«არაფერი ისე არ შთააგონებს, როგორც სხვა ადამიანების წარმატების ისტორია!» — უინსტონ ჩერჩილი | Jolo.ge


«არაფერი ისე არ შთააგონებს, როგორც სხვა ადამიანების წარმატების ისტორია!» — უინსტონ ჩერჩილი

«არაფერი ისე არ შთააგონებს, როგორც სხვა ადამიანების წარმატების ისტორია!» — უინსტონ ჩერჩილი

ერთი ძალიან შთამაგონებელი ისტორია

პირველად ჩემს ფინანსურ თავისუფლებაზე 9 წლის წინ დავფიქრდი. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ნაბიჯები, რომელთა დისციპლინირებული და რეგულარული გადადგმითაც, გარანტირებულად აღწევ ფინანსურ თავისუფლებას.

«არაფერი ისე არ შთააგონებს, როგორც სხვა ადამიანების წარმატების ისტორია!» — უინსტონ ჩერჩილი

ისტორია, რომელიც ახლა მინდა მოგიყვეთ, პირველად ISIF-ში მოვისმინე, «ფინანსებისა და ინვესტიციების» პირველ ლექციაზე. მას შემდეგ არ წყვეტს ის ჩემს შთაგონებას. ჰოდა, დღეს განვიზრახე, პოსტი დამეწერა და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ეს არის ისტორია ერთ აფროამერიკელ ქალზე, სახელად ოზეოლა მაკკარტი, რომელიც დაიბადა 1908 წელს აშშ-ში, შტატ მისისიპიში.

ის იყო უბრალო აფროამერიკელი გოგონა, რომელიც მთელი ბავშვობა სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტში ჩაბარებასა და მედდობაზე ოცნებობდა.

იმისათვის, რომ ავადმყოფი დეიდისთვის მიეხედა, ოზეოლას მეექვსე კლაში სკოლის მიტოვება მოუწია. სწორედ აქ შეწყდა მისი განათლება… ამის შემდეგ ის სკოლაში აღარასდროს დაბრუნებულა.

ადრეულ ასაკში ოზეოლამ სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა და უმძიმესი სამუშაოს სანაცვლოდ, ყოველდღიურად რამდენიმე დოლარს იღებდა.

ერთ დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება და მისისიპის პირველ ნაციონალურ ბანკში სადეპოზიტო ანგარიში გახსნა. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ოზეოლა მიდიოდა ბანკში და საკუთარ ანგარიშზე ერთ დოლარს ან დოლარ ნახევარს დებდა. როდესაც ეკითხებოდნენ, რისთვის აგროვებდა ფულს, პასუხობდა: „ბებიის სიბერისთვის“.

მისი ბებია 1944 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ამ დროისთვის ოზეოლას უკვე მყარად ჰქონდა დაგროვების ჩვევა ფორმირებული და მაინც ყოველდღიურად აგრძელებდა ფულის საკუთარ დეპოზიტზე შეტანას. სამოცდაათიანებში გარდაიცვალნენ მისი დედა და დეიდა…

ბანკები ერთიანდებოდნენ, იხურებოდნენ და იხსნებოდნენ, მისი ანგარიში კი ერთი ბანკიდან მეორეში გადადიოდა. ერთხელ ბანკის თანამშრომელმა ოზეოლას დანაზოგის ნაწილის ობლიგაციებში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც ოზეოლა დათანხმდა… თანაც ამისთვის არავითარი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.

ოზეოლა 75 წლის განმავლობაში მუშაობდა მრეცხავად. ის ძველ ხის სახლში ცხოვრობდა მარტო, არასოდეს ჰყოლია ავტომობილი, არ ჰქონია მატერიალური სიმდიდრე, მაგრამ ის ყოველთვის ადამიანებს ეხმარებოდა.

1995 წელს ბანკის თანამშრომელმა პოლ ლოგლინმა შენიშნა, რომ უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ოზეოლა აღარ მისულა ბანკში და მასთან სახლში მისვლა გადაწყვიტა. ოზეოლამ უთხრა, რომ ავად გახდა, მაგრამ უკვე უკეთ იყო და შემდეგი კვირიდან გავიდოდა სამსახურში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი დანაზოგით შეივლიდა ბანკში.

ბანკში დაბრუნებულმა პოლმა გადაწყვიტა, ენახა ოზეოლას ანგარიში და წარმოუდგენლად გაოცებული დარჩა ნანახით. ოზეოლა მაკკარტის აქტივები ნახევარ მილიონ დოლარს აჭარბებდა.

რამდენიმე დღეში მის მაკკარტი მივიდა ბანკში და მოისმინა ეს ინფორმაცია. მან არ დაუჯერა პოლს და ეს ყველაფერი უცნაურ ხუმრობად ჩათვალა. როდესაც აჩვენეს ციფრები მის ანგარიშზე, ოზეოლამ თქვა: „თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აქ არავითარი შეცდომა არაა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, მაშინ დარჩეს ეს ფული ამ ანგარიშზე“.

ბანკის თანამშრომლები შეეცადნენ, აეხსნათ ოზეოლასთვის, რომ მას აღარ ჰქონდა ასეთი მძიმე მუშაობის საჭიროება, რომ დანაზოგი იმხელა თანხას შეადგენდა, რომ მას შეეძლო სრულად უზრუნველეყო საკუთარი სიბერე, რაზეც ოზეოლამ უპასუხა: „მე ფულის გამო არ ვმუშაობ. მე მომწონს, როდესაც ადამიანებისთვის სარგებელი მომაქვს“.

„რა ვუყოთ თქვენს ფულს?“ — ჰკითხეს ბანკის თანამშრომლებმა. ამ შეკითხვამ ჩიხში შეიყვანა ოზეოლა. მაშინ პოლ ლოგლინმა ამოიღო ჯიბიდან ათი რკინის მონეტა და ჰკითხა: „მის მაკკარტი, როგორ გადაანაწილებდით ამ ათ მონეტას?“ – „ერთს მივცემდი ეკლესიას, მე ყოველთვის ასე ვაკეთებდი და ვაგრძელებ დღემდე. აი, ამ სამ მონეტას მივცემდი ჩემს სამ ნათესავს, ისინი კარგი ადამიანები არიან და იმსახურებენ, რომ მათზე ვინმემ იზრუნოს, თანაც, მათ გარდა აღარავინ მყავს, ხოლო ეს დარჩენილი ექვსი მონეტა მიეცით სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტს“. ყველა გაოცებული დარჩა ოზეოლას გადაწყვეტილებით. „კი მაგრამ თქვენ? რას დაიტოვებთ საკუთარი თავისთვის?“ – „მე? — ღიმილით გაიმეორა ოზეოლამ, — მე თავადაც შემწევს ძალა, ვიზრუნო საკუთარ თავზე!“

1995 წელს სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტში გაიხსნა ფონდი, სადაც პირველადი შენატანი, 250 ათასი დოლარის ოდენობით ოზეოლა მაკკარტის სახელით შევიდა. ფონდი მისისიპელ აფროამერიკელებს განათლების უფასოდ მიღების საშუალებას აძლევდა. ეს ისტორია სწრაფად მოედო მთელ ამერიკას, რის შემდეგაც ასობით ადამიანმა დაიწყო ამ ფონდში ფულის ჩარიცხვა.

ამერიკელი მილიარდერი, ტედ ტერნერი იმდენად შთააგონა აფროამერიკელი მოხუცი ქალბატონის საქციელმა, რომ ფონდში მილიარდი დოლარი გადარიცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ოზეოლა მაკკარტი სულ რაღაც სამი მილის მოშორებით ცხოვრობდა მისისიპის უნივერსიტეტიდან, რომელშიც ოდესღაც სწავლაზე ოცნებობდა, ის არასოდეს იყო ამ უნივერსიტეტში ნამყოფი… და როდესაც პირველად ის ამ შენობის კედლებში აღმოჩნდა, პირველი 30 წუთის განმავლობაში მან ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხა, რადგან მას სტუდენტების უწყვეტი აპლოდისმენტები უშლიდა ხელს. ყველა ფეხზე ამდგარი ეგებებოდა ოზეოლა მაკკარტის.

ორი დღის შემდეგ, ის საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე მიიწვიეს, სადაც 30 ათასი ადამიანის თანდასწრებით, შტატის გუბერნატორმა ის დღე ოზეოლა მაკკარტის დღედ გამოაცხადა.

1996 წელს ოზეოლა მაკკარტის ოლიმპიური ცეცხლი მიჰქონდა.

გაერომ მას გადასცა სპეციალური ჯილდო.

მიმდინარე 4 წლის განმავლობაში, მან მიიღო 300 სხვადასხვა ჯილდო და პრემია, რომლიდან ერთ-ერთიც, მისი საქციელით აღფრთოვანებულმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა გადასცა.

ოზეოლა მაკკარტი 1999 წლის 26 სექტემბერს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

18 წლის სტეფანია ბალოკი, სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო, რომელმაც ოზეოლა მაკკარტის ფონდიდან პირველი გრანტი მიიღო, რაზეც თვალცრემლიანმა თქვა: „ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ მის მაკკარტიმ ვერ იცოცხლა კიდევ ნახევარი წელი, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ ასრულდა მისი ოცნება და აფროამერიკელი გოგონა ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა“.

აი, ასეთი ისტორია…

თუ მოგეწონათ, დატოვეთ კომენტარი და გააზიარეთ პოსტი თქვენს კედელზე, რათა კიდევ დიდხანს გახსოვდეთ და შთაგაგონებდეთ ამ ლამაზი სულის მქონე ადამიანის ისტორია.

გიორგი თვალაძე

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(1611)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ერთხელ და სამუდამოდ როგორ გავხდე წარმატებული?»

…ადამიანები მთელი ცხორება ვეძებთ «ყველაზე მოკლე» გზას, ყველაზე დიადი მიზნების განსახორციელებლად…. …პატარა ლოცვა გვინდა წავიკითხოთ — რაც შეიძლება პატარა ,


„მოვინდომე და გავიარე“ — დაუჯერებელი ისტორიის ორი გმირი

ხათუნა მუზაშვილისა და ანა-მარიას საოცარ ისტორიას სანამ მოგითხრობთ , მანამდე მინდა ის პრაქტიკული სავარჯიშოები გაგიზიაროთ, რომელიც რწმენას შეგმატებთ, საკუთარ ძალებში


მასწავლებლის გაკვეთილი მებრძოლს

„ვინ უფრო ძლიერია ხმალში? – იკითხა მებრძოლმა. — გადი მინდორში მონასტრის წინ. უთხრა მასწავლებელმა. იქ ერთი დიდი ქვა არის. შეურაცხყოფა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*