«ჩემი ინდური სასწაული» და ქართული მანტრა | Jolo.ge


«ჩემი ინდური სასწაული» და ქართული მანტრა

«ჩემი ინდური სასწაული» და ქართული მანტრა

რაც შეეხება სუშანტს, ჩემი სულის თუ სამშვინველის რომელიღაც განზომილება მეუბნება, უფრო სწორად მაგრძნობინებს, რომ ის აშკარად ინდოეთის თანამედროვე სახეა — თავდაჯერებული, ამბიციური, მოხერხებული და მატერიალისტი მენეჯერი, რომელმაც იცის, სამყაროს როგორ ამოაცალოს თვალიდან ბეწვი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ის მაინც ძალიან მიყვარს და მისი მადლიერი ვარ. შეიძლება ეს იმ მანტრის ბრალიც არის, რომელიც ჩემი სხეულის ყველა უჯრედში გამჯდარა და არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ასტრალურ სამყაროშიც ისმის.
„ომ სააიიშვარააია ვიდმაჰე
სატჰია დევააია დჰიიმაჰი
ტანნა სარვა პრაჩოდაიაატ“.
ფიქრებიდან სუშანტის კითხვას გამოვყავარ:
— მისტერ რამაზ, როგორ ვატყობ, ძალიან მოგწონთ ეს მანტრა?
— რა თქმა უნდა მომწონს სუშანტ, ძალიან მომწონს. ის საოცარ აურას ქმნის.
— თქვენ თუ გაქვთ მანტრები ქართველებს? — სუშანტის ხმაში სხვისთვის თავისი უპირატესობის დამტკიცების ტონს ვიჭერ.
— მანტრები? — ვფიქრდები ჩემთვის.
უცბად ძალიან მინდება, რომ ქართველებსაც გვქონდეს მანტრები, ამიტომ, დადებითად ვპასუხობ:
— რასაკვირველია სუშანტ, ქართველებსაც გვაქვს მანტრები!
— მისტერ რამაზ, რომელი ქართული მანტრაც მოგწონთ, ალბათ იქნება იუთუბზე და მომასმენინეთ, — იღიმება სუშანტი და ლეპტოპში რთავს, იუთუბის საიტს ტვირთავს და მე გამომცდელად მიყურებს.
მე მოვლენების ასეთ შემოტრიალების გამო ცოტა ვიძაბები და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ჩემს შიგნით ვიღაც, რომელიც ჩემზე მეტად თავდაჯერებული და მცოდნეა, სუშანტის ლეპტოპში რაღაცის აკრეფას იწყებს.
სუშანტს თვალებში უზარმაზარი არადამაჯერებლობა უდგას და გაფაციცებით მითვალთვალებს.
— აი, სუშანტ, ეს არის ჩემი საყვარელი ქართული მანტრა, — ვეუბნები და ლეპტოპს მისკენ ვატრიალებ.
სუშანტი ლეპტოპის მონიტორს ჩაჰყურებს — ვიდეოს სახელწოდება მართალია ინგლისური ასოებით არის, მაგრამ ეს მაინც არაფერს ეუბნება, ამიტომ ვიდეოს რთავს. პუშკარის წმინდა ტბის პირას, კაფე Sun-Set-ში ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით „შენ ხარ ვენახი“ იწყება:
„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული“ — ჩვენთან ახლოს ვინც სხედან, მომენტალურად ტრიალდებიან ჩვენსკენ.
„მორჩი კეთილი, ედემში დანერგული“ — მოშორებით მჯდარი ფრანგი წყვილი საუბარს წყვეტს და სუშანტის ლეპტოპს მონუსხული უყურებს.
„ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული“ — ინდოელი მიმტანი საი გაიატრი მანტრას საერთოდ რთავს და ინტერესით იყურება დარბაზში.
„ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული“ — ყველა ჩვენსკენ იყურება, ვგრძნობ, სულ ერთი წამით კაფე Sun-Set-ის მომსახურე პერსონალის თუ კლიენტების მზერა ჩემი და სუშანტის მაგიდისკენ არის მოპყრობილი.
„და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“ — სუშანტი გაოცებული მიყურებს და გულწრფელად უკვირს, რატომ შეიძლება ამხელა კაცს მანტრის გამო ცრემლები ჩამომდიოდეს.

2013
პუშკარი-თბილისი

რამაზ გიგაური

ნანახია:(165)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

7 წყენა, რომელსაც ბავშვი დიდობაშიც არ პატიობს მშობლებს

სამწუხაროდ, არსებობს ისეთი რამეები, რასაც ადამიანები ვერასდროს პატიობენ მშობლებს და ბავშვობის წყენა გაცილებით მეტხანს ამახსოვრდებათ, ვიდრე ათასი ამაგი და სიკეთე.


ქალის და მამაკაცის პასუხები კითხვებზე…

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბი გთავაზობთ კვლევის შედეგად მიღებულ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა, მაგრამ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს (თითქმის) ვერასოდეს უსვამთ.


«მხოლოდ ასეა შესაძლებელი საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსა და სამყაროში სიმშვიდის მოპოვება» …

თითქმის სამი თქვეა სახლში ვარ. ალბათ სულ ათჯერ თუ ჩავედი, მაღაზიაში რაღაცების საყიდლად. დღეს გასეირნება გადავწყვიტე. ჩავიცვი ჩემი შლაქსის შარვალი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*