აზადე — მთასვლელი გოგონა, რომელიც სამი დღე გარდაცლილი ეგონათ | Jolo.ge


აზადე — მთასვლელი გოგონა, რომელიც სამი დღე გარდაცლილი ეგონათ

აზადე — მთასვლელი გოგონა, რომელიც სამი დღე გარდაცლილი ეგონათ

გუშინ მთიდან დაბრუნდა ირანელი მთამსვლელი გოგო, რომელიც სამი დღე გარდაცვლილი გვეგონა, დაბრუნდა სახე დამწვარი, დაღლილი და გასავათებული მაგრამ მწვერვალზე ნამყოფი….

მან ჯერ მარტომ გაიარა აკლიმატიზაცია, მერე ყველა ბანაკი, ჰოდა, უცებ სადღაც გაქრა… გაქრა ზუსტად იმ ღამით, როცა, დიდთოვლის სერაკზე, მწვერვალის გზიდან ორი კილომეტრის ქვევით, წითელი ლაქა შევნიშნეთ მესამე ბანაკიდან…

მერე ვიღაცამ თქვა რომ დაინახა, როგორ ვარდებოდა პატარა სხეული მწევერვალის მისადგომიდან.
მერე როცა პირველმა ჯგუფმა რაციაში გადასცა, გარდაცვლილს ყვითელი ბათინკები აცვიაო,
ყველამ ჩათვალა რომ დაიღუპა პატარა, მარტოდ მოსიარულე ირანელი გოგო, ცოტაზე მეტად ამბიციური და მიზანდასახული ხასიათით, ღიმილიანი სახით და სათვალეებით, სახელად აზადე!

აზადე სპარსულად თავისუფლებას ნიშნავს, ხოდა მეც სამი დღე მეგონა რომ აქ, ხანტენგრის ფერდზე, მომაკვდინებლად დაღლილმა აზადემ იპოვა თავისუფლება… და უნებლიედ გაფრინდა კიდეც.

მაგრამ ახლა აქ არის, ვეხუტებით და ვერც ხვდება ალბათ რატომ უხარია ყველას მისი ნახვა.
თურმე სინამდვილეში, მთის გადაღმა ბანაკიდან ამოსულ ბულგარელ ალპინისტს არ გაუშვა ხელი მთამ, არ გაუშვა უკან და დაიტოვა პატარა ლაქად…. სამწუხაროდ.

ზუსტად იმ დღეს, ჩვენ 5800 ზე გავთხარეთ გამოქვაბული სიმაღლისგან გამოფიტულმა გუნდმა და ერთმანეთზე მიკრულებს გვეძინა თოვლის სარკოფაგში, სადაც სინამდვილეში იმაზე უფრო თბილა, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. თუმცა, დიდი შრომა და ენერგია სჭირდება. უნდა გამოთხარო მღვიმე ყინულ ნარევ თოვლში, სადაც ვერც ქარჯ მოგაგნებს, ვერც ზვავი და თან, 6 კაცი დაიძინებს.

ღამე სუსტად იყო ილია…  არც სხვებს გვასკდებოდა ძარღვები მოზღვავებული ენერგიისგან.. შენელებული მოძრაობებით, სუსტი, მაგრამ უწყვეტი მუშაობოთ მზის ჩასვლამდე ძლივს მოვასწარით გათხრა. ეხლა დავიძინებთ და ხვალ უკეთ ვიქნებით.

აკლიმატიზაციის მთელი მუღამიც ეგაა, ადიხარ მაღლა იქამდე სანამ ორგანიზმი არ გეტყვის, — ვკვდებით შე კაცო გაბრუნდი უკანო… მერე აძალებ ან ასწავლი თავს იქ სიცოცხლეს, იძინებ და დილით თუ აღმოჩნდა რო, სწორად შეარჩიე სიმაღლის ზღვარი, გაუძელი და გადარჩი და ყველას გაგეღვიძათ, ადგები და ქვევით დაეშვები, ან თუ ყველა კარგადაა, ისევ ერთ ღამეს გაათევ იგივე სიმაღლეზე და დაეშვები მერე უკან..

აი ასე, ძალით აჩვევ ორგანიზმს რომ იცხოვროს იქ, სადაც ადგილი არაა ცოცხალი ორგანიზმის, მერე ისევ ადიხარ და კიდევ უფრო ზრდი სიმაღლეს ზღვის დონიდან და ამცირებ მანძილს ცასთან; ცასთან, სადაც სადღაც ღრუბლებში დგას საოცნებო მწვერვალი, დგას და ელოდება ვინ გაბედავს დღეს მასთან ხლებას.. ჰოდა, ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ უკან დასაბრუნებელი ენერგია დაგრჩეს, ზუსტად უნდა გაზომო და გათვალო, ეგაა აქ მთავარი წესი და ბიძინა დირიჟორივით უსმენს ყველას ხველას, სუნთქვას, ძილს და განწყობას… ბიჭებიც მუდმივად ვაკვირდებით საკუთარ მდგომარეობას. ეს აქ ალიან მნიშვნელოვანია.

ხოდა დილით ქვევით დავეშვათო რომ თქვა ილიამ, არავის გაუპროტესტებია, ძილით კი ყველას გვეძინა, მაგრამ ამ სიმაღლეზე ორგანიზმი ვერ ისვენებს, აქ ის მუდმივად იფიტება და ქვევით წასვლას გთხოვს, თან გამოქვაბულიც არ გვქონდა დიდი. ვერ მოვასწარით ბოლომდე კეთილმოწყობა. დავეშვით სირბილით და რაც უფრო ქვევით ვიწევთ კიდევ უფრო იმატებს ენერგია და ძალა, წყლიდან რომ ამოყვინთავ მსგავსი შეგრძნებაა.

ეხლა საბაზოში ვართ და ვისვენებთ, ხვალ ისევ მოვიკიდებთ ჩანთას და გავალთ პირველ ბანაკში, მერე ისევ გავივლით საშიშ მონაკვეთს ბუტულკას… ისე გუშინწინ მიწისძვრა იყო ჩინეთში და აქამდეც მოაღწია ბიძგებმა. ბლომად ყარა ქვა და ყინული მაგ დროს ბუტილკამ, ორი დაშავებული ჩამოიყვანა ვერტმფრენმა, საშიში არაფერი გადარჩნენ მარტივად. ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდნენ უბრალოდ.

მერე პირდაპირ მესამე ბანაკში ავალთ, ჩვენ გათხრილ გამოქვაბულს გავაფართოვებთ, უკეთ მოვაწყობთ და დავიძინებთ, მერე გააჩნია როგორ გაგვეღვიძება, ან პირდაპირ მწვერვალზე წავალთ შტურმზე, ან ისევ ავიწევთ ზევით, რომ კიდევ უფრო მაღალზე გავათიოთ ღამე და შემდეგი მთისთვის უფრო მეტად ვიყოთ მზად.

სე ცასთან ფლირტს გავს აკლიმატიზაციის პროცესი, ეპარები და ეპრანჭები, თავს აწონებ და აჩვევ. ჩემმა ბუდისტმა მეგობარმა კალიანმა მითხრა ერთხელ ინდოეთის ჰიმალაებში 5000 ზე, აქო მთებშიო, ღმერთებმა ცოტა ჟანგბადი იმიტომ დააწესეს, რომ მარტო განსაკუთრებულებმა იარონო…
მაგრამ არ მჯერა მაგისი, აქ ჩვეულებრივი, უსაქმური თავზე ხელაღებულები დაეხეტებიან. არავინ არაფრით განსხვავდება. ყველას ვიღაცა ყავს და ელოდება, ყველას ვიღაცა ამხნევებს და ზევით სიარულის ენერგიას ატანს ან პირიქით, ქვევით ექაჩება..

ხოდა, ბოლო ორო ღამეა, სულ თბილისში დახვედრილ დასჯებზე და შურისძიებების მორევებზე ვფიქრობ.. სულ არ მიკვირს რატომ უნდა ზოგს სულ აქ ყოფნა. მთა ხომ ბოროტი არაა, ტყუილა არაფერს დაგიშავებს, არც შენი ბედნიერება ეწყინება და არც შენი ცუდად ყოფნა გაახარებს… მოკლედ რაც არ უნდა შორს იყო ყველგან გწვდება საცეცები..
სამყაროში ხომ ყველაფერი სიმებითაა გადაბმული და ყველა გაფაჩუნება ერთმანეთს გადასცემს ვიბრაციას.. „ზატო“ გზიდან იმდენი სიმშვიდე გამომყვა, არ მაშინებს არაფერი…

მაგარი ამინდია დღეს და ხვალ მთაზე გავალთ თუ მიგვიშვა.

ხოდა დღეს მგონია რომ “აზადე»ა ყველა, ვინც ზუსტად იცის საით მიდის მისი გზა,

უი, მართლა გზაზე გამახსენდა უმაგრესი მოგზაური გავიცანი, უნგრელი, წელიწად ნახევარში დაარტყა დედამიწას წრე ველოსიპედით. ხოდა, ისეთი გასაძრომ-გამოსაძრომები მასწავლა პლანეტაზე, ალბათ მარტო მის გასაცნობად ღირდა აქ მოხვედრა.

აი, აზადესთან რომ ვდგავარ, უკან ის ზის სკამზე. ისე კიდევ ბევრი ირანული ჯგუფებია და ყველა საკუთარ რეგიონში მეპატიჟება, აქაური ადგილობრივი ბიჭიც დაგვიმეგობრდა, ჩუმია მარა იმსიღრმეა, გულით და ფიქრებით… არაფერი სჯობია მზის ჩასვლისას მასთან საუბარს და აწითლებული ხან ტენგრის ყურებას…

სანამ პოსტს თავი მოვუყარე და ინტერნეტის ყიდვა მოვახერხე, აზადემ მთხოვა გადაღმა ბანაკში ბულგარელი მთამსვლელი მომაძებნინეო, მწვერვალზე გადამიღო ფოტოო და მერე დაშვებისას ვეღარ შევხვდიო . (ირანში მკაცრადაა მწვერვალზე ყოფნის დადასტურების საქმე, აუცილებლად ფოტო უნდა აჩვენო, თორემ არ ჩაგეთვლება ასვლა, თავისი აპარატი კი გაიყინა) ხოდა მე მომიწია იმის თქმა, რომ სწორედ ის ბულგარელი ბიჭი დაიღუპა იმ დღეს…

იტირა ბერვი აზადემ… კი დვაინახეო რო გაფრინდა რაღაც წითელი, და კურტკა მეგონა გადავარდაო, ან ჩანთაო..
არაუშავს თუ არ დამიჯერებენო ასვლას..

მთას გახედა რო ვემშვიდობებოდი არც გაუგია.. რა ლამაზი მთაააო ხან ტენგრი… რატომ წაიყვანაო ჩემ თვალწინ ორი ადამიანი.
ერთი თვის წინ თურქ მთამსვლელს გაუჩერდა თურმე გული მწვერვალთან ახლოს, აკლიმატიზაციის გარეშე უცდია ასვლა, ხოდა, ამის მერე მაინც სცადა და ავიდა მთაზე 22 წლის ირანელი გოგო აზადე.
აზადე სპარსულად თავისუფლებას ნიშნავს…

პ.ს სულ რაღაცას საშიშ წერო მომწერენ, მაგრამ არაფერი მსგავსი… უბრალოდ ასეთია მთის ცხოვრება, აქ სხვანაირი “ჭორები» და საფიქრალებია. აი ეხლა პაბედიდან დაბრუნებულ ჯგუფს ველოდებით. ეს მეორე მთაა ამ ბანაკიდან ის ბევრად რთული და ღვთაებრივია. არის შანსი, რომ ჩემი აზერი მეგობარი რუფატი მწვერვალზე იყო და ის გახდა, “თოვლის ჯიქის” წოდების მფლობელი, მეორე მოქალაქე თავის ქვეყნის… მას მხოლოდ ეს მთა აკლდა 5 შვიდიათასიანი მწვერვალიდან… მშვიდობით იარე მეგობარო ყველაფერი კარგად იქნება! ინშალაა!

ავტორი: ირაკლი გუჯაბიძე

წყარო: Planet 360

ნანახია:(224)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
აზადეთოვლი

Related Articles

11 ენაზე მოსაუბრე 35 წლის მამაკაცი ენის შესწავლის რჩევებს გვაძლევს

პოლიგლოტობაზე გიოცნებიათ? იტალიელ პოლიგლოტს, ლუკა ლამპარიელოს ბევრი უკვე ლეგენდად მიიჩნევს, რადგან 35 წლის ასაკამდე 11 ენის შესწავლა შეძლო. ბევრი ადამიანია იმ


ტურისტებმა სვანეთის ულამაზესი სურათები BoredPanda-ზე გამოაქვეყნეს

უკრაინელი ტურისტი იური იგნატოვი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. მისი ბოლო გაჩერება საქართველოს ულამაზესი მხარე — სვანეთი იყო.   აღფრთოვანებულმა მოგზაურმა შთაბეჭდილებები


როგორ «კლავენ» ცოლები ქმრებში მამაკაცს

დღევანდელ რეალობაში, აშკარად იკვეთება ურთიერთობების პრობლემა ქალსა და მამაკაცის შორის. ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს: – კაცები, სულ უფრო და უფრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*