«არასოდეს იფიქროთ, რომ რაღაც დამთავრდა, არაფერიც არ დამთავრებულა»…

by admin | Февраль 24, 2020 16:15

წარმატების უმთავრესი კომპონენტი? — შრომა, თუ იშრომებ, ყველაფერი გექნება. ასევე, იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ და მისი სწორად დაგეგმვა, რადგან გეგმის გარეშე ეს შრომა ფუჭია.

დილის შვიდ საათზე უკვე ფეხზე ვარ. პირველ რიგში, აუცილებლად გადავხედავ  დღის გეგმას, რომელსაც წინასწარ ვადგენ. ჩემთვის დროს ყველაზე დიდი ფასი აქვს. ვაკონტროლებ დროს და გეგმას მივყვები.

[1]შენი საკეთებელი ყოველთვის შენ უნდა აკეთო.

არასოდეს არ უნდა დაელოდო, რომ ვინმე შენს გასაკეთებელს გააკეთებს. ჩემთვის არცერთი საქმე არ არის სათაკილო. ვაკეთებ ყველაფერს, არ მრცხვენია ჩემი საქმის. მთავარია, პატიოსნად იშრომო. უნდა იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ძალიან აქტიური, უნდა იმოქმედო წინასწარ ჩამოწერილი გეგმის მიხედვით.

ხშირად მესმის გარშემომყოფებისგან, რომ სამსახურები არ არის. მე კი ასე ვიტყოდი — საქართველოში არ არიან მომზადებული კადრები, რომლებსაც დაასაქმებ. ბევრი მიიჩნევს თავს განათლებულად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უკვე სხვა რეალობა დგება. შრომა ბევრს ეზარება. არავის არ უნდა დილით ადრე ადგომა. გვინდა მხოლოდ ხელფასი, ხელფასი მუშაობის გარეშე.

როცა ჩვენ კადრის აყვანას ვაპირებთ, დაახლოებით ას ადამიანს ვხვდებით, ვესაუბრებით და საუკეთესოს ვარჩევთ. ჩემი დევიზია — „განათლება გაგამდიდრებს“. სიმდიდრეში მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ. ადამიანი შინაგანად უნდა იყო მდიდარი. არ არის აუცილებელი, ცხრა უნივერსიტეტი გქონდეს დამთავრებული. აუცილებელია, საქმის ცოდნა, ადამიანებთან მოქცევის კულტურა. თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცე. ზემოდან არავის არ უნდა დახედო. როცა ამ ყველაფერს გააკეთებ, უკვე ძალიან მდიდარი ხარ.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა მიზანი ამართლებს საშუალებას?

– ჩემთვის — არა. ვიღაცისთვის შეიძლება — კი. თუ არასამართლიან ქმედებას ჩაიდენ, შეიძლება ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე, მაგრამ ათით უკან დაიხევ. ყოველთვის ჯობია, სამართლიანად გაჰყვე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვიდრე არასამართლიანად და დიდი ნახტომებით. წარმატება პატიოსანი და კეთილსინდისიერი გზითაც მიიღწევა, მაგრამ ცოტა გვიან. მე ისეთ სფეროში ვარ, ამ სფეროში შეიძლება უცებ დიდი ნახტომი გააკეთო, მაგრამ დაკარგო ყველაფერი, სახელი, რეპუტაცია და აღარ იყო სასურველი ადამიანი. ჩემი პრიორიტეტია, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო, ყველა გვერდით მყავდეს და პატიოსანი გზით ვიშოვო ის, რასაც ვშოულობ.

წარმატებას უნდა მივაღწიოთ პატიოსნებით და ბევრი შრომით. წარმატებული ხარ მაშინ, როცა შინაგანად ძლიერი ხარ. როცა დაბრკოლებებს არ უშინდები, როცა არ ჩერდები და შენს გასაკეთებელს ბოლომდე აკეთებ. თუმცა, ადამიანები ზარმაცები ვართ. იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ვაკეთებთ ერთი თვის შემდეგ, მაშინ, როცა უკვე გვიანია.

ზარმაცი ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს, ვერც ის, ვინც მუდმივად გამორჩენაზე ფიქრობს და წუწუნებს, სხვას უყურებს ხელებში და სხვის იმედზეა.

თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, შინაგანად უნდა იყო მებრძოლი, უნდა გიყვარდეს სიახლე, წინსვლა. უიმედობამ არ უნდა შეგიპყროს და თუ მაინც მოვა უიმედობა, აუცილებლად უნდა შეებრძოლო ცუდ აზრებს და თავს შემოუძახო. არასოდეს არ იფიქროთ, რომ რაღაც დამთავრდა, არაფერიც არ დამთავრებულა, ყოველი დღე ახლიდან იწყება. თუ ერთმა ადამიანმა შეძლო და მიზანს მიაღწია, მაშინ ეს სხვასაც შეუძლია…

გიორგი მიქაცაძე 

კომპანია „IT CRAFT“-ის დამფუძნებელი და დირექტორი

ნანახია:(2000)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/02/gi1.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/arasodes-ifiqro-rom-ragac-damtavrda/