ჩემზე შეყვარებულ ქალებს ვერ ვიტანო, მითხრა… | Jolo.ge


ჩემზე შეყვარებულ ქალებს ვერ ვიტანო, მითხრა…

ჩემზე შეყვარებულ ქალებს ვერ ვიტანო, მითხრა…

ნეს დავეტაკე ორი დღის წინ — ნე, ასე მითხრა, ჩემზე შეყვარებულ გოგოებს ვერ ვიტანო, წარმოგიდგენია-მეთქი??  ნემ კიდევ — ოფ, მერე რა, მეც ვერ ვიტან ჩემზე შეყვარებულ ბიჭებსო :)))

 

 

ჯერ იყო ფანჯრის მინას ავეკარი, ზუსტად იმ ღამეს გათოვდა ჩემ ქალაქში….(მის ქალაქშიც) მერე, ფანჯრის რაფიდან აკეცილი ფეხები ჩამოვშალე, ცხენის კუდივით შეკრული თმაც ჩამოვიშალე და თავი უკან გადავწიე… სინამდვილეში, მეც ხომ ვერ ვიტან მასზე შეყვარებულ ქალებს ….

 

 

თუმცა, ის ემოციები მიყვარს, რომელიც მათ მოაქვთ…

 

 

ვამბობ, რომ ყველა გოგო მახსოვს, რომელიც ჩემამდე ყოლია და მათემატიკური ისტერიის სრული სიზუსტით ვიცი, როდის, რა დროს, რამდენი ხნით და ვისთან შეიძლება წავიდეს. როცა რომელიმე გოგო ვნებიანი თვალებით უყურებს, მე ზუსტად ვიცი, რა ემოციას იწვევს ის მასში.

 

 

ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ეს უცნაური ამბავია, ძალიან უცნაური.

 

 

ის ამბობს, რომ ჩემი მეგობრები მართლები არიან,

 

 

<p>მე ვამბობ რომ სხვანაირად შეუძლებელია…

 

 

ქუჩაში მივდიოდით ცოტა ხნის წინ, აი გათოვების წინა დღეები იყო. ძალიან ციოდა, მისი ზურგიდან მარჯვენა მტევანის სვიტერში, მარცხენა ხელი მქონდა შემძვრალი და ვითბობდი…

 

 

ჩვენ საყვარელ თამაშს ვთამაშობდით, ის ამოირჩევდა რომელიმე გოგოს, მე კი უნდა გამომეცნო მოეწონა თუ არა ის გოგო, ელამაზება თუ არა და საერთოდ როგორი წარმოუდგენია.

 

 

მერე მე ამოვირჩევდი რომელიმე ბიჭს და ახლა მას უნდა გამოეცნო ჩემი შეგრძნებები. ბოლოს, ორივე ვრწმუნდებით ხოლმე, რომ ერთმანეთის მოტყუების შანსი ნოლამდეა დასული და ყველაზე მაქსიმუმი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ერთმანეთს ერთმანეთის მოტყუების შანსი მივცეთ, ისე, თავისით, უბრალოდ, ზედმეტად მოსაწყენები რომ არ გავხდეთ ერთმანეთისთვის… თუმცა, იმ დღეს სხვანაირად იყო…

 

 

 

გოგო, რომელიც ამოირჩია ძალიან მომეწონა…  გოგოზე, რომელიც ამოირჩია ვიფიქრე რომ ის შეიძლებოდა, მას მოსწონებოდა…  გოგოს, რომელიც ამოირჩია ძალიან ლამაზი თვალები ქონდა…  გოგოს, რომელიც ამოირჩია გრძელი, შემოდგომისფერი თმები და დიდი შავი თვალები ჰქონდა, ძალიან ბუნებრივად იცინოდა და ყელი ნოემბრის სუსხიანი ღამის ყინვისთვის ჰქონდა შეშვერილი. ჩახსნილი გულისპირიდან იისფერი შარფი ჰქონდა ჩამოშლილი და იდგა ასე: სამოთხიდან გამოძევებული ევასავით, შიშველი გულისპირით და არამიწიერი ღიმილით.

 

 

მაშინ იყო პირველად რომ გამაჟრჟოლა, არ იყო ეს ჩვეულებრივი ეჭვიანობა, მახსოვს ფეხი მიწას როგორ დავაჭირე, იმის შესამოწმებლად, ხომ ნამდვილად ჩემს ფეხქვეშაა, ჯერ ხომ არ გამომცლია-თქო.

 

 

ხელი მისი სვიტერიდან გამოვაძვრინე და კეფისკენ წავიღე, კისრამდე ჩავედი და ისე მოვუჭირე ფრჩხილებმა შიგ ხორცში შეაღწიეს.

 

 

გაყინულ კადრებში 3 წუთი მაინც ვიდექი და იმ სისულელეს ვეძებდი ქალურ სიძლიერეს რომ უწოდებდნენ, ვეძებდი, მაგრამ სად ჯანდაბაში იყო გადამალული ვერაფრით გავიგე, ვეძებდი და ვერ მივაგენი, მთელი არსებით ვეძებდი, მაგრამ ერთადერთი, რასაც ჩემში ვაგნებდი ეგოიზმი იყო, ეჭვიანობასთან შერწყმული ეგოიზმი, რომელსაც შეეძლო იმ წუთებში მეც გავენადგურებინე და ის მშვენიერი გოგოც ჩემს წინ რომ იდგა და ჯერ ისევ იღიმოდა.

 

 

ეს იყო პირველი შემთხვევა ამ წლების მანძილზე, წლების რომელმაც გაგვზარდა, წლების რომელმაც ჩემ ცხოვრებაში უამრავი ბიჭი და მის ცხოვრებაში უამრავი გოგო დაიტია. წლების, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან მხოლოდ სეზონურად მივდიოდით. წლების, რომელსაც ახსოვდა ჩვენი ხანგრძლივი, უამრავი დაშორებები… ახსოვდა ჩვენი ისტერიული ჩხუბები, ახსოვდა ჩვენი შერიგებები, ცივ დეკემბერში უქუდოდ სიარული, გადამწვარ ივლისში ქუჩებში ხეტიალი, ამ წლებს ვახსოვდით, მე — სხვასთან, ის -სხვასთან, მე — სხვისი მიმტოვებელი, სხვა — ჩემი მიმტოვებელი, ის — სხვისი მიმტოვებელი, სხვა — მისი მიმტოვებელი,.მერე ისევ ერთმანეთის გზებზე თოვასავით შემდგრები, ვახსოვდით…

 

 

აი, ამ წლების მანძილზე მე შემიძლია დედაჩემი დავიფიცო, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აზრზე არ ვიყავი რას იზამდა.

 

 

თუმცა ზუსტად ვიცოდი, რაც უნდა ექნა, შეცდომას არ დაუშვებდა.

 

 

მან იცის, გულისცემასავით, რომ ვრეაგირებ მის ხმაზე… მან იცის, რომ ერთადერთი, რასაც ყოველთვის და ნებისმიერი შოკიდან გამოვყავარ მისი ხმაა… მან იცის, რომ ჩემი ყველაზე დიდი თავშესაფარი მისი ხმაა.

 

 

და მე ზუსტად ვიცოდი, რომ მან იცოდა, რომ მე არ ვიყავი ჩვეულებრივი გოგო და ვერ მომექცეოდა ჩვეულებრივი გოგოსავით, ვერ ჩამეხუტებოდა და ვერ მეტყოდა მოჩლაქული, დამტკბარი ხმით, რომ მე ყველაზე ლამაზი და მისთვის ერთადერთი ვიყავი, მან ზუსტად იცოდა, რომ ვერასოდეს მომექცეოდა ისე, როგორც მის ადგილზე ნებისმიერი ბიჭი მოექცეოდა  ჩემ ადგილზე ნებისმიერ გოგოს.

 

 

მან იცოდა, სულ სხვა მიწისძვრა მჭირდებოდა…

 

 

— სულს რომ სჭირდები, ჩემს სხეულზე, ბევრად მეტია, — თქვა, და გაყინული კადრები ფილმებად გაგრძელდნენ… თქვა და პულსაცია რიტმში ჩადგა… თქვა, და ჩემი გულის ხაზმა უჩვენა, რომ ვსუნთქავდი…

 

 

სახით მისი სახისკენ შევბრუნდი.

 

 

— არ დამ(ე)კარგო, —  ვუთხარი და ხელები კისერთან გავუბანტე. ვგრძნობდი, მთელი ქუჩა გვიყურებდა, ოღონდ მხოლოდ ვგრძნობდი, რადგან თავად მის მეტს გარშემო ვერავის ვხედავდი, უბრალოდ მახსოვდა, რომ სადღაც მელიქიშვილზე, ჩემ საყვარელ წიგნის სახლთან ვიდექით და ისიც იმიტომ მახსოვდა, რომ მთელ თბილისში ეს ერთადერთი წიგნის სახლია, სადაც მას ჩემ გამო იცნობენ და არა მე  მის გამო, თუმცა ამას ყველა ვერ გაიგებს.

 

 

— ეს რომ შემეძლოს, ამ წლების მანძილზე ოდესმე ვიზამდი, — მითხრა, და ვიცი, მასაც, როგორც მე, კადრებივით გაურბინა ამ წლებმა…

 

 

— შენ ყოველთვის ბრუნდები იქ, სადაც ფეხი აიდგი, და ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის დაბრუნდები, —  ვუთხარი (ოღონდ ამ სიტყვებისა თავადაც არ მჯეროდა.)

 

 

— იქამდე, სანამ გემახსოვრება, რომ ყველა გასეირნებიდან შენც ზუსტად იქ უნდა დაბრუნდე, სადაც შენი სახლია…..იქამდე, სანამ გემახსოვრება, რომ დროებითი ჭკუიდან გადასვლები მარადიულ სიგიჟესთან შედარებით არაფერია, იქამდე, სანამ გემახსოვრება, გეწამება და გეცოდინება, რომ შენი ადგილი აქაა და სხვა ყველაფერი მითია, — მითხრა, და მერე კიდევ თქვა რაღაც, მაგრამ აღარ მახსოვს რა.  აი, ამ წამსაც, როცა ამას ვწერ, ვკითხე, კიდევ რა მითხარი მაშინ-მეთქი, მაგრამ თუ აღარ გახსოვს ნუ დაწერო-მითხრა, მხოლოდ ის დაწერე რაც გახსოვსო და მეტი მართლა არ მახსოვს, საერთოდ მისი ხმა უფრო მახსოვს ხოლმე, ვიდრე სიტყვები და მაშინაც, როცა დაშორებულები ვართ ხოლმე (და ჩვენ საერთოდ დაშორებულები უფრო ხშირად ვართ, ვიდრე შერიგებულები, თუ როგორცაა), მისი ხმა უფრო მენატრება ვიდრე სიტყვები. ჰო, უცნაური რამეა ეს, ძალიან უცნაური, ვიცი მეგობრებო..

 

 

მერე, მახსოვს რომ ჩავეხუტე…

 

 

მახსოვს, რომ იმ ადგილიდან მარჯანიშვილზე, ჩვენი საყვარელი ჩაის სახლამდე, ფეხით ვიარეთ.  ჩვენი საყვარელი ხილის ჩაი, ლურჯი ლამბაქებიდან დავლიეთ… ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ რომი შნაიდერსა და ალენ დელონზე, ოღონდ საიდან გაგვახსენდნენ არ ვიცი. ძალიან დიდხანს ვიკამათეთ იმაზე, რომელი ფილმი გვენახა საღამოს და ბოლოს გადავწყვიტეთ «უკანასკნელი სამურაისთვის» კიდევ ერთხელ გვეყურებინა..

 

 

მერე მიმტანმა მის მხრებზე კიდევ ერთხელ თვალები, ჩვეულებრივ, დიდი ხნით დატოვა და ჩვენც გამოვედით..

 

 

ძალიან ციოდა გარეთ, მე ძლიერ სიცივეზე ცხვირი და ტუჩები მტკივდება ხოლმე, ოღონდ ფიზიკურად და მართლა მტკივდება, მაგან იცის ეგ, თავისი ხელისგული ამაფარა სახეზე, აგტკივდებაო, მითხრა და გამიღიმა, ამ ღიმილში ღმერთი მიღიმის ხოლმე და მე სულაც არ მგონია მკრეხელობა, რომ ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება მაჩუქა, რომელმაც ამდენი წელი ერთადერთმა დამიტია, რომელზეც მეგობრებსაც არ შეუძლიათ ხოლმე რამის თქმა, როცა დაშორებულები ვართ, რადგან იციან, ეს ერთადერთი ამბავია, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმივით ვატარებ, მარადიული ორსულობასავით ვატარებ და ვიცი ვერასოდეს ვამშობიარებ… რომ ადამიანს, რომელთანაც უფრო მჭირდები-ს ვამბობ ვიდრე მიყვარხარ-ს, ვადარებ ზე-ცას და ჩემ წილ ღმერთს…

 

 

 

მისი ხელისგული მითბობდა სახეს, მეორე ხელისგულს მაჯაზე ვგრძნობდი, არაამქვეყნიურად დაცული ვიყავი, მოვდიოდი და ძალიან ციოდა, მოვდიოდი და გამვლელების ღიმილს ვგრძნობდი, მოვდიოდი და ვიცოდი რაღაც მავიწყდებოდა, მოვდიოდი და ვერ ვიგებდი რა მავიწყდებოდა.

 

 

უცებ მაღაზიასთან გაჩერდა:

 

 

 

— კოკა-კოლა ავიტანოთ, დილით აღარ იყო… — თქვა და თვალები მომიჭუტა, როგორც იცის ხოლმე.

 

 

ჰო, აი რა მავიწყდებოდა….სასმელი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია, ჩემ თავს გავუღიმე…კიდევ ერთხელ გამიხარდა, ბედნიერებაა, როცა კაცს, რომელიც მთელ სამყაროს გავიწყებს, ეს სამყარო შენი წილი შენ მაგივრად ახსოვს.

 

თამთა დ.

 

 

 

ნანახია:(30)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს არის ქვეყანა, სადაც ერთ აქტიურ, წარმატებულ მშრომელზე 20 დასაქმებული უსაქმური მოდის“

დაღამდა… სამოსთან ერთად კიდევ ერთი ნასესხები დღე გავიხადე… ბალიშზე მისვენებულს ვიდრე ძილის ანგელოზები მომაკითხავენ ათას რამეზე ვფიქრობ… იწყება საკუთარ თავთან


„ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე“…

„ეს იოანას ბაღის მეგობარი ანია და მისი დედაა. ერთი უცნაური რამ შემემთხვა ამ ქალთან დაკავშირებით, ჩემი ფიქრების პასუხად“ — წერს


„ორი დღე რამდენჯერაც ამ ფრაზას გავიხსენებ გული მიჩუყდება და მიტირის“

ერთ არაჩვეულებრივ ფბ მეგობარს შევხვდი ამასწინათ, მისსავე კაფეში არ ვიცოდი მისი ეროვნების შესახებ.. ვკითხე რატომ იქ არ ხარ იერუსალიმში ჩემი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<