… «ადამიანებო, ნუ კლავთ ცხელ გულს დუმილით, კომლექსებით, ნუ ასამარებთ»…

by admin | 17 августа, 2020 12:53

დიდი ხნის წინ, ერთი ბიჭი მიყვარდა.. ვკვდებოდი და ვდნებოდი.. ჩემზე მუდო იყო, ისეთი მუდო, გაუცინარი და მუნჯი.. ლამაზი იყო ის ოხერი, თვალები ჰქონდა შავი და ძალიან ხშირი შავი წამწამები…

დაახლოებით მეექვსე კლასამდე ხმას ვერ ვცემდით ხოლმე ერთმანეთს, მერეც ცოტას ვლაპარაკობდით, ძირითადად სამეგობროსთან ერთად. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ყველაფერში უსიტყვოდ ვეხმარებოდი, მათემატიკის საკონტროლოს ვუწერდი, ჩემსას რომ მოვრჩებოდი…

სახლის გზა ნახევრად საერთო გვქონდა, ექსპერიმენტებს ვატარებდი ხოლმე, გვიან გავდიოდი კლასიდან, არ მახსოვს არ დამლოდებოდა ეზოში.. მაგრამ არასდროს არაფერი უთქვამს..

მეცხრე კლასის შემდეგ სკოლიდან გავიდა.. რაღაც რომ იყო მაშინ, კოლეჯში რომ გადადიოდნენ ხოლმე, აი ის თაობა ვარ მე. წავიდა ჩემი შავთვალა.. როცა გამახსენდებოდა, ან მის უბანში ჩავივლიდი, გულის ცახცახს ვერაფერს ვუხერხებდი.., თუმცა როგორღაც გადავიტანე და დავივწყე კიდეც…

ბოლო ზარზე და ბანკეტზე მოვიდა.. წინა დღით დამირეკა, მე გამოგივლიო. გამიკვირდა.. და გული მეტკინა, ვერაფერი ვიგრძენი, მნიშვნელობა დაჰკარგვოდა და გაუფერულებულიყო ის ბავშვობაში დარჩენილი მღელვარე და მუდო სიყვარული…

თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ და არასდროს არსად მინახავს, არც სოციალურ ქსელში მიძებნია.. თითქმის არ მაქვს კლასელებთან კონტაქტი.. გუშინ მიპოვა თვითონ და მომწერა…

აი, უბრალოდ ვზივარ, ვკითხულობ ამ ჩათს და არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო ადამიანს, რომელსაც 6 წლიდან ვუყვარდი თურმე და ვერასდროს შეძლო, ვერც 17-18 წლის ასაკში ამის თქმა.. ახლა, როცა ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, დგას ეს ჩემი ბავშვური ოცნება და მიყვება, როგორ ძალიან უნდოდა და ბოლო ზარზე როგორ ვერ გამიბედა სიყვარულში გამოტყდომა.. ვიცინით ორივე და თან იმხელა სევდა სუფევს ამ ჩათში, გამოვიქეცი, თქვენთვის რომ მეამბნა…

ნუ შვრებით ხოლმე ადამიანებო, ნუ კლავთ ცხელ გულს დუმილით, კომლექსებით, ნუ ასამარებთ, არაფერი ქრება უკვალოდ სამყაროში…

ინანა

ნანახია:(5936)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/adamianebo-nu-klavt-cxel-guls-dumilit-kompleqsebit/