5 მარტივი ნაბიჯი ნეგატიური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად | Jolo.ge


5 მარტივი ნაბიჯი ნეგატიური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად

5 მარტივი ნაბიჯი ნეგატიური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად

როგორ ჩნდება შენ გარშემო ფიქრების აბლაბუდა და როგორ ეხვევი სამუდამოდ მასში?

რა არის ამ აბლაბუდის მიღმა და როგორი ცხოვრება გელის, თუ ცალი თვალით მაინც გამოიხედავ გარეთ, რეალობაში?

რეკავს მაღვიძარა… უკვე დილაა… ცალი ხელით თიშავ ზარს და თვალების გახელას ვერ ასწრებ, ისე შემოიჭრება შენს თავში მილიონი ფიქრი… შემოდის და ქარიშხალი «ირმას» მსგავსად [ოკეანე რომ გააქრო ბაჰამებიდან], მიაქვს გათენებული დილის სიხარულის შეგრძნება, მადლიერების განცდა, დასვენებულ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელები… და უცებ, გრძნობ, რომ მთელი სხეული გტკივა, ენერგია ძილის შემდეგაც არ დაგბრუნებია, თავში მილიონი ხმა გეძახის სხვადასხვა რამეს:

ჩქარა…

რამდენი რამაა მოსასწრები…

ისევ სამსახურში…

აუ, რა წავა ახლა…

უიმე, რას ვგავარ…

თვალები რა დღეში მაქვს…

როგორ მაწყენინეს და გამაბრაზეს გუშინ…

იდიოტები…

უგულოები…

საზიზღრები…

ეჰ, როგორ არ მაფასებენ…

რა ცოდო ვარ ამათ ხელში…

ფიქრებს უკვე მტკიცედ აქვთ შენ გარშემო შემოქსოვილი აბლაბუდა:

რომლის გარღვევა თითქმის აღარ შეგიძლია…

რომელიც გხუთავს და სულსა და გულს გიტანჯავს…

რომელიც ენერგიას აცლის შენს სხეულს და დილითაც კი ვერ გრძნობ ვერაფერს, დაღლილობისა და უაზრო მოწყენილობის გარდა…

რომელსაც საკუთარი თავის შეცოდება ახლავს «ლაითმოტივად»…

როცა მარტო ხარ, გეცოდება — მარტოობის გამო… როცა დაოჯახებული ხარ, გეცოდება — ჰარმონიული ურთიერთობის არარსებობის გამო… როცა შვილები გყავს, გეცოდება — გადაღლილობის გამო… როცა საქმეს აკეთებ, გეცოდება — დაღლილი სხეულისა და გათენებული ღამეების გამო… როცა წვიმაში ხვდები, გეცოდება — დასველების გამო… როცა მზეში ხვდები, გეცოდება — სიცხის გამო… მოკლედ, კარგად რომ დაფიქრდე, შენ ყველაზე მედნიერ წამებშიც კი გეცოდება საკუთარი თავი, რადგან იცი, რომ — ეს წამები ძალიან მალე გაივლის და ისევ ეს საშინელი ხმაური დაიწყება თავში, რომელიც გიმტკიცებს, რომ საშინელი ცხოვრება გაქვს და რომ ცოდო ხარ…

შენ ის თუ იცოდი, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა მთელ დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი თავი ეცოდება?

დიახ, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ამის უნარი აქვს… და სწორედ ესაა ყველაზე დიდი ხაფანგი მისთვის…

გულწრფელად აღიარე — ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთი-ორი განცდა და შემთხვევა თუ მაინც გეცნო?

თუ კი, კარგია… ჯერ იდენტიფიკაციის ლაბირინთში ვართ და მნიშვნელოვანია დავინახოთ საკუთარი თავი…

ახლა კი, ძალიან მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი შენზეა და ამოიცანი თავი, შეგიძლია მიპასუხო — კონკრეტულად რას აკეთებ იმისთვის, რომ ასე არ იყო და არ იუფერულებდე და იტანჯავდე ყოველდღიურობას?

მახსოვს, ბავშვობაში როცა ახალი წლის ღამეს ყველა ტელევიზორთან იჯდა და მორიგ კონცერტს უყურებდა, მე შინაგანმა პროტესტმა შემიპყრო… მე საშინლად ვიგრძენი თავი, როცა გავაცნობიერე, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელსაც მთელი წელი ველოდე, უნდა გავრთობილიყავი იმის ყურებით, თუ როგორ ერთობიან სხვები…

მას შემდეგ სულ ასეთი შეგრძნება მაქვს, როცა ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც სრულფასოვანი და სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ და მეორე მხრივ კი ადამიანებს, რომლებიც მათ პროფილებს ადევნებენ თვალს და ალაიქებენ და ალაიქებენ ცხოვრებას, რომლის დანახვა მხოლოდ ფოტოებში შეიძლება…

თუ გქონია პროტესტი, რომ აღარ გინდა ვიღაცის ბედნიერი ცხოვრების ფოტებითა და ვიდეოებით შეიგრძნო სრულფასოვანი ცხოვრების გემო?

ეს ხომ იგივეა, რესტორანში რომ მენიუს კითხვით გრძნობდე საჭმლის გემოს?!

თუ გქონია ყელში ამოსვლის მომენტი, რომ კმარა — საკუთარი თავისთვის ამ ტანჯვის აბლაბუდის მოქსოვა, სადაც ერთადერთი სტაბილური გრძნობა საკუთარი თავის შეცოდებაა?

ხვდები, რომ თუკი შენ გჯერა, რომ ცოდო ხარ, ე.ი. უარს ეუბნები საკუთარ შინაგან ძალას, გამოვიდეს გარეთ და ძირფესვიანად შეცვალოს შენი რეალობა?

რა იმალება ამ საბედისწერო ჩვევის და ფიქრებით შემოქსოვილ-შემოწებებული აბლაბუდის მიღმა?

რა დაგჭირდება, როცა ცალი თვალით მაინც გამოიხედავ გარეთ და გამოსვლა მოგინდება?

პირველი ის, რომ დაგჭირდება ამ აბლაბუდის გარეთ მცხოვრებთა დახმარება ადაპტაციაში. დაგჭირდება მათი მოსმენა — და არა საკუთარი სიმართლის მტკიცება მათთვის, დაგჭირდება პირდაპირი კითხვების დასმა — პირდაპირი პასუხების მისაღებად, დაგჭირდება, შეწყვიტო თამაში და დაიწყო ნამდვილი ცხოვრება.

ამქვეყნად არცერთი სულიერი არ შექმნილა ტანჯვისთვისა და ფიქრების ტყვეობაში ცხოვრებისთვის და როგორც კი გააცნობიერებ ამას, პირველი ნაბიჯიც გადადგმული გექნება შენი შინაგანი ძალის მიმართულებით…

მთავარია, ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ კი მოხვდე სწორ ადგილას, სადაც დაგეხმარებიან შენი შინაგანი ძალის გამოთავისუფლებაში, რაც ახალ ენერგიას და შედეგებს მოიტანს შენს ცხოვრებაში და ცოტა ხანშივე იგრძნობ, როგორი გემო აქვს აბლაბუდის გარეთ თავისუფალ სუნთქვას…

5 ნაბიჯი ნეგატიური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად

გთავაზობ 5 საბაზისო ნაბიჯს ნეგატიური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად. შეიძლება ითქვას, რომ — ეს არის ბაზა, რომელიც, პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ გაგიჩნდეს ამ აბლაბუდის მოშორების ხედვა და შესაძლებლობა.

მზად ხარ? მაშინ წავედით…

ნებისმიერი შენი ფიქრი – შენ არ ხარ! შენი ფიქრი არ არის შენი მე! ფიქრები, ერთი მთლიანიდან მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილს შეიცავს შენსას, დანარჩენი შეძენილია — კოგნიტური გონების პროდუქტია. ისევე როგორც გული ახდენს სისხლის განაწილებას ვენებსა და კაპილარებში, გონებაც წარსულ გამოცდილებაზე [მეხსიერებაზე] დაყრდნობით, ახდენს ყველა ფიქრის წარმოებას… და პირველი და საკვანძო ნაბიჯი აქ, არის ისწავლო განცალკევება ამ ფიქრებისგან და მათზე დაკვირვება. ანუ, თუ მე არ ვარ საკუთარი ფიქრები, მაშ ვინ ვარ? მე ვარ ის, ვინც აკვირდება! და ვინ არის ის, ვინც აკვირდება? შედი მედიტაციურ მდგომარეობაში, ჩაუღრმავდი ამ კითხვას და მიიღე პასუხი შენი ცენტრიდან…

გააცნობიერე, რომ ფიქრი არ ცდილობს რამე დაგაჯეროს ან გაგაკეთებინოს შენ. ფიქრები, უბრალოდ, არიან, როგორც გონების ვარაუდები [უამრავი ვარიანტი]. ამგვარად, გონება გაძლევს შესაძლებლობას, ავირჩიო, თუ რას, რომელ მოსაზრებას ან აზრს მოუსმინო და რომელს არა. აქ მნიშვნელოვანია ისწავლო, სასარგებლო ფიქრების უსარგებლო ფიქრებისგან გარჩევა და მყისიერად, მხოლოდ შიშის გამო არ დაუჯერო ყველაფერს, რაც მოგდის თავში.

ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვთ, ადრე თუ გვიან უჩნდებათ «შერწყმის» ეფექტი, რომლის შემთხვევაშიც, მათ ეჩვენებათ, რომ ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები ერთი და იგივეა, ანუ — «რახან ასე ვფიქრობ, ე.ი. სწორედ ასე გავაკეთებ». არადა, ეს საერთოდ არაა ასე, პირიქით — ადამიანი ღია პრესოციალურ ფაზაში, ფიქრობს ერთს, გრძნობს მეორეს და აკეთებს მესამეს, ანუ მისი შინაგანი და გარეგანი სამყარო აბსოლუტურად დისჰარმონიულია. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია — ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები გავაცალკევოთ ერთმანეთისგან. როგორ საშინლადაც არ უნდა გეჩვენებოდეს შენი ფიქრები, გახსოვდეს, რომ ფიქრები — უბრალოდ ფიქრებია და მორჩა… შენ შეგიძლია საკუთარი სხეულისა და მოქმედებების კონტროლი. ანუ — შენ არაფერ ცუდს არ გააკეთებ, თუ შეგნებულად არ მოგინდება ამის გაკეთება! უბრალოდ, ძლიერი შფოთის ფონზე, შენ არ გამოგდის ენდო საკუთარ საღ აზრს, არ გამოგდის ენდო საკუთარ თავს და სწორედ ამიტომ, გიჩნდება აბლაბუდა საკუთარ გრძნობებთან და სურვილებთან მიმართებაში. ამის გაცნობიერება [და არა მექანიკური წაკითხვა] უკვე დიდ რესურს გამოათავისუფლებს შენში.

იმისათვის, რომ გათავისუფლდე ნეგატიური ფიქრებისგან, შენ უნდა მოიშორო მათგან გათავისუფლების მწველი სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ეს სურვილი გაამძლავრებს ფსიქიკურ დაჭიმულობასა და წინააღმდეგობას, რაც მიგიყვანს მდგომარეობის გაუარესებამდე, შედეგად კი, შენ დაკარგავ ენერგიას და აღმოჩნდები აპათიურ მდგომარეობაში. აზრი არ აქვს ნეგატიური ფიქრების ბლოკირებას და გაგდებას… სინამდვილეში, ისინი რაღაცას გატყობინებენ, ასე რომ მათი ბლოკირებით, კიდევ უფრო უარესად გახდები! თავიდან კარგი იქნება, უბრალოდ, ფურცელზე ამოიწერო ყველა შენი მშფოთვარე ფიქრი და დააკვირდე: «როგორია ალბათობა იმისა, რომ რაღაც სასწაული მოხდეს?» და თუ ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ პატარა, მაშინ: «აქვს თუ არა აზრი ამაზე ფიქრს?» შემდეგი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხო: «რა შემიძლია გავაკეთო ახლავე, რომ ეს არ მოხდეს?» ამომწურავად უპასუხე და გადადი შემდეგზე: «რა მინდა მოხდეს ამის ნაცვლად?» აქაც, ამომწურავი პასუხის შემდეგ, გადადიხარ შემდეგ კითხვაზე: «რატომ მინდა რომ ეს მოხდეს?» [წარსული] როგორც კი მიიღეპ ამომწურავ პასუხს კითხვაზე «რატომ?», გადავდივართ მომდევნო კითხვაზე: «რისთვის მინდა, რომ ეს მოხდეს?» [მომავალი] და ბოლოს: «როგორ შემიძლია მოვაწყო ისე, რომ ეს მოხდეს?» ანუ ვქმნით, ერთგვარ გეგმას, კონკრეტული ნაბიჯებისგან შემდგარ სტრატეგიულ გეგმას, პრობლემის გადასაჭრელად, სადაც შენ უკვე ზუსტად იცი, თუ რა და როგორ უნდა გააკეთო. ეს უკვე ცნობიერების აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა და შენ აქ გაცილებით უკეთ გრძნობ თავს.

თუ არაფერი არ გშველის და ელემენტარულ მოქმედებასაც კი ვერ აკეთებინებ საკუთარ თავს, ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ღრმად ხარ ტრამვირებული და ფართოდ გაქვს გახსნილი პრესოციალური ფაზა, რაც აბსოლუტურად ყველაფერში გიშლის ხელს და აუცილებლად მიმართე პროფესიონალს. თუ ასეა, ეს იმის ნიშანია, რომ დამოუკიდებლად შენ ძალიან გაგიჭირდება, დიდ დროს დაკარგავ და შეიძლება დააზიანო კიდეც საკუთარი თავი. პროფესიონალთან ერთად, შენ ეტაპობრივად გაივლი გამოჯანმრთელების პროცესს. ასევე, მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ გონება მისი ბუნებით ქაოტურია და თუ გსურს გათავისუფლდე ნეგატიური ფიქრებისგან და დაალაგო ცხოვრება, მნიშვნელოვანია შექმნა აზროვნების ეფექტური კონფიგურაცია, შემდეგ კი ისწავლო ამ აზროვნების მართვა.

მხოლოდ მას შესწევს ძალა გახდეს საკუთარი ცხოვრების მბრძანებელი, ვინც მართავს საკუთარ გონებას!

💪 და იყოს შენთან ძალა 💪

გიორგი თვალაძე

https://inteleqtika.com

ნანახია:(4326)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე“ …

«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი


კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგია

თუ თქვენ წარმატების მიღწევა გინდათ, შეეცადეთ წარმატებულად გამოიყურებოდეთ! პირველ და ყველაზე მტკიცე წარმოდგენას ადამიანზე ტანსაცმელი ქმნის. იცოდით, რომ გაკოტრებულმა Napoleon


თვითმკვლელი

ადამიანი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრის გადატანა მოესწრო. საყვარელმა ქალმა მიატოვა, მეგობრებმა უღალატეს, ნათესავებმა ზურგი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*