fbpx

ალბათ ვიღაცის სიზმარი ვარ… გაიღვიძე …

ავტორი ჟოლო
223 ნახვა

წერილი საგიჟეთიდან #3

ძილს ვერაფრით მივეჩვიე.. ექიმებს ვერ ვაჯერებ, რომ თვალებში ყვავილების ბაღი მაქვს და თუ დიდხანს დავხუჭავ, მომიკვდებიან. ყვავილებიც მომიკვდებიან. ისედაც ხომ ყველა მიკვდება.. ნეშომპალების სუნს ვერ ვიტან, მაშინებს..

ისევ მაძალებენ, რომ მალევე ჩავაქრო ოთახში სინათლე, თორემ მწერებით აივსებაო.. ისედაც ვიწრო ფანჯრიდან, ძლივს აღწევს სამყარო.. აქ მწერებს რა უნდათ, აქ არავის ადგილი არაა. არც ჩემი, მაგრამ არ მიშვებენ.

პლასტელინისგან ტალღები გამოვძერწე და ლოგინთან მიწყვია. ველოდები როდის გაწვიმდება, რომ ტალღები აბობოქრდნენ და იქნებ წყალმა მაინც წამიღოს, იქნებ სუნთქვა შემეკრას და აღარ ინათოს.. მაგრამ არაფრით გაწვიმდა, რომ გათენდება ქაღალდისგან ღრუბლებს გამოვჭრი. როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ თუ ღრუბლები არ მექნება, ვერ იწვიმებს..

ჩემი არავის სჯერა. მე კი არ მჯერა, რომ ვარსებობ. ალბათ ვიღაცის სიზმარი ვარ. მას სძინავს დიდიხნით მე კი მინდა რომ გაიღვიძოს და გავთავისუფლდე. მისი სიზმარი არის კოშმარული. მოდიან ადამიანები, თეთრი ხალათებით, როცა მე ოთახში ცეკვას ვიწყებ პლანეტებთან. მოდიან და მიკეთებენ მწარე წამალს. მიწის თოკებით მიბამენ ხელებს, რომ ცას ვეღარ მივწვდე.. გემუდარები ჩემო ადამიანო, გაიღვიძე და გამიშვი ამ სიზმრიდან..

ჩემი შვილი მენატრება. მას ვეღარ ვხედავ. მითხრეს რომ ახლა ღრუბლებში ცხოვრობს და იქ პატარა ფრთიანი არსებები უვლიან.. მეშინია, რომ სიზმრები აწუხებენ, ან ძილის დროს საბანს არავინ უსწორებს..

გათენდება და ღრუბლებს გამოვჭრი. იქნებ, ჩემი შვილი ამ ღრუბლებში გადმოსახლდეს. ან იწვიმოს მაინც, წყალმა მაინც წამიღოს..

სინათლეს ვაქრობ.

ვარსკვლავებამდე..

“ ლუ “ 💜

ავტორი Ellisa Beth

წყარო: წიგნის ჭიები 📚

მსგავსი სტატიები

Leave a Comment