fbpx

„ჩემთვის წამი გაჩერდა“ – 24 წელი სულით ავადმყოფთა კლინიკაში

ავტორი ჟოლო
40 ნახვა

„ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა ისაა, როგორ დამიჭირეს, გამკოჭეს და ასათიანზე მიმიყვანეს – ვუყურებდი ჩემს ირგვლივ ადამიანებს და ვფიქრობდი – ნუთუ მეც ისეთივე ვარ, როგორც ისინი?… სულ ვეკითხებოდი თავს – რატომ მოვხვდი აქ, რატომ გამიმეტეს ჩემებმა?..”

ანასტასია: 22 წლის ვიყავი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე… წამითაც ვერ გავივლებდი გუნებაში, რომ იქ მოვხვდებოდი, სადაც ჩემთვის ცხოვრებისგან შეშლილები იწვნენ. მაგრამ არავინ იცის დრო ვის რას უმზადებს… მაშინ, როდესაც ცხოვრებისეულ გეგმებს ვაწყობდი და მომავალს ოცნების თვალებით შევყურებდი, ჩემთვის წამი გაჩერდა…  უცხო გარემოში აღმოვჩნდი, გისოსებს მიღმა, ოცნებებისა და გეგმების გარეშე…

 

მე არ შემინიშნავს, ჩემებმა შენიშნეს

თავიდან ნერვიულობას უძილობა დაერთო. მერე კი აზრები, რომ ცუდი რამ უნდა დამმართნოდა. მაშინ 4 დღე დიპლომზე გადაბმულად ვმუშაობდი. გადავიღალე. ფაქტობრივად არ მეძინა. განვიცდიდი, ვშფოთავდი, ვნერვიულობდი. მანამდე ტვინის შერყევაც მქონდა მიღებული. არ მივხედე ისე, როგორც საჭირო იყო. ამან გამოიწვია ბევრი პრობლემა. მერე, სოციალური პრობლემაც დაერთო, ოჯახში კონფლიქტიც… დედ-მამა ცილდებოდნენ ერთმანეთს და ამან ძალიან იმოქმედა. 17 წლიდან ყოველ დღე გაუთავებელ ჩხუბს ვუყურებდი. დავითრგუნე. ნერვიულობაზე სპაზმები დამეწყო -საჭმელს ვერ ვყლაპავდი… სახლიდან გაქცევაც მდომებია… შინაგანად ვინგრეოდი და ვნადგურდებოდი, თუმცა, სადღაც ჩემი სამყარო მაინც მქონდა… ეს მომავალი იყო, ლამაზი ფერებით… მაგრამ?! … 

22 წლისას პირველი შეტავა დამემართა… თავიდან უცნაური ქცევები მქონდა თურმე. ხმას არ ვიღებდი. საჭმელს არ ვჭამდი. ჩვეულებრივ, პასუხს არ ვიძლეოდი. ბოლოს, იმდენად გამწვავდა მდგომარეობა, რომ ვერაფერს ვგრძნობდი. დედა ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი… ის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს. ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა ისაა, როგორ დამიჭირეს, გამკოჭეს და ასათიანზე მიმიყვანეს. მერე აღრიცხვაზეც ამიყვანეს…

 

პროტესტი

ვუყურებდი ჩემს ირგვლივ ადამიანებს და ვფიქრობდი- ნუთუ მეც ისეთივე ვარ, როგორც ისინი?… შინაგანი პროტესტი მქონდა. 10 დღე ვაცნობიერებდი, სად ვიყავი… სულ ვეკითხებოდი თავს – რატომ მოვხვდი აქ, რატომ გამიმეტეს ჩემებმა? ბოლოს მივხვდი რაშიც იყო პრობლემა… მერე, „მილინკივით“ ვიქცეოდი. უკვე ვექვემდებარებოდი მკურნალობას. ვხვდებოდი რა შემეშალა და იმას აღარ ვიმეორებდი. მაგრამ მერე სხვა რამ მეშლებოდა და ასე, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამოვიწრთე… ფაქტობრივად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გავიზარდე. 24 წელია პაციენტი ვარ. აქედან 10 წელი რემისია მაქვს. 14 წელი კი მწვავე მდგომარეობაში ვიყავი. ბევრი სარისკო მომენტები მქონდა. ზღვარს იქეთ გადადიოდა ჩემი ნერვები, ჩემი ქცევა, ჩემი სურვილები, აზრები…

