«არ შეჩერდე, ბოლომდე იბრძოლე!» — ეკა ბალანჩივაძე | Jolo.ge


«არ შეჩერდე, ბოლომდე იბრძოლე!» — ეკა ბალანჩივაძე

«არ შეჩერდე, ბოლომდე იბრძოლე!» — ეკა ბალანჩივაძე

ეკა ბალანჩივაძე – ეს სახელი და გვარი სოციალურ ქსელში უკვე ძალიან ბევრმა იცის. ის ულამაზესი და წარმატებული ქალბატონების ჯგუფთან ასოცირდება, ჯგუფთან ძალიან უცნაური სახელით, რომელმაც მოკლე ხანში უამრავი ქალი შემოიკრიბა, გააბედნიერა და ის რეალობა შეუცვალა, რომელშიც დღეს დანარჩენი სამყარო ცხოვრობს.

აქ აბსოლუტურად ყველაფერია ქალებისთვის – ფიტნეს გაკვეთილები, თავის მოვლის საშუალებები, კულინარიული რეცეპტები, ფსიქოლოგის რჩევები, სილამაზის საიდუმლოებები… განწყობის ამაღლებას კი ის ჯადოსნური მუხტი უზრუნველყოფს, რომელსაც სილამაზე, ხალისი, სიკეთე, გართობა, დასვენება და იუმორი ჰქვია.

ერთი სიტყვით, ეკა ბალანჩივაძემ ამ ჯგუფით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ, თუ სურვილი გაქვს, შესაძლებელია, ყველანაირ სიტუაციაში მოიპოვო შენი წილი სიმშვიდე და ბედნიერება.

ახლა კი თავად ეკა მინდა გაგაცნოთ. ერთი შეხედვით, უბრალოდ, ძალიან ლამაზი ქალი, რომელმაც ეს საოცარი ჯგუფი შექმნა და საკუთარ თავთან ერთად, უამრავი ქალბატონიც გააბედნიერა.

ეს ერთი შეხედვით… დანარჩენი კი ქვემოთ, ინტერვიუში.

– ეკა, როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?

– იუმორით და სპონტანურად… ჩემს პირად ფეისბუკგვერდზე, უბრალოდ, სტატუსი დავწერე: ახლა არ გავსუქდეთ, თორემ კორონა რომ დამთავრდება, მერე რას ვიზამთ-მეთქი. ამას ძალიან ბევრი კომენტარი მოჰყვა. მერე გოგოებმა მომწერეს, – ჯგუფი ხომ არ შევქმნათო. შევქმენი ჯგუფი, დავამატე ჩემი გოგოები და ასე დაიწყო ყველაფერი. თავიდან პატარა ჯგუფი იყო, ახლა უკვე 12 000-ზე მეტნი ვართ.

 – ამ ჯგუფმა ბევრს შეუმსუბუქა კარანტინის  დღეები.

– კორონას გამო ცოტათი შიში და რაღაც დეპრესიასავით მეც მქონდა. ჰოდა, გამოსავალიც ვიპოვე… ზოგადად, ასეთი თავდაცვის ინსტინქტი მაქვს — აუცილებლად უნდა მოვძებნო რაღაც ხერხი, რომ რთული სიტუაციიდან გამოვიდე. ეს ჯგუფიც ზუსტად ასეთია, ერთმანეთს ვახალისებთ და ძალიან ვერთობით.

– გართობასთან ერთად, როგორც ვნახე, საქველმოქმედო აქციაც წამოიწყეთ და ბავშვებს და მოხუცებს დაეხმარეთ.

– კი, არის ასეთი ჰოსპისი — „ციცინათელების ქვეყანა“ და ჯგუფმა ამ ჰოსპისს ბავშვებისთვის 5000 ლარამდე გადასცა. «ფერისცვალების» მოხუცებს კი 4000 ლარი შევუგროვეთ. ძალიან მინდა, ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალებსაც დავეხმაროთ. ჯერ ვიკვლევ, როგორ და რანაირად გავაკეთებთ ამას. ვართ ძალიან ბევრნი და თითოეულმა ლარიც რომ ჩავრიცხოთ, ისეთი თანხა გამოდის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ, ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ ყოფას.

– ამ ჯგუფში იმდენი ლამაზი ქალია, რომ ზოგიერთმა ლამაზმანების ჯგუფიც კი დაარქვა. იცოდი, რომ საქართველოს ამდენი ლამაზი და წარმატებული ქალი ჰყავდა?

 – ვიცოდი, რომ ქართველი გოგოები პლანეტაზე ყველაზე გამორჩეულები ვართ და სულ ამას აღვნიშნავდი. ეს ჯგუფი კი ამის რეალური მაჩვენებელია. ევროპაში კაცები უფრო ლამაზები არიან, ვიდრე ქალები… მგონი, იტალიას ჰყავს, სულ რაღაც, ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ლამაზი ქალი და ისინიც ტელევიზიებში მუშაობენ. ქართველი ქალები მასობრივად არიან ლამაზები. ამ ჯგუფშიც ყველა ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ მაინც გამიკვირდა ის, რომ არა მარტო ლამაზები, არამედ ჭკვიანები, წარმატებულები, საოცრად განათლებულები და ყველანაირი სიკეთით დაჯილდოებულნი არიან.

– ეკა, უმეტესობამ ამ ჯგუფით გაგიცნო და ამ ჯგუფითვე გაიგო ისიც, რომ დიზაინერი ხარ. როდის და როგორ დაიწყო შენი კარიერა ამ სფეროში?

– დიზაინერი ვარ ბავშვობიდან, ჩემი შექმნილი სამოსი სამეგობრო წრეს მოსწონდა და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მერე სამეგობროდან უფრო ფართო მასშტაბებზე გადავედი და ჩემი ბრენდიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ეს ისე მალე მოხდა, რომ თავადვე გაოცებული დავრჩი. ქალებისთვის ძალიან კარგ და ხარისხიან სამოსს ვქმნი და, ალბათ, ამან განაპირობა. ჩემმა ბრენდმა საკუთარ თავს თვითონ გაუკეთა რეკლამა, ისე, რომ მე არასოდეს მიმუშავია ამ საკითხზე.

– ფეშენვიკებში თუ მონაწილეობ?

– ძალიან ადრე, მგონი, 2009-ში მივიღე მონაწილეობა. მერე კი მივხვდი, რომ ჩემთვის ფინანსური ინტერესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბიზნესის კუთხით წავედი. ბიზნესი უნიფორმებს უკავშირდება. ამ კუთხით აბსოლუტურად ყველა დიდ კომპანიასთან ვითანამშრომლე, ძალიან დიდ შეკვეთებს ვიღებდი.

რაღაც პერიოდი ტელევიზიებში გადაცემების მხატვარიც ვიყავი. მქონდა რამდენიმე ფილმის პროექტიც და ეს უფრო მხიბლავდა.

– დღეს რა ხდება?

– ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, კომპანიებთან ისევ ვთანამშრომლობ. ფალიაშვილზე მაქვს საკმაოდ პოპულარული „შოურუმი“, ასევე, პატარა ატელიე, სამკერვალო, სადაც ამ ყველაფერს ვქმნით. ამ კორონობის დროს რაც მადარდებს, ჩემი გოგოებია, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ. ძალიან მენატრება ჩემი სამსახური.

– ანუ ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესლედი ხარ საქართველოში?

– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც დოზით კმაყოფილი ვარ, რაღაცნაირად შედგა ჩემი პიროვნება ჩემს თვალში და ეგ ყველაზე მთავარია.

– ჯგუფში სტატუსი გამოაქვეყნე ფოტოთი, სადაც წერდი, რომ ეს იყო შენი ოცნების სახლი, რომელიც რამდენიმე თვეში საკუთარი შრომით იყიდე და ამით ამაყობდი.

– მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. უბრალოდ, მიზნად დავისახე, ძალიან ჩქარა მეყიდა ბინა. თანხა ჩემივე შრომით რამდენიმე თვეში მოვაგროვე და ოცნება ავიხდინე, მერე რემონტიც გავაკეთე და თვე-ნახევარში ახალ სახლში გადავედი. დღეს იქ არ ვცხოვრობ, ვაქირავებ, მაგრამ იმ მომენტისთვის ძალიან საამაყო ამბავი იყო ეს ჩემთვის.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასე აიხდინო ოცნებები? როგორ უნდა მივიდეთ წარმატებამდე?

– წარმატების მიღწევა ბევრად ადვილია მაშინ, როდესაც მიზნები გაქვს დასახული და ზუსტად იცი, რა გინდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ მიზნამდე და შედეგსაც დებ. ზოგი ამას გამართლებას ეძახის, თუმცა გამართლება სახლში ჯდომით და ტელევიზორის ყურებით არ მოდის, გიმართლებს მაშინ, როცა თავდაუზოგავად შრომობ და არ ჩერდები. ამ დროს ღმერთი აუცილებლად გადმოგხედავს… შეიძლება თავიდან და მერეც, დიდი ხნის განმავლობაში შენი შრომის შედეგი ვერ დაინახო, მაგრამ არანაირად არ უნდა გაჩერდე, ამან არ უნდა შეგაშინოს.

როცა რაღაცას მიზანმიმართულად აკეთებ, აუცილებლად გაგიმართლებს, აუცილებლად გამოგივა, აუცილებლად ასრულდება. უბრალოდ, ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა. ოცნება და მიზანი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, რომელსაც აქვს ფინიში. ჩემი დევიზია: არ შეჩერდე, არ შეშინდე, ბოლომდე იბრძოლე!

– შენი ცხოვრების მთავარი მიზანი შესრულებულია?

– ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, შემდგარი პიროვნება ვყოფილიყავი, რომელიც არავისზე  არაფრით არ იქნებოდა დამოკიდებული. პირიქით, ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ვიქნებოდი ის ძალა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ამოცანა, რომელსაც მივაღწიე.

ცხოვრება თავიდან დავიწყე, შიშველი ხელებით, და ბევრი სურვილიც შევისრულე. არადა, წესით, უნდა გამჭირვებოდა, რადგან ერთ დროს მშობლებისგან ძალიან განებივრებული  ვიყავი, მაგრამ პირიქით მოხდა, რადგან მქონდა სურვილი, რწმენა, თავდაჯერება და…

ბოლოს ისე გამოვიდა, რომ დღეს მარტო საკუთარი თავის კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის უზრუნველყოფა შემიძლია.

– ამ გზაზე თუ ყოფილა მარცხი, წაქცევა, დეპრესიული მომენტები?

– რა თქმა უნდა, სულ არის ეს. როცა ადამიანი საქმეს აკეთებ, არარსებულია, რომ პრობლემები არ შეგექმნას. წინააღმდეგობა და შეცდომები არ ექმნება მას, ვინც არ მოქმედებს. როცა რაღაცას აკეთებ, შეიძლება ვიღაცამ დაგაბულინგოს, ვიღაცამ დაგცინოს, ვიღაცამ თქვას, რა საშინელებას აკეთებს, ან რა ცუდიაო.

– ბევრი ასეთ სიტუაციებს უშინდება და ჩერდება, ფარ-ხმალს ყრის.

 – არაფრით არ შეიძლება ეს. მოტივაცია უნდა გქონდეს მუდმივად. უნდა იცოდე, რომ გზაზე, რომელზეც მიზანს უნდა მიაღწიო, მილიონი სირთულე შეგხვდება, მარცხიც იქნება, წაიქცევი კიდეც, მაგრამ არ უნდა გაჩერდე, რადგან ის ბრილიანტი შეიძლება, ზუსტად იმ კედლის უკან, 2 მილიმეტრში დევს, სადაც შენ ფარ-ხმალს დაყრი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ მოვინდომებთ, ყველა მიზანი მიღწევადია…

მეც ბევრჯერ წავქცეულვარ, ახლაც ასეა. მთავარია, ადგე, გაიმართო, გზა გააგრძელო და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო.

– პირად ცხოვრებაზეც მინდა გკითხო. როგორც ჯგუფში განთავსებული ვიდეოებიდან ჩანს, შენ და შენი მეუღლე კარგი მეგობრებიც ხართ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს ცოლ-ქმარს? 

 უნდა გაგიმართლოს, მეც ძალიან გამიმართლა (იცინის)… ერთნაირი ტიპები ვართ, ორივე კურო ვართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ხასიათებითაც, რაღაც მომენტებში, ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ვაბალანსებთ კიდეც, მაგრამ რაღაც მომენტებში განსხვავებულებიც ვართ…

ვფიქრობ, მთავარია, ადამიანში სულ დაინახო ის კარგი თვისებები, რომლებიც დროთა განმავლობაში რატომღაც გვავიწყდება და რაღაცნაირად ვეღარ ვხედავთ. არადა იმ ადამიანს ის თვისებები ისევ აქვს. დათმობაც აუცილებელია. მე და კოტე ვცდილობთ, ჩვენი ხასიათის კარგი მომენტები წინა პლანზე წამოვწიოთ. ახლა არც კი მახსენდება, რა აქვს კოტეს ცუდი.

– კოტეს ბევრი იცნობს გადაცემა „ექიმებიდან“, თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 – კი, გადაცემით უფრო იცნობენ, არადა რეალურად თავისი საქმის პროფესიონალია. მე ვიცნობდი, როგორც ქირურგს. ტელევიზორს არ ვუყურებ და ეს გადაცემაც არც ვიცოდი. ცხვირის ოპერაცია დამჭირდა და კოტესთან მივედი. ეს ამბავი დიდი ხნის წინათ იყო, მაშინ ოპერაცია ვერ გავიკეთე, არც კოტეს მოუხდენია ეფექტი ჩემზე, საერთოდ არ დამამახსოვრდა… 6 თუ 7 წლის შემდეგ კი ახლიდან გავიცანი სამეგობრო წრეში და გამახსენდა, რომ ეს ის ბიჭია… უკვე ორი წელია, ერთად ვართ.

ამიტომ ვამბობ გამართლებას… სწორ ადგილას და სწორ დროს უნდა შეხვდე ადამიანს.

უბრალოდ, მერე წყვილმა სულ უნდა შეინარჩუნოს ის ნაპერწკალი, რაც თავიდან აქვს. ყველა წყვილს ვუსურვებ ამ ნაპერწკალს ცხოვრების ბოლომდე.

– ქალებს რას უსურვებ?

ენთუზიაზმი არასოდეს დაკარგონ. ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს. უნდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი პირადი სივრცე და უნდა ვიზრუნოთ, რომ არასოდეს დავკარგოთ ქალურობა. ბედნიერებას ვუსურვებ ყველა ქალს, ბედნიერება წამებშია, ეს დაიჭირონ და ამით იყვნენ ბედნიერები.

უნდა ვიყოთ უფრო მეტად კეთილები და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან სიკეთე სიკეთეს იწვევს.

ავტორი: დეა თავბერიძე

არ გასუქდეთ ! კორონა დამთავრდება და მერე? 

ნანახია:(2143)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

17 წლის ბიჭის „არაფრით“ დაწყებული ბიზნესი და რეალური საქმე

„12 წლიდან ვარ ბიზნესში“ — მეუბნება ამაყად და პირველ ნაბიჯებს იხსენებს. ახლა 17 წლის არის, ისევ საკუთარი ბიზნესით, დიდი გეგმებით


ტელევიზიაზე უზომოდ შეყვარებული ყველაზე პატარა ჟურნალისტი აკადემიური გადაცემით

პირველი სურვილი 10 წლისამ აიხდინა, მიზანი დასახა, გუნდი შემოიკრიბა, სპონსორი მოიძია, ვიდეო კამერა იყიდა და „ფილმიც გადაიღო“…   ეს ბიჭი


სურვილი, რწმენა, სიყვარული და სამყაროს ჯადოსნობები …

ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რა დიდი ძალა აქვს გულიდან წამოსულ სურვილს, რწმენას და იმ საქმის სიყვარულს, რომელსაც ემსახურები.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*