40 წლის შემდეგ ახდენილი ბავშვობის ოცნებები — ინტერვიუ-ტრენინგი | Jolo.ge


40 წლის შემდეგ ახდენილი ბავშვობის ოცნებები — ინტერვიუ-ტრენინგი

40 წლის შემდეგ ახდენილი ბავშვობის ოცნებები — ინტერვიუ-ტრენინგი

„ბავშვობაში, როგორც ყველა სპორტსმენი მეც ჩემპიონობაზე ვოცნებობდი, მაგრამ  ვერ გავხდი წარმატებული სპორტში, კიდევ მქონდა ერთი ოცნება, მინდოდა მომღერალი გამოვსულიყავი, ვერც ამას მივაღწიე, გიტარაზეც ვგიჟდებოდი და დაკვრა ვერ ვისწავლე… ბოლოს ხელი ჩავიქნიე და ვთქვი — წარმატება, თურმე ჩემთვის არ ყოფილა… ვუყურებდი სხვა ადამიანების წარმატებებს და ვფიქრობდი, იმიტომ აღწევენ ნიჭიერები არიან-მეთქი… 40 წლამდე თავი მაგარი წარუმატებელი მეგონა“ — ამას ჰყვება ადამიანი, რომელმაც ბავშვობის ოცნებების ახდენა 40 წლის შემდეგ დაიწყო და ახლა წარმატების კანონებს ჩვენ გვიზიარებს.

„თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ნახეთ ის ვინც ძლიერია, ვისაც დიდი ავტორიტეტი აქვს, ვისაც ხალხი ენდობა და მიჰყვება. მასწავლებელი არის ყველაზე მოკლე გზა იმ მიმავალ გზაზე და იმ კონკრეტულ სფეროში, სადაც გინდა შედეგი დადო“ — ამბობს ზაზა ლოლაშვილი. დღეს ის წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც ოცნებების ახდენაში პატარა სპორტსმენებს ეხმარება… 

-როგორ იწყება თქვენი დღე?

-როდესაც გავიღვიძე უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა დღის განმავლობაში.

განწყობა ქმნის პოზიტიურ მუხტს და ჯანსაღ ურთიერთობებს… ამიტომ დილიდანვე ამაღლებული განწყობა საჭირო და აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის.

-თუ არა გაქვს ამაღლებული განწყობა?

-თავადვე იქმნი… შეიძლება კარგი განწყობით გაიღვიძო, მაგრამ შეიძლება გაიღვიძო და იმ ვიბრაციებზე არ იყო რაც ჯანმრთელობისთვის, სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის არის საჭირო… ცხოვრებაში არის ხოლმე ასეთი მომენტებიც… ამიტომაც იწყებ საკუთარ თავზე მუშაობას, რის შედეგადაც აღმოაჩენ და განავითარებ იმ შესაძლებლობებს რაც შენშია და მიაღწევ იმ ცვლილებებს რაც რადიკალურად ცვლის ყოველდღიურობას და რაც მერე მთლიანად შენს ცხოვრებაზე აისახება… საბოლოო ჯამში დილით შექმნილი კარგი განწყობით ხდება შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვება.

-თქვენს შემთხვევაში კარგი განწყობის შექმნა როგორ ხდება?

-ლოცვებით, ამ დროს თავიდან ბოლომდე სუფთავდები, რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში თუ გულით ლოცულობ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს…  მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, წყალი, სუფთა ჰაერზე გასვლა და ვარჯიში… ასევე, როგორც ფსიქოლოგები და მეცნიერები ამბობენ მეტი ღიმილი და სიცილი. რის შემდეგაც სამყაროს კანონების თანახმად, დღის განმავლობაში ისეთ ადამიანებს იზიდავ, რომლებიც შენს სიხშირეზე არიან, შენსავით სურთ, რომ იყვნენ წარმატებულები, ბედნიერები, ჯანმრთელები და ჰქონდეთ ჰარმონიული ურთიერთობები.

ძალიან მნიშვნელოვანია დილიდან ამ განწყობის შექმნა და პოზიტიური მუხტი. რადგან  უკვე შენდა უნებურად იზიდავ არა მარტო ასეთ ადამიანებს, პოზიტიურ მოვლენებსაც…

ამ პოზიტიურ აზროვნებაზე საუბრობენ დღეს მსოფლიო მეცნიერები და ფსიქოლოგები, თუმცა, შეიძლება ითქვას რომ საქართველოში ეს მაინც დეფიციტია…

-ამის ძიებას მე პირადად 40 წელი მოვანდომე …

ადამიანებს, რატომღაც სულიერად გვძინავს…

რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ვატყობდი რომ ჩემი არ იყო, ვიცოდი, რომ რაღაც სხვა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა… არც განვითარება მქონდა და არც შინაგანი ძალა და ენერგია…

6 წლის წინ, მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე ვიყავი. იქედან დავბრუნებისთანავე, ძალიან დიდი განსაცდელები დაიწყო ჩემ ცხოვრებაში — პრობლემები შემექმნა ურთიერთობებში, ფინანსებში… ჩემს ახლობლებს კი ჯანმრთელობის მხრივ… ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ ეკლესიაში ხატებთან მივედი და ვევედრებოდი შველას … თან ვიმეორებდი — ღმერთო, რა მჭირს, რატომ მჭირს ეს ყოველივე, რატომ მეორდება ერთი და იგივე გამუდმებით?

და უცებ, შინაგანი ხმა მესმის — ეს ყველაფერი შენგან მოდის… ყველაფერი ენგან მოდის… მაშინ მოხდა პირველი გაცნობიერება იმისი, რომ ამ 40 წლის განმავლობაში ძირითადად ვიზიდავდი იმას, რა ხედვაც მქონდა სამყაროს მიმართ, სწორედ ისეთ ადამიანებს, ისეთ მოქმედებებს, ისეთ ურთიერთობებს. რომელიც მერე ძალიან დიდ პრობლემებს მიქმნიდა…

ამის მერე ხმა მეუბნება — განვითარების დონე აიმაღლე. რა განვითარებაზე იყო საუბარი, მაშინ ვერ მივხვდი, ეს მერე გავაცნობიერე…

— გაცნობიერება რამდენ ხანში მოხდა?

-ნელ-ნელა… როდესაც ჩვენ რაღაც მიზანი, ოცნება, სურვილი გვაქვს. თუნდაც ბედნიერების, ჯანმრთელობის, ფინანსების კუთხით. ამ მიზანთან შედარებით ჩვენი განვითარების დონე ძალიან დაბალ საფეხურზეა. როდესაც განვითარებას იწყებ, ეტაპობრივად ადიხარ მაღლა, ექცევი თავში და აგვარებ ამ შენს შესასრულებელ და იმ გასული პერიოდისთვის ძალიან რთულ საკითხებს, მაგრამ ახლა უკვე ადვილად მოსაგვარებელს, რადგან შენი განვითარების დონე გაიზარდა.

6 წელია ყოველდღიურად ვითარდები ამ კუთხით, ვუსმენ აუდიო გაკვეთილებს, ვკითხულობ სხვადასხვა წიგნებს, დავდივარ სემინარებზე. ტრენინგებზე… ადამიანებთან ვსაუბრობ და ამ ურთიერთობას ვსწავლობ ადამიანებისგან. ჩემში ჩართულია მიმღებლობა, სიხშირე… ადამიანებისგან ვიღებ იმას რაც მე არ მაქვს… ვიღებ და ვამუშავებ… მაგალითად ავიღოთ დისციპლინა, ამ მხრივ წარმატებული სპორტსმენებისგან ვიღებ ძალიან დიდ გაკვეთილებს. ეს იმდენად ბუნებრივად აქვთ უკვე გამომუშავებული, რომ ბოლომდე თვითონაც ვერ ხვდებიან.

დისციპლინა, რეჟიმი, ფოკუსი, კონცენტრაცია, მიზანი და რწმენა, თუ როგორ უნდა გამოიმუშავო ამას თავისი მაგალითით გაჩვენებენ. რასაც შენ თეორიულად სწავლობ და მერე როგორც ჩვევებს ისე იმუშავებ, მერე კი შენი ცხოვრებაც ნელ-ნელა იცვლება და შენც მიიწევ წინ.

რა იყო მანამდე, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდით?

— მქონდა ფინანსური კეთილდღეობა, ოჯახური ბიზნესი, სახლი, კარგი ოჯახი, კარგი მეგობრები, ნათესავები… თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ?… სულ ვეკითხებოდი ჩემს თავს, ეს არის ყველაფერი?…

-რა არ გაკმაყოფილებდათ?

— იმ სქმეს არ ვაკეთებდი რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და თვითრეალიზაციის საშუალებას მომცემდა. ალბათ ამის გამო, აღქმა და განწყობა რომ ბედნიერი ვარ, არ მქონდა… საკუთარ თავს არ ვიცნობდი… უფრო დინებას მივყვებოდი, რაღაც რუტინაში ვიყავი მოქცეული, ყოველგვარი დაკვირვებებისა და გაცნობიერებების გარეშე… სულ ერთი და იგივე იყო… გართობა… დალევა… დროსტარება… სადღეგრძელოები… ეს ყოველივე ძალიან დიდი დოზით, ქართულ ცხოვრებაში როგორც ხდება ხშირად. ესეც საჭიროა ალბათ გარკვულწილად…

სხვათაშორის სუფრაზეც ბევრი რამ შეიძლება ისწავლო ადამიანმა. ბევრი თავისი საქმის პროფესიონალი თამადა მინახავს. რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა ემართათ სუფრა, როგორ მოეხდინათ ზემოქმედება. ძალიან დიდი ფსიქოლოგები არიან ეს ადამინები. კარგმა თამადამ იცის ურთიერთობა როგორ გააღვივოს, შენს ქვეცნობიერში როგორ ჩამოვიდეს… ისეთს იტყვის და ისე, რომ შეგაციებს, შეგძრავს… მათგანაც ბევრი რამ ვისწავლე …

საბოლოო ჯამში, ეს სუფრა იქნება თუ სუფრის გარეშე, სიყვარულზე გადის ყველაფრი… მთავარია სიყვარული შენში რამდენად ძლიერია და რამდენად ძლიერად მუშაობს.

როგორც ჩვენი ცხოვრების მასწავლებლები ამბობდნენ — ეკლესიური ცხოვრება სიყვარულის გარეშე ფანატიზმია, გონიერება სიყვარულის გარშე ეშმაკის გზაა, ხოლო ეკლესიურობასა და გონიერებას თუ სიყვარულით გააერთიანებ, მაშინ მიიღებ უფლისკენ სავალ გზასო… თუ ეს სამივე გვაქვს და აქედან არცერთს არ ამოვაგდებთ, აუცილებლად შინაგანად და სულიერად ღმერთამდე მივდივართ. ღმერთი კიდევ სიყვარულია…                              ამ სიყვარულის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ჩვევების გამომუშავება რაც სიყვარულს სჭირდება. ეს არის  მადლიერება, მიტევება, სინანული, გაცნობირება საკუთარი შეცდომების.  ისე სიყვარული ჭკნება და ქრება. ამაზე მუშაობის შედგად კი ძლიერდება… მე დაახლოებით ასე ვხედავ… ჩემი თვალით დანახული სამყარო ასეთია.

-ანუ ამ ხედვას და თქვენ ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ ცვლილებებს განსაცდლებებსა და პრობლემებს უკავშირებთ?

— და ხმას — „ეს ყველფერი შენგან მოდის… განვითარების დონე აიმაღლე“… ამის შემდეგ იმ ადამიანების შეყვარება შევძელი, რომლებსაც მტრებად აღვიქვამდი. რომლებიც მებრძოდნენ და მე და ჩემ ოჯახს პრობლემებს გვიქმნიდნენ. ამის გამო სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესები მქონდა. მერე კი ეს ადამიანები რეალურად შემიყვარდა. იმიტომ რომ შიგნით ხმა მეუბნებოდა — „ყველაფერი შენგან მოდის“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ცხოვრებაში რაც ხდება ყველაფერს ჩვენ ვიზიდავთ, ის ადამიანებიც მე მივიზიდე. რაღაც არასწორად მქონდა გაკეთებული, ნაბიჯი არასწორად გადადგმული. როცა ისინი შემიყვარდა, დამოკიდებულებაც შემეცვალა მათ მიმართ… და ამის შემდეგ სამყარომ გამომიგზავნა ადამიანები, რომლებმაც ეს საქმე დამილაგეს და მომიგვარეს, ისე რომ თვითონ მთავაზობდნენ — დაგეხმარებითო. სასწაული მოხდა მართლა … მეგობრები იყვნენ, მაგრამ მე არც კი გამხსენებია ისინი. თუმცა, მანამდე ყველაფერი ვცადე და არაფერი გამომდიოდა, წელიწადნახევარი…

ეს ადამიანები იყვნენ სიყვარულისა და სიკეთის გამტარები, მათ უნდოდათ სარგებელი გაეცათ…

-ანუ დამოკიდებულების შეცვლამ ამ შედეგის მიღება განაპირობა

-კი… შევიცვალე თუ არა დამოკიდებულება, გავხდი ბევრად უფრო მიმტევებელი ადამიანების მიმართ,  „მტრების“ მიმართ. ბრჭყალებში იმიტომ რომ მტერი როგორც ასეთი არ არსებობს, ჩვენ ვქმნით ამ მტრის ხატს, ძალიან ხშირად და პირველ რიგში ჩვენივე ფიქრებით…

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ სამყაროში ძალიან ლამაზი ფერებით შედიხარ. სულიერად მშვიდი ხარ, ბედნიერი, გიყვარს ადამიანები, ბუნება, ცხოვრება… საქმეც უფრო ადვილად გამოგდის, რადგან სამყარო ამ მუხტს გაძლევს. ქვეცნობიერია გაწმენდილი და ბევრად უფრო გაცნობირებულად და გააზრებულად ცხოვრობ ვიდრე ცხოვრობდი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეცდომებს არ უშვებ, უშვებ შეცდომებსაც, მაგრამ მერე ამასაც აანალიზებ, ფიქრობ თუ როგორ გამოასწორო და მოქმედებ.

— ამ ყოველივეს შემდეგაც ხდება ბრძოლა საკუთარ თავთან?

— ბრძოლა არა, ეს უფრო შრომაა. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ხდება ამ შედეგების მიღება.

ამ ყველაფერს სჭირდება შენთვის აუცილებელი თვისებების გამომუშავება. მიზნების დასახვა, აუცილებლად ნათელი უნდა იყოს ეს მიზანი. საკუთარი თავისა და უფლის რწმენა, ბოლომდე უნდა გჯეროდეს, რომ შენ ამას გააკეთებ. დისციპლინა, ფოკუსი და კონცენტრაცია, მერე ნებისყოფა და შეუპოვრობა და ბოლოს არის შედეგი… ოღონდ ეს ითხოვს ძალიან დიდ შრომას.

ბევრად უფრო ადვილად მისაღწევია როდესაც ამ ჩვევებს აძლიერებ.

როგორც ნაპოლეონ ჰილი ამბობდა: აზრები აყალიბებენ მიზნებს, მიზნები გარდაიქმნებიან მოქმედებებში, მოქმედებები აყალიბებენ ჩვევებს, ჩვევები ქმნიან ხასიათს და ხასიათი ქმნის ჩვენს ბედს.

ანუ შენ შენს ბედს ცვლი საბოლოო ჯამში.

-როგორც ვიცი ბიზნესში წელიწადნახევარში დადეთ ის შედეგი, რომელსაც სხვები რამდენიმე წელს  ანდომებენ

-მანამდე ოჯახურ ბიზნესში ვიყავი ჩართული, ოღონდ გვერდიდან, საბაჟო საკითხებს ვაგვარებდი, შიგნით ბიზნესში რა ხდებოდა არ ვიცოდი. შემდეგ მვიღე გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად დამეწყო ის საქმიანობა, რითაც შედეგებს დავდებდი. რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. ამ სწავლით და განვითარებით  ის ადამიანები მივიზიდე, რომლებმაც ბიზნესი მასწავლეს.

სხვათაშორის ბიზნესში ყველაზე ადვილი და სწრაფად მისაღწევი ხერხი და არა მარტო ბიზნესში, ნებისმიერ საკითხში, თუ გინდა მალე მიაღწიო შედეგს, აუცილებელია აიყვანო ის, ვინც არის იმ სფეროში პროფესიონალი და ძლიერი. მე ახლა ასეთი ადამიანები მყავს მასწავლებლად და მეგობრები არიან ჩემი და მადლობა მათ, დღესაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. ერთ-ერთი მთავარი მასწავლებელი ჩემი მეუღლეა, სერიოზულად გამომაფხიზლა, კომფორტის ზონიდან ძალიან ხშირად გამოვყავდი, მადლიერი ვარ მისი ამ ყველაფრისთვის.

წელიწადნახევარში უკვე სერიოზული შედეგები მქონდა. თავიდან ერთი საცხობი და საკონდიტრო გავხსენი, მერე კი იმდენად დიდი იყო სურვილი, ამ სფეროში წარმატებისთვის მიმეღწია, რომ სადღაც წელიწადნახევარში 5 საცხობი მქონდა …

ახლა დაგეგმილი მაქვს ავსტრიაში ჩემ ძმასთან ერთად განვავითარო ეს ბიზნესი… და არა მარტო ეს… გეგმაში მაქვს სხვადასხვა ბიზნესშიც მოვსინჯო ძალები, ვიცი ჩემი შესაძლებლობები, აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ რომ მჯერა საკუთარი თავის და იმ ადამიანების, რომლებიც გვერდში დამიდგებიან.

ანუ წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რწმენაა

-რწმენა და სიყვარული… ბიზნესი სიყვარულით უნდა აკეთო. ჩემი გადასახედიდან ასეა, თუ სიყვარულით აკეთებ სიყვარულს მიიღებ იმ გარემოცვიდან, რომლებიც შენთან ერთად არიან, იმათში ამ სიყვარულით უნდა გადავიდეს რწმენა… ბიზნესი მარტო ფინანსები არ არის. სიყვარულით უნდა იყოს გაკეთებული ნებისმიერი მოქმედება და ნებისმიერი საქმე. რად გინდა ისეთი შედეგი თუ ფინანსურად კარგად ხარ, მაგრამ  ბედნიერი არ ხარ? თუ შენი თანამშრომლები რაღაცას გატყუებენ და შენც, იმათ მიმართ აგრესია გაქვს? რაც განგრევს შინაგანად, ფსიქოლოგიურად. სიხარულს გართმევს… ამიტომ იმ ნაკლოვანებების მიუხედავად რომლებსაც შენ ხედავ მათში, მაინც ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებ. თუ ეს ადამიანი მიმღებია, აუცილებლად გაიგებს და მიიღებს, თუ არა და მშვიდად წავა. მადლიერებით უნდა წავიდეს, აუცილებლად ასე უნდა გაუშვა, გაბოროტებული არა.

რწმენასთან და სიყვარულთან ერთად, მიზანი და შეუპოვრობა აუცილებელია. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში და შენს გზაზე, უნდა იცოდე რომ A პუნქტიდან B პუნქტში აუცილებლად უნდა მიხვიდე და რა დროც არ უნდა დაგჭირდეს ამისთვის შენ მაინც მიხვალ, უნდა დაიჯერო ეს.

თქვენ ადრე მისულხარ B პუნქტამდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ამისთვის წლები სჭირდებათ, მარცხს მარცხზე განიცდიან და დიდი ალბათობაა იმისა რომ ფარ-ხმალი დაყაროდა დანებდნენ...

-რამდენიმე ხანია რაც გიტარაზე ვსაწავლობ დაკვრას, 10 სიმღერა ვისწავლე და მინდა 30 ვისწავლო.

ბავშვობაში მუსიკაზე დავდიოდი ორი თუ სამი წელი, მე და ჩემი ძმა პიანინოზე ვუკრავდით, მაგრამ მერე ჭიდაობაზე ხელს შეუშლისო მამაჩემმა და გამოგვიყვანა. სპორტმა თავისი მიმართულებით წაგვიყვანა. მაგრამ გიტარაზე დაკვრა სულ მინდოდა და დაახლოებით ერთი წელია რაც ეს სურვილი ავისრულე.

პირველი სიმღერის შესაწვლა იუთუბიზე განთავსებული ვიდეო მასალით დავიწყე…  მასწავლებელი არ მყოლია… დავიტანჯე, ვერანაირად ვერ ვაწყობდი… ერთი დღე არაფერი გამოვიდა, არც მეორე, არც მესამე დღეს… ძალიან დიდხანს ვიწვალე… ბავშვობაშიც მიცდია გიტარაზე დაკვრა, მაგრამ არ გამომდიოდა, და იცით რატომ? ნებისყოფა არ მყოფნიდა. არ მქონდა გამომუშავებული ბევრი მიზეზის გამო. ახლა შეუპოვრობა რომ ვისწავლე გამომივიდა და ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ აგიღწერთ….

„ნათელი მიზანი და შეუპოვრობა“ — ეს ფორმულა ნებისმიერ სფეროში მუშაობს, სადაც არ უნდა წახვიდე. უბრალოდ დროის მომენტია… მერე კი მეორე, მესამე და მეოთხე სიმღერა ბევრად უფრო ადვილად გამოდის… ასე ამუშავებ და ნელ-ნელა ხდები რაღაც დონეზე პროფესიონალი და უკვე ისე აღარ გიჭირს. შედეგად ძალიან დიდ სიამოვნებას და ენერგეტიკას იღებ… მითუმეტეს, როცა ამ შენს პატარა ნაყოფს და შედეგს სხვებსაც უზიარებ…

ეს კიდევ ერთი შემადგენელი მუხტია ცხოვრების. ცხოვრება იმდენად მოკლეა, რომ დარდი, სევდა, ჭმუნვა, ვფიქრობ არასწორი მიდგომაა და რაც უფრო ადრეულ ასაკში გაიგებ ამას მით უკეთესი.

მახარებს ის ფაქტი რომ უკვე რამდენიმე თვეა ამ მეთოდების დანერგვა პატარა მოჭიდავეებთან მიხდება. ისინი ახლა ეუფლებიან იმას, რასაც მე ორმოცი წლის ასაკში მივაგენი. ვასწავლი თუ როგორ უნდა დადონ ის შედეგი, რომელიც უნდათ. ამისთვის ზუსტად ის ფორმულაა საჭირო, რომელიც ბიზნესის მიღწევასა და გიტარაზე 30 ან 50 სიმღერის შესწავლას სჭირდება. ეს არის მიზნების დასახვა, ჩამოწერა და იმ ჩვევების გამომუშავება რაც მიზნის მიღწევისთვის არის საჭირო.

პატარა სპორტსმენებს ვასწავლი რომელი წიგნები წაიკითხონ, რა აუდიო გაკვეთილებს უსმინონ, რა დროს დაიძინონ, რა დროს გაიღვიძონ, რა საკვები მიიღონ, კონცენტრაცია როგორ გააკეთონ მთავარ მიზანზე… ვასწავლი რომ ცხოვრებაში არ არის მარტო ჭიდაობა, რომ სპორტის იქეთ არის კიდევ ბევრი სხვა სფერო. ეს ჩემთვის ბავშვობაში არავის უსწავლებია, ამიტომ ძალიან გამიჭირდა ბავშვი რომ ვიყავი…

ესეც მიზანია სწორი კუთხითა და სწორი მიმართულებთ გავუშვათ ჩვენ შვლები. ეს ყველაზე მთავარია. მე მყავდენენ მასწავლებლები, რომლებისგანაც რაღაც-რაღაცები მივიღე და ცხოვრებაში მადგება და ეხლა ამას გადავცემ ამ ბავშვებს. ძალიან საინტერესოა ეს მუშაობა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა.

ბავშვებისგანაც ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. თუნდაც როგორ გასცე სუფთა სიყვარული ანგარების გარეშე.

უბრალოდ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ამით ბედნიერები და გადავცეთ ეს ბედნიერება და სიყვარული სხვა ადამიანებს. ეს ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, თუ ჩვენი მეგობარი მნიშვნელობა არა აქვს, უნდა გასცე და როდესაც უანგაროდ გასცემ სამყარო გიბრუნებს. შეიძლება იმ ადამიანების ხელით არა, მაგრამ აუცილებლად სხვისი ხელით დაგიბრუნებს გაათმაგებულს. ასევეა იმ შემთხვევაშიც თუ უარყოფითს გასცემ. ეს არის კანონი სამყაროს. ჩვენთვის ეს ცოტა რთულია აღსაქმელად…

სიყვარული — ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი დანამატია.

ავტორი

დეა თავბერიძე

ნანახია:(4041)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია“ — 26 წლის მენეჯერის წარმატების ისტორია

 „წარმატებისთვის შრომა და მონდომებაა საჭირო, არ უნდა დანებდე“ — ამბობს „ორიგინალი ჯგუფის“ 26 წლის მენეჯერი ნიკოლოზ ანთია. ის ერთ-ერთია იმ


ექსტრემალი ბიზნესლედი

ცხოვრება, უამრავი თავგადასავალითა და  ბევრისთვის დაუძლეველი შიშის გადალახვით, რისკით, ადრენალინითა და  მაქსიმალური ექსტრემით,  პარარელურად კი დიდი ბიზნესი და შეუპოვრობით გაკვალული


„მაშინ ამის ახდენა აბსურდად მიმაჩნდა, თუმცა გავიდა ერთი წელი და“…

„ერთ-ერთი დაბრკოლების შემდეგ მივხვდი, ეს რომ არ ყოფილიყო მე ვერ გავიზრდებოდი“ — ამბობს მარი ბეკურიშვილი, ბიზნესლედი, რომელმაც წლების წინ თავისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*