 

ხშირად მიგდებდნენ აბუჩად

ეტაპობრივად სახლშიც მიშვებდნენ. ერთხელ, ჩემებს ტანსაცმელი გადავუყარე, სახლი ავრიე საშინლად, მერე დავლეწე რაღაც-რაღაცები. ბოლოს, სახლს ცეცხლი წავუკიდე. დეიდა ვცემე. მაშინ ამ ფაქტების ჩემებური ახსნაც მქონდა. სულ ტანსაცმელზე იყო სახლში პრობლემა და ეს პრობლემა ძალიან ადვილად გადავჭერი. ასევე პრობლემა იყო სახლის დალაგებაც. დეიდამ – ეს ავადმყოფია და „ფსიხუშკაში“ დასაწვენიაო. ამის გამო მიითეთქვა… ხშირად მიგდებდნენ აბუჩად. ერთხელაც, იმდენად გავმწარდი, აღარ მინდოდა არაფერი და სახლს ცეცხლი წავუკიდე. მე თქვენ გიჩვენებთ სეირს მეთქი. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ცხელ გულზე იმ წამს ეს მოვიფიქრე.  5 სართულიანში ვცხოვრობდით. შეშინებული მეზობლები სულ სირბილით ჩამოცვივდნენ…მერე შევვარდი და ხანძარი თვითონვე ჩავაქრე… ისევ წამიყვანეს… ძალიან ცუდად მექცეოდნენ… ყველა დამცინოდა, მასხრად მიგდებდა,  ჩემი დებიც ზედაპირულები იყვნენ… დედაჩემი და მამაჩემი არ იყვნენ მხოლოდ ამგვარად ჩემს მიმართ განწყობილნი. არც ბიძაჩემი.

 

მშობლები

 …მერე, თავსაც იდანაშაულებდნენ ეს რომ შემემთხვა. ძალიან ნერვიულობდა ორივე. არ ეგონათ თუ ეს შედეგი იქნებოდა. ახლა, არც ერთი არა მყავს ცოცხალი. სიკვდილის წინ მამა მოვიდა –  მთელი ჩემი ცხოვრება არასწორად ვიცხოვრე თქვენს მიმართ და მაპატიეთო.  ბოდიში მოიხადა. ერთ წელში დედაც გარდაიცვალა… მე არასდროს დამიდანაშაულებია ისინი. ყველას, თავისი შეხედულება აქვს ამ ცხოვრებაზე… კარგი იყო ამ ყველაფერს სხვანაირად მისდგომოდნენ, მაგრამ… მადლობა მათ იმისთვის, რომ დები მყავს. დღეს ჩემი დებით მიდგას სული.

 

 იმედით ვარ სავსე…

ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილებზე, მოდელების სახლშიც ვკერავდი, დიზაინსაც ვქმნიდი… ვმუშაობდი იმის მიხედვით, თუ როგორ მიწყობდა ხელს ჯანმრთელობა. სხვადასხვა მიზეზის გამო მდგომარეობა თუ გამწვავდებოდა სამსახურებიდან მიშვებდნენ. 9 წელი უმუშევარი ვიყავი. მერე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ვიმკურნალე… 6 თვე დავყავი. ექიმებთან ერთად მუშაობამ ნაწილობრივ მომიგვარა პრობლემები და რეაბილიტაციის ცენტრის სამზარეულოში დამაწყებინეს მუშაობა. 10 წელი ვიმუშავე. ბოლოს შემცირებაში მოვყევი. იმედს არ ვკარგავ. სპეციალობის შეცვლაზეც ვფიქრობ. კომპიუტერი და ინგლისური მინდა შევისწავლო. 10 წლის წინ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ახლა კი იმდენად მდგრადია ჩემი ნერვიული სისტემა და სოციალური მდგომარეობა მოგვარებული, რომ თავისუფლად შემიძლია ჩანაფიქრის განხორციელება…  მერე რა რომ 46 წლისა ვარ… შინაგანად ამისთვის მზად ვარ და შემართულიც …  

 

 

რომ მცოდნოდა…

 რომ მცოდნოდა ჩემი მდგომარეობა ზღვარს იქეთ გადავიდოდა, ან ეკლესიაში მივიდოდი ან წამლებს დროულად დავლევდი. ბოლოს კარგ სპეციალისტთან მოვხვდი, რომელმაც სერიოზული თანადგომა გამიწია და 18 წელია ვმეგობრობთ. მანამდე ბევრი ექიმი გამოვიცვალე… როგორ შეეწყობი ექიმს ამაზეც არის დამოკიდებული. მკურნალობის კურსს ახლაც გავდივარ, იმიტომ რომ მჭირდება. როგორც ამიხსნეს, ქრონიკულია ეს დაავადება…


არავინ  იცის ვის რა დროს გადაუბრუნდება ფეხი

ყველაზე კარგი, რაც ადამიანში არის, სიკეთის კეთების უნარი, სითბოს გაცემა და თანადგომაა. ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონიდან“ მახსენდება-ადამიანი ფრესკა არ არის ერთ განზომილებაში უყურო. მას, როგორც ქანდაკებას, ისე უნდა შემოუარო ირგვლივ და იქედან უმზირო, საიდანაც უკეთესად გამოიყურებაო. ასე რომ, ყველა ადამიანში არის ცუდი და კარგი. შენზეა დამოკიდებული თუ როგორ მიიღებ იმ ადამიანს. ყველანი მოკვდავნი ვართ. ამ წუთისოფელში ვის რა ელოდება, არავინ იცის.  არავინ  იცის ვის რა დროს გადაუბრუნდება ფეხი და ვისი თანადგომა დასჭირდება…

 

რწმენა

ნებისმიერი სიტუაციიდან  არსებობს გამოსავალი. პანდორას ყუთი ხომ იცით? რწმენა ბოლოს რომ გამოუშვეს. ამ რწმენით ვარ დღეს… იყო დრო, როცა  რაღაცეებს ვერ ვცვლიდი. ძალისხმევა სჭირდებოდა, ჩემში კი ქაოსი და არეულობა იყო. ყოველ დილით ვლოცულობ –  უფალო, მომეცი ნებისყოფა მოვითმინო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და მომეცი გონება, რომ განვასხვავო ერთი მეორისაგან…

 

 

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მოხვდეს 

 

რატომღაც მიჩნეულია, რომ ფსიქიური აშლილობის წინაპირობა ნევროზია, რაც არასწორი მოსაზრებაა. დღეს ნევროზული ფონი მატულობს, მაგრამ ნევროზი არასდროს არ გადადის ფსიქიურ დაავადებაში, რასაც შიზოფრენია ჰქვია. ყველა დაავადება ადამიანშია ჩადებული. გააჩნია რა ცხოვრებით ცხოვრობს. ზოგ შემთხვევაში საქმე გვაქვს გენეტიკურ პრობლემასთან. სხვათა შორის, შიზოფრენიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ნარკომანიაა. პლანის მოწევა კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვენი ახალგაზრდობა კი დღეს პლანს ნარკოტიკს არ ეძახის. ეს არის ნარკოტიკების ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც საკმაოდ მძიმეა და შედეგს ათი წლის შემდეგ აჩვენებს – შეიძლება გამოვლინდეს შიზოფრენია ან ორგანული ