fbpx

”ცვლილებების კი არ უნდა გეშინოდეთ, მათი მართვა უნდა შეგეძლოთ”

ავტორი ჟოლო
1,731 ნახვა

რიჩარდ ბრენსონი: მთავარია, იამაყო იმით, რასაც აკეთებ

ბრიტანელი ბიზნესმენი სერ რიჩარდ ბრენსონი 20 წლის იყო, როცა 1970 წელს კორპორაცია ”ვირჯინი” დააარსა. ის ერთადერთი მეწარმეა, რომელმაც რვა დამოუკიდებელი მილიარდიანი კომპანია დააარსა რვა სხვადასხვა სფეროში. მას თან სდევს წარმატება, არადა, არც ერთ სფეროში არა აქვს დიპლომი. ის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და საინტერესო ტიპაჟია ცნობილ მილიარდერებს შორის. მისი ქონება დღეს 4,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
დაბადებულია 1950 წელს ლონდონში, ბლეკჰეტში. ბაბუა მოსამართლე იყო, მამა კი ადვოკატი. 13 წლამდე სკოლაში სწავლობდა, თუმცა, მალე მიატოვა. სწავლის სირთულეები და ცუდი შეფასებები იმის ბრალი იყო, რომ დისლექსია ჰქონდა (მეტყველების ერთგვარი პრობლემა). ამის მიუხედავად, ბავშვობიდან ჰქონდა საქმოსნური წამოწყებები: ერთხელ საშობაო ნაძვის ხეების მოშენება გადაწყვიტა, მერე კი – ტალღოვანი თუთიყუშების, თუმცა, არც ერთმა საქმემ არ გაუმართლა.
16 წლისა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მომგებიან ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი- ჟურნალ ”სტუდენტს”. ჟურნალში უფასოდ იბეჭდებოდნენ ჯონ ლენონი, მიკ ჯაგერი და სხვა ვარსკვლავები.

17 წლის რიჩარდმა თავისი პირველი საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსა. მისი შემდგომი საქმიანობა ხმის ჩამწერ კომპანიებს, ჩანაწერების ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება. მერე იყო მაღაზიები, ტელევიზია, კინო, გამოცემები, ავიაკომპანია…

დღეს მისი კორპორაციის მფლობელობაში სხვადასხვა პროფილის 400-მდე კომპანიაა გაერთიანებული.

ბრენსონის წარმატების საიდუმლოებანი

1. ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ – ბიზნესი ადამიანს უდიდეს ძალას ართმევს, მას დიდი შრომა, ცრემლისა და სისხლის ღვრაც კი სჭირდება. მაგრამ დღის ბოლოს უნდა ხვდებოდეთ, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შეძელით, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ. როცა ”ვირჯინს” ვიწყებდი დასავლეთ ლონდონის სარდაფში, არავითარი დიდებული გეგმა ან სტრატეგია არ მქონია. არ დამისახავს მიზნად ბიზნესიმპერიის აშენება. ჩემთვის ბიზნესი ის არის, რომ გავაკეთო რაღაც, რითაც ვიამაყებ – შევკრიბო ერთად ნიჭიერი ადამიანები და შევქმნა ის, რაც მართლაც შეცვლის სხვა ადამიანების ცხოვრებას.

2. ყოველთვის მხედველობის არეში უნდა იყოთ – ”ვირჯინ ეარლაინსის” შექმნისას კარგი საქმიანი რჩევა მივიღე ბრიტანელი მაგნატის, სერ ფრედლი ლეიკერისგან: ”ეცადე, ყოველთვის იყო ჟურნალ-გაზეთების პირველ და არა ბოლო გვერდებზე. შენ იქ უნდა იყო და გაყიდო საკუთარი თავი, თუნდაც სისულელე, გააკეთე ყველაფერი, რაც გინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდხანს ვერ გაჩერდები პირველთა შორის”. ბრენსონმა მართლაც შეასრულა ეს რჩევა – გამუდმებით რაღაც ახალს აკეთებს, ხან რეკორდებს ამყარებს, ხან ექსცენტრიკული სამოსით ევლინება საზოგადოებას, ხან მოგზაურობს და უამრავ ახალ ადამიანს ხვდება. სწორედ ამ გზით პოულობს ბევრ საინტერესო წინადადებასა და იდეას ბიზნესისთვის.

3. გონივრულად შეარჩიეთ სახელწოდება – ბრენდის უნიკალური სახელწოდება ”ვირჯინი” (რაც ინგლისურად ნიშნავს ქალწულს, ასევე – გამოუცდელ ადამიანს) კომპანიის წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა. ბრენსონი დარწმუნებულია, რომ მისი კორპორაციის სახელწოდებას დიდი ენერგეტიკა და ცინცხალი და სექსუალურად მიმზიდველი ქვეტექსტი აქვს. ”ერთხელ, ღამით, სასმელს მივეძალე და მეგობრებთან ერთად ფირფიტების მაღაზიის სახელწოდებაზე ვმსჯელობდი. უამრავი იდეა უკუვაგდეთ, თუმცა, რაკი სრულიად ახალბედა ვიყავი ბიზნესში, ვიღაცამ შემომთავაზა ”ვირჯინი”. ამ სიტყვაში არის რაღაც ახალი და ცინცხალი, გარდა ამისა, რაღაცნაირად ამაღელვებელია, ოდნავ უხამსიც კი. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ის ყურადღებას მიიქცევდა და დასამახსოვრებელი იქნებოდა. ასეც მოხდა”.

4. ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია რისკის გარეშე – მამაცი სამუდამოდ ვერ იცხოვრებს, მაგრამ ფრთხილი საერთოდ არ ცხოვრობს. მზად იყავით ნოკდაუნისთვის და გახსოვდეთ, რომ წარმატება იშვიათად მოდის ფრთხილი თამაშის დროს.

5. პირველი შთაბეჭდილება ყველაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც მეორე. პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც კლიენტებზე ახდენთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ მეორე შთაბეჭდილებასაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მეორედ კლიენტი, ჩვეულებრივ, იმიტომ შემოდის ”ვირჯინთან” კონტაქტში, რომ პრობლემა უჩნდება პროდუქტთან ან სერვისთან. იმაზე, თუ როგორ წარადგენთ საკუთარ თავსა და ბრენდს ამ სიტუაციაში, ბევრი რამ არის დამოკიდებული, რათა კლიენტებთან კარგი ურთიერთობა აეწყოს და ნაკლოვანებები აღმოიფხვრას.

6. სრულყოფილება მიუღწეველია – ადამიანების ფიქრი იმაზე, რომ ისინი რაღაცით სრულყოფილნი არიან, საშიშია. როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს, ისინი ხშირად მიღწეულს სჯერდებიან, სხვები კი ამ დროს მთელი ძალით მიისწრაფვიან, რომ იგივე გააკეთონ, ოღონდ უკეთ!

7. კლიენტი ყოველთვის მართალია… უმრავლეს შემთხვევაში, კლიენტი ყოველთვის მართალია, თუ არ ცდება. ბოლოს და ბოლოს, კლიენტებიც ხომ ადამიანები არიან. კლიენტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კლიენტების მომსახურების სისტემის აგება არ ღირს იმ პოსტულატზე, რომ თქვენი ორგანიზაცია არასდროს გააპროტესტებს თქვენი კლიენტების ახირებებს.

8. განსაზღვრეთ თქვენი ბრენდი – ბრენსონი ბიზნესმენებს ურჩევს, არ გაიმეორონ მისი შეცდომა, რომელიც ”ვირჯინის” შექმნისას დაუშვა და სხვადასხვა სფეროს გადასწვდა. მართალია, მისი კომპანია წარმატებულია ყველა სფეროში, ბრენსონი მაინც მიიჩნევს, რომ ”კომპანია ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ რამეზე, კონკრეტულად კი იპოვოს ახალი საშუალებები, რომ ხალხს დაეხმაროს დროის უკეთ გატარებაში. გააკეთეთ ის, რაც კარგად იცით. ცოტა რამეს შეჰპირდით და მეტი მიაწოდეთ. და თუ თქვენი ბრენდის მიზნებსა და ამოცანებს არ განსაზღვრავთ, ამას კონკურენტები გააკეთებენ”.

9. გამოიკვლიეთ ის ტერიტორიები, რომლებიც რუკაზე არ არის მონიშნული – ბრენსონი ბიზნესში ახალი ტერიტორიების გამოკვლევას ადარებს მეცნიერებასა და გეოგრაფიაში გამოკვლევებს. ”ჩვენ ვიპოვით ახალ სახეობებს და უკეთ გავიგებთ ღრმა წყლების შემადგენლობას. კიდევ ბევრი ისეთი რამ არსებობს, რაც არ არის აღმოჩენილი, მიღწეული. მცირე თუ უცნობი უბნების გამოკვლევამ შეიძლება ახალი იდეები და აღმოჩენები შვას”.

10. მოერიდეთ სამუშაო გარემოში წინააღმდეგობრიობებს ”ჩვენ და ისინი” – სამუშაო სივრცე ერთიანი უნდა იყოს ხელმძღვანელისა და მისი ხელქვეითებისთვის – ყველამ უნდა იმუშაოს ერთიანი მიზნის მისაღწევად. თუ თანამშრომლები საკუთარ თავს არ აიგივებენ კომპანიასთან, არ ამბობენ საკუთარ თავზე ”ჩვენ”, ეს იმის ნიშანია, რომ კომპანიის ზედა და ქვედა ეშელონებს ერთმანეთთან ურთიერთობა არა აქვთ. თუ ჩნდება განცდა, რომ უთანხმოება ან დაძაბულობაა მენეჯერებსა და ხელქვეითებს შორის, ჯობს ჯერ იმაში გაერკვეთ, რა ხდება საშუალო რგოლის ხელმძღვანელთა გარემოში, რათა პრობლემის წყარო დაადგინოთ და მერე აღმოფხვრათ.

11. კომფორტული კორპორაციული გარემო შექმენით – თანამშრომლებმა თავისუფლად და მოტივირებულად უნდა იგრძნონ თავი, რომ გულწრფელად და უშიშრად გამოთქვან აზრები და შესაბამისად, უკეთ იმუშაონ და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას – მხოლოდ პროცესში ჩართულ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულ სამუშაო ძალას აქვს უნარი, შექმნას უმაღლესი კლასის პროდუქტი ან სერვისი და ააგოს მომგებიანი და მყარი ბიზნესი.

12. ყველა არ არის გამოსადეგი დირექტორობისთვის – მენეჯერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ”ადამიანებში მხოლოდ საუკეთესო რამ გააღვიძოს”, ვისაც შეუძლია სხვებთან ურთიერთობა და თითოეულ თანამშრომელს ეხმარება შეცდომების გაანალიზებაში, ნაცვლად იმისა, გამუდმებით აკრიტიკოს. ყველას არ შეუძლია ეს. კომპანიის დამფუძნებელი შეიძლება არც იყოს მისი მმართველი, თუ არ არის საამისოდ გამოსადეგი, ასეთ შემთხვევაში, პოსტი სხვას უნდა ანდოს.

13. ეძებეთ მეორე აზრი, ეძებეთ მესამე აზრი – ბიზნესში წარმატებისთვის აუცილებელია, იყოთ კარგი მსმენელი. სხვადასვა აზრის ძიებას შეუძლია უამრავი დროისა და ფულის დაზოგვა. ნუ უამბობთ ადამიანებს სხვათა წინადადებებს მანამ, სანამ იმას არ მოისმენთ, რაც მათ უნდა გითხრან. ეძებეთ საუკეთესო აზრები და შეაჩერეთ არჩევანი სასურველ მათგანზე.

14. გაწყვიტეთ კავშირები, მაგრამ უკან დასახევი გზა დაიტოვეთ – ბიზნესი სხვა ადამიანთან, იქნება მეგობარი თუ პარტნიორი, ყოველთვის არ არის მომგებიანი. თუ ასეა, უნდა იცოდეთ, ცივილიზებულად როგორ დაშორდეთ. მაგრამ ის, რომ სხვა მიმართულებით სვლა გადაწყვიტეთ, სულაც არ ნიშნავს, რომ სამტროდ გადაეკიდოთ ერთმანეთს. მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა დაშორდეთ.

15. ნუ იტყვით უარს ტელეფონზე – ტექნიკურად შეიარაღებული რომ ხართ. კარგია, მაგრამ ნუ გაგზავნით წერილს ელექტრონულ ფოსტაზე იმ შემთხვევაში, როცა დარეკვაა საჭირო. ბოლო წლებში ბიზნესურთიერთობების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, რადგან ადამიანები გაურბიან სატელეფონო საუბრებს და პირისპირ შეხვედრას, რაც საქმის ეფექტურობაზეც აისახება. პრობლემები უფრო რთულად გადაწყდება წერილებისა თუ ელექტრონული ფოსტის დახმარებით, უმნიშვნელო პრობლემის მოგვარება კი შეიძლება უსაშველოდ გაჭიანურდეს, თუ ტელეფონით არ ისარგებლებთ.

16. ცვლილებების კი არ უნდა გეშინოდეთ, მათი მართვა უნდა შეგეძლოთ – კომპანიები არ არიან დაზღვეული მომავლისგან და არაფერია მარადიული. მეწარმე მზად უნდა იყოს ადაპტაციისთვის და თავის კომპანიაზე ნოსტალგიის გრძნობასაც უნდა გაურბოდეს. ხანდახან გიწევთ საკუთარი კომპანიის ახალი მიმართულებით მართვა, რადგან შეიცვალა გარემო ან შესაძლებლობები. თუ რაღაც მსგავსი ხდება, უნდა იპოვოთ შესაძლებლობა და თანამშრომლები მომართოთ ისე, რომ მათ მეწარმეებივით იაზროვნონ, რადგან რაც მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებთ ადამიანებს, მით უკეთ იმუშავებენ.

17. თუ საქმე შეცდომებამდე მიდის, უკან გადახტით და არ წაიქცეთ – ბიზნესგადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის საუკეთესო და მართებული. ყველა უშვებს შეცდომას, მაგრამ მათი აღიარებაც უნდა შეგეძლოთ. სიმართლე არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ ერთადერთი პოლიტიკაა. თუ შეცდომა დაშვებულია, არ დაუშვათ, რომ გადაგყლაპოთ. დაადგინეთ მიზეზი და შეუდექით მუშაობას მის მოსაცილებლად.

18. იყავით ლიდერი და არა ხელმძღვანელი – ხელმძღვანელის კლასიკური სახე სრული ანაქრონიზმია. ხელმძღვანელისთვის არც ისე სასურველი თვისებაა, ჰქონდეს სურვილი, თავი ხელმძღვანელად იგრძნოს. ხელმძღვანელი ბრძანებებს გასცემს, ლიდერი კი ორგანიზებას უწევს. ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, როცა ვიღაც მეუბნება: ”ოქეი, შესანიშნავია. შენ უფროსი ხარ!” ამ ”ოქეიში” ყოველთვის ვგრძნობ, რომ ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ მზად არის, შეასრულოს იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი. და თუ საქმე არ გამოვა, ის პირველი იქნება, ვინც ყველას ეტყვის, რომ ეს არ იყო მისი იდეა. ამიტომაც კორპორაციის კარგი ხელმძღვანელი ის არის, ვინც არა მხოლოდ იდეების გენერატორია, არამედ სხვებსაც შთააგონებს, რომ საკუთარი იდეები და აზრები გამოთქვან.

წყარო: http://www.bpn.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment