ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის | Jolo.ge


ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის

ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის

დრო მეცნიერული ახსნით, ესაა მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც მოვლენების კანონზომერი მონაცვლეობით გამოიხატება. სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული — ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება. დრო არასდროს ჩერდება — ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის. დროის ხანგრძლივი შუალედის საზომად იქცა მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო — წელიწადი.

გამოდის, რომ ადამიანებში ნეგატიურ განწყობასა და ასაკში შესვლის შიშს იწვევს მზის გარშემო დედამიწის რამდენიმე სრული გარემოქცევა?..

ასტრონომიულ დროს უპირისპირდება შიდა პიროვნული დროის სვლა. ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს განწყობა და თვითშთაგონება რომ თამაშობს ვფიქრობ, აღარავინ დავობს. მართალია, წლებს სახეზე აღბეჭდილი ნაოჭები ამხელს, მაგრამ სიბერისკენ მიმავალ დროს ბევრი სარგებელიც აქვს. დრო რომ სწრაფად არ გადიოდეს, არ ვიქნებოდით განვითარებაზე ორიენტირებულნი, აზრს დაკარგავდა ყველაფერი ის, რისკენაც ვისწრაფვით.

მიუხედავად ამისა, ჩვენთვის რთულია თითოეული წლის გადაბიჯება და კრიზისების დაძლევა, რასაც ხშირად ასაკობრივს უწოდებენ… აქ მთავარი ჩვენივე განწყობაა, ადამიანი იმდენი წლისაა, რამდენსაც საკუთარ თავს აძლევს უფლებას რომ იყოს… პესიმისტები თვლიან, რომ დრო ყველაფერს ანადგურებს. ოპტიმისტები კი ამბობენ, რომ დრო ყოველწუთიერად გვაძლევს რაღაც ახალ შესაძლებლობას. შინაგანი დროის აღქმის პარალელურად, ასტრონომიული დრო პარალელურ რეჟიმში ცხოვრებასა და მოქმდებას მოითხოვს. ამ ორის თანხვედრა კი არც თუ ისე რთულია.

ზოგადად ადამიანები მიდრეკილნი ვართ, სტაბილურობის განცდის ძიებისკენ, თუნდაც სტაბილურად ნეგატიურის. თუ შინაგანად გავითავისებთ, რომ ბუნების მსვლელობას ფეხი უნდა ავუწყოთ და ამას, პოზიტივით დატვირთულ სიახლედ მივიღებთ არ დავბერდებით! თუ ჩვენს თავს დავუგეგმავთ ბევრ საქმეს, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, დრო დროს მოგვცემს… ყოველი ჩვენთაგანი დავმდგარვართ იმ რეალობის წინაშე, როცა მოცემულ მომენტში თუ არ გადავერთეთ, თუ არ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიკარგებით…. დავიკარგებით ცხოვრებაში, უფრო კონკრეტულად კი — დროსა და სივრცეში. აქტიურ ცხოვრებად მხოლოდ დატვირთული რეჟიმი არ უნდა მოვიაზროთ. მთავარი ცხოვრებაა „აქ და ამჟამად“ პრინციპით, რომელიც თავის მხრივ, ჩვენი შეხედულებებისა და პრიორიტეტების მიხედვით ფორმირდება. არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ასტრონომიული დროის თუნდაც ერთი წუთი, რადგან შინაგანი დისბალანსი საქმეს უფრო გაართულებს.

მე არ მინდა წლებმა დაღი დამასვას, ამიტომ ჩემეული მიდგომითა და ხედვით გავაგრძელებ ცხოვრებას. ყველა ჩვენთაგანს გვხვდება გამოსროლილი კენჭები, ქვები, ლოდები. ხანდახან ვიცილებთ, ხანდახან ვერც… გამოსავალი ისევ განწყობასა და მოქმედებაშია. ვმოქმდებთ დროის შესაბამისად და ვეძებთ მხოლოდ პოზიტივს, რადგან რაც არ გვკლავს გვაძლიერებს.  დროს არ უნდა მივცეთ დრო. ხშირად ამბობენ, დრო დაუნდობელიაო… რეალურად კი,  სამომავლოდ გადადებული გეგმა, განწირულია განადგურებისთვის!

ალბათ თვლით, რომ ცოტა ირეალურია ჩემი ეს მიდგომა და მეტყვით, დრო სწრაფად გადის… ისღა დამრჩენია დაგეთანხმოთ, მაგრამ ამასაც თავისი დადებითი მხარე აქვს. ყველა დროს, თითოულ წელს, საათსა და წუთს თავისი გამოცდილება მოაქვს. თუ ეხლა, ჩემს ჩანაწერს კითხულობთ, ესეიგი ცოცხალი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შარშანდელთან შედარებით, მეტად გამოცდილი ხართ, თქვენი ღირებულებები და ფასეულობები ახლა უფრო დახვეწილია. თქვენ ბევრ ასტრონომიულად ახალგაზრდაზე ძლიერი ხართ და სწორედ, მათ სჭირდებით თქვენივე გამოცდილებით, პიროვნულობით, ღირსებითა და სოლიდურობით. დროში გამოცდილი საყრდენი კედლის მსგავსად, თქვენ ის კედელი ხართ, რომელიც არ დანგრეულა… შესაძლოა, ბევრ ასტრონომიულად ახალგაზრდაზე ახალგაზრდაც იყოთ შინაგანი სილაღის, იმედის, მოქმედებისა და ბედნიერების წყალობით… გვაქვს შესაძლებლობა, ვმართოთ დრო.

ამაზე ერთი ფრანგი ქალბატონის ცხოვრებისეული პრინციპებიც მეტყველებს: მადამ ჟანა კალმანმა იცოცხლა 122 წელი და 164 დღე. 100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე, 117 წლისამ თავი დაანება სიგარეტის მოწევას. იცნობდა ვან გოგს. 85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა. ჟანა კალმანმა შემოგვთავაზა თავისივე ცხოვრების წესები. * ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომაც მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ, უკანასკნელი 70 წელია ცუდად გამოვიყურები. * მე მხოლოდ ერთი ნაოჭი მაქვს და ახლა სწორედ მასზე ვზივარ. * შეყვარებული ვარ ღვინოზე. * ყოველთვის გაიღიმეთ. ასე ვხსნი მე ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოს. * ყველა შესაძლებელი სიტუაციიდან სიამოვნებას ვიღებდი, ვიცავდი მორალის პრინციპებს და არაფერს ვნანობ.

ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. იმდენი წლისანი ვართ, რამდენისაც გვინდა, რომ ვიყოთ. ბავშვივით გულწრფელი ღიმილი, სირთულეებზე არა ნერვიულობა, არამედ — საუკეთესო გამოსავლის და ცხოვრებაში სიხარულის მიზეზის ძიება.

თამარ ბუჩუკური, ფსიქოლოგი

ნანახია:(266)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველა ადამიანს ინდივიდუალური ფობია ანუ შიში აქვს — რა არის ფობია?!

ფობიები უძველესი დროიდან არის ცნობილი. თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას, ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე.  ფობიას


ნუ დააშორებთ გულებს ერთმანეთს

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს: – რატომ უწევენ ადამიანები ხმას კამათის დროს? – იმიტომ რომ გამოდიან წონასწორობიდან, – უპასუხა ერთ-ერთმა. –


ყველაზე შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ქალმა საყვარელთან გაქცეულ ქმარს მისწერა

ხანდახან ადამიანური გრძნობები, სიყვარულიც არ არის ხოლმე მარადიული. დღეს თუ სიყვარულის ფრთებით დაქრის ვიღაც, ჰგონია, რომ უყვარს და ოჯახს ქმნის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*