fbpx

ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს

ავტორი ჟოლო
838 ნახვა

მილიონერებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებმაც პირველი მილიონი 9-15 წლის ასაკში იშოვეს. ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა პირველი კაპიტალი ბავშვობაში დააგროვა. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ნორჩ მილიონერებს 

გაზონების მკრეჭავი

კანადელმა რაიან როსმა ბიზნესის ნიჭი 3 წლის ასაკში გამოავლინა, 9 წლისა კი უკვე მილიონერი იყო. ჯერ სახლის ეზოში ქათმების ფერმა მოაწყო, მერე კი გაზონების კრეჭით შოულობდა ფულს: ქირაობდა მკრეჭავებს და საათში 15 დოლარს უხდიდა, თავად კი დამკვეთისგან იმავე სამუშაოში 20 დოლარს ღებულობდა. ამ საქმიანობით ნაშოვნი თანხით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო – გაზონების მორწყვას სთავაზობდა დამკვეთს, რაც საათში 200 დოლარი ღირდა, მუშებს კი 100 დოლარს უხდიდა. 8 წლისამ უკვე 4 კომპანიას ჩაუყარა საფუძველი. მიღბულ შემოსავალს კი უძრავ ქონებაში აქტიურად აბანდებდა… ეს ყველაფერი ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიწყო – “როგორ ვიშოვოთ სწრაფად ფული”, რომელიც დედამისმა დაწერა. ბიჭმა ადვილად იპოვა ფულისკენ მიმავალი გზა და მალე მილიონების შოვნაც დაიწყო. მისი მიღწევები გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

გართობით ნაშოვნი მილიონი

ჟულიეტ ბრინდაკმა ბიზნესი 10 წლის ასაკში წამოიწყო – 8-13 წლის გოგონებისთვის გასართობი ინტერნეტპორტალი შექმნა. ონლაინ თამაშებით, ტესტებითა და ჩატით უამრავი მნახველი დააინტერესა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას ინტერნეტპერსონჟამა მის ოუმ მოუტანა. პორტალს ყოველდღიურად 7 მლნ ადამიანი სტუმრობდა. პირველ მილიონსაც მაშინ “გამოჰკრა ხელი”. დღეს ჟულიეტი 20 წლისაა და ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს. მის კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული და ყველა დისტანციურად მუშაობს. თავადაც ბიზნესს სასწავლო პროცესისგან მოუწყვეტლად უძღვება. დღეს მისი კაპიტალი 15 მლნ დოლარია.

საკუთარი ტრაგედია ბიზნესის სამსახურში

ჟასმინ ლორენსმა 14 წლის ასაკში თმის მოვლის არომატული საშუალება შექმნა. მისი ბიზნესი ტრაგედიით დაიწყო – გოგონას თმა გასცვივდა და გამელოტების აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. არც ერთმა სამკურნალო საშუალებამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ გოგონამ თავად დაიწყო გამოსავლის ძებნა და არომატული ზეთებისგან “ოქროს რეცეპტი” შექმნა. დღეს ჟასმინის კომპანია თმის კოსმეტიკის ნატურალურ კოლექციას ქმნის. წარმოება სახლის სარდაფში აქვს მოწყობილი, ხოლო პროდუქციას ცნობილი სუპერმარკეტის WAL MART-ის ქსელში ყიდის. ჟასმინი 16 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო.

სკოლაში დაწყებული ბიზნესი
მექსიკელმა დენიელ გომეს ინიგესმა პირველი მილიონი 18 წლის ასაკში იშოვა. მისი კომპანია სპეციალურ პრესებს აწარმოებს, რომლებიც მცენარეთა დაწნეხვისა და მათგან ზეთის გამოსახდელად გამოიყენება. გამოხდილ ზეთს კი დიზელის ტიპის საწვავად იყენებენ. წარმოება მან ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო და პირველივე გაყიდვამს 150 000 დოლარი მოუტანა. იმავე წელს ცნობილმა კომპანიებმა მის საწარმოში მილიონობით დოლარი დააბანდე და შედეგმაც არ დააყოვნა.

ბებოს რეცეპტით ნაშოვნი მილიონი
ამერიკელი ფრეიზერ დოეტრი 14 წლის იყო, როცა ბებიამისის რეცეპტების მიხედვით ხილის ჯემების დამზადება და მეზობლებზე გაყიდვა გადაწყვიტა. რამდენიმე წელიწადში მურაბებისა და ჯემების წარმოებამ არნახული მასშტაბები მიიღო, ბიჭუნამ მშობლებისგან ფული ისესხა და საწარმოო ხაზი შექმნა. 19 წლის ფრეიზერი მილიონერი გახდა.

რა დაეხმარა ბავშვებს მილიონის შოვნაში?
*მათ ჯიბის ფულის დაზოგვა ადრეულ ასაკშივე დაიწყეს და თავიანთ წამოწყებებს მოახმარეს
*თავიანთი საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციეს
*გარისკეს და ბიზნესი ადრეულ ასაკში დაიწყეს ისე, რომ არ დაელოდნენ სკოლის ან უნივერსიტეტის დამთავრებას
*შეუპოვრები იყვნენ, არ ეშინოდათ სიძნელის და მიზნის მისაღწევად ახალი გზებიც მოძებნეს.
*ეს ბავშვები ძალიან შრომისმოყვარეები იყვნენ და სანამ თანატოლები მთელ დღეს გართობას ანდომებდნენ, ისინი საკუთარ საქმეს უთმობდნენ დიდ დროს.
*მუდმივად ეძებდნენ სიახლეებს, რაც მათ ბიზნესს გამოადგებოდა. ახლაც მუდმივად ავითარებენ ბიზნესს და მეტ შემოსავალსაც იღებენ.
*ისწავლეს ადამიანებთან ეფექტური და პრაქტიკული ურთიერთობა. ბოლო-ბოლო ბიზნესი ხომ გუნდური თამაშია.

როგორ გამოსდით ეს?
ახალგაზრდა მეწარმეები სოცლიალურ ქსელებსა და ორიგინალურ პორტალებს ქმნიან, იგონებენ ახალ პროდუქტებს, პროდუქციას ინტერნეტ-აუქციონებზე ყიდიან, ქმნიან ახალ სერვისებს და მილიონებს გამოიმუშავებენ. როგორ გამოსდით ეს? რით ჯობნიან გამოცდილ ბიზნესმენებს? ამას რამდენიმე ახსნა მოეძებნება:

1. უფროსებს საკუთარი თავის რწმენა არა აქვთ, ჰგონიათ, რომ მილიონერობა მიუღწეველი ოცნებაა. ბავშვები კი ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ და პირდაპირ საქმეზე გადადიან.
2. უფროსებს ნეგატიური ცხოვრებისული გამოცდილება აქვთ. სწორედ ის ჩასძახით ყურში “არ გამოგივა, არც იფიქროო”.
3. ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა ძლიერი რისკის საშუალებას არ აძლევთ. დაბანდებული ფული ხომ შეიძლება დაიკარგოს?
4. ყველას ბავშვობიდანვე ჩაგვჩიჩინებენ, ფული მთავარი არ არისო, ფულს ბედნიერება არ მოაქვსო, ფულზე ნუ ფიქრობო. ბავშვობაში ჩაგონებული აზრები კი ქვეცნობიერად მაინც მოქმედებს პიროვნების აზროვნებაზე. ამიტომ ჩააგონეთ თქვენს შვილს, რომ მილიონერი უნდა გახდეს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment