონდ არ მახასიათებს ავადმყოფური ამბიცია. არასოდეს ვკმაყოფილდები არსებული მდგომარეობით, ყოველთვის ჩემს თავს ვუყენებ გამოწვევებს და ხშირად ვეუბნები — შენ თუ ეს შეძელი, შეძლებ იმასაც!

მშობლებისგან ვიცი, ორი წლისას ჰალსტუხი მქონია (ძალიან არ მიყვარს ჰალსტუხი დღეს) ამ ჰალსტუხით დავდიოდი თურმე და ვამბობდი დირექტორი უნდა გამოვიდე თქო… ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ  წარმატებას მივაღწევდი. ძალიან მებრძოლი ვარ.

-პირველად რა ასაკში გამოიმუშავეთ ფული და რა საქმით?

-ფულის გამომუშავება ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე. ფულს, რომელსაც ყოველ დილით სკოლისთვის მაძლევდნენ, არ ვხარჯავდი, ვაგროვებდი. თბილისის გარეუბანში ვცხოვრობდით, მე ცენტრში მივდიოდი,  შოკოლადებსა და სხვადასხვა სასუსნავებს ვყიდულობდი და უბანში ვყიდდი. ყველამ იცოდა რომ ყოველთვის მქონდა გასაყიდი ტკბილეული. ეს იყო ასე 10-12 წლის ასაკში. მერე ვიფიქრე კარგი იქნებოდა ეზოში  ჯიხური დამედგა. რასაც ფრთები ვერ შევასხი სხვადასხვა მიზეზის გამო, სამაგიეროდ ახალი იდეა გამიჩნდა „რეჟისორი გავხდი“. წავიკითხავდი რომელიმე წიგნს, დავწერდი სცენარს, ვაკეთებდი სპექტაკლებს და იმ ბავშვების მშობლებზე ვყიდდი ბილეთებს, რომლებიც ამ სპექტაკლში იღებდნენ მონაწილეობას… ასე რომ პატარა ასაკშიც კი საკუთარი შემოსავალი მქონდა.

-რა რჩევას მისცემთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამენ?

-წარმატებას, გაცილებით ადრე მივაღწევდი, მე რომ თავის დროზე მიმეღო გადაწყვეტილება. აი რა მინდა ვუთხრა დამწყებებს. მთლიანობაში 6 წელი ვიმუშავე  მიმტანად და მთავარი ფაქტორი რაც წარმატებაში ხელს მიშლიდა იყო ჩემი დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რომელსაც ვაკეთებდი. ვამბობდი — მე ამ სფეროში არ დავრჩები… ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც „წისქვილის“ ეზოში დავდიოდი, მომავალზე ვფიქრობდი და ბოლთას ვცემდი, გამოვთვალე , რომ სხვა ნებისმიერ სფეროში ახალის შესასწავლად იმდენივე წელი დამჭირდებოდა რაც აქ გავატარე. ასე დავკარგავდი წლებს და წარმატებას დაახლოებით 45 წლის ასაკში მივაღწევდი, ცოტა მეშორა. ამიტომ ჩემი სტრატეგია შევცვალე და ვთქვი, — მე ამ სფეროში უნდა მივაღწიო მაქსიმალურ წარმატებას. როდესაც ჩემ თავში მივიღე გადაწყვეტილება რომ მე ვრჩები ამ სფეროში და ვიწყებ სვლას წარმატებისკენ, ამის შემდეგ ძალიან ცოტა ხანში მოვიდა კიდეც პირველი წარმატება.

-ანუ წარმატების მისაღწევად მთავარი პირობა გადაწყვეტილების მიღებაა?

-ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა… არის ერთი მარტივი ფორმულა A+B = C -ს, სიტუაციას + რეაქცია = რეზულტატს. როდესაც შენ სიტუაციას აღიქვამ ისე რომ არ გინდა ამ საქმის კეთება, რეაქცია როგორი გაქვს? — არ მოგწონს, არაფერს აკეთებ და რეზულტატიც არ გაქვს. ხოლო როდესაც მობილიზებული ხარ, რეაქცია როგორია? ყველაფრის სწავლა გინდა, ცოდნას იღებ, უფრო მეტად ჩართული ხარ, ხელმძღვანელობაც ამჩნევს იმას რომ შენ  დიდი სურვილი გაქვს ამ სფეროში მუშაობის, ვითარდები და რეზულტატიც არის. ამიტომ რასაც აკეთებ, ის საქმე უნდა აკეთო ბოლომდე კარგად და საკუთარი შეცდომებიც ისევე უნდა შეიყვარო როგორც შენი წარმატებული დღეები გიყვარს. ნებისმიერი შეცდომა ეს არის გამოცდილება, და აქედან გამომდინარე მთავარია არ დანებდე!

შეიძლება იყოს რთული, წარუმატებელი პერიოდიც, ძირს დაცემა, დიდი სტრესიც, გაფიქრება რომ ყველაფერი მორჩა! თუმცა, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, მალევე უნდა წამოდგე და გზა გააგრძელო, ან დაიწყო, თუნდაც ნულიდან. რადგან უკვე ზუსტად იცი როგორ არ უნდა დაუშვა შეცდომები, რომლებმაც აქამდე მოგიყვანეს და იქ მისვლამდე ბევრად ნაკლები დრო დაგჭირდება.

არ უნდა დანებდე არასოდეს და არასოდეს არ უნდა იჩქარო. წარმატება მოდის მათთან ვისაც მოთმინება შეუძლია.

არასოდეს არავის ბრალი არ არის ის რაც შენს ცხოვრებაში ხდება. ყველაფერი შენზე და შენს არჩევანზეა დამოკიდებული.

დეა თავბერიძე

 

ნანახია:(6516)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მისი დიდი წვლილია იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ“…

თქვენ მოისმენთ დღეს საკმაოდ ცნობილი ბრენდის, — „ჭი—ტას“ დამფუძნებლის  ხათუნა ჩხიკვაძის ისტორიას და შეიტყობთ თუ, როგორ გადაიქცა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ


ოთხი შვილი და ლამაზი ქალის წარმატებული კარიერა

ის ხალხში გავრცელებულ ბევრ სტერეოტიპს ამსხვრევს. ერთ-ერთია „ლამაზ ქალს ჭკუა არ მოეკითხებაო“, ჭკუასაც იქეთ ეკითხებიან და მის რჩევებსაც ითვალისწინებენ… ანა


EXCLUSIVE „იყო ცდუნება დღეში უამრავჯერ, რომ გავჩერებულიყავი… მაგრამ რატომღაც არ ვჩერდებოდი“ — გიორგი თვალაძე

„როგორც ბიბლიაშია, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა სადღაც არის და ის ჩურჩულებს: მიდი, მიდი, მიდი… შენ შეძლებ, შეძლებ!“— ეს გიორგი თვალაძის სიტყვებია,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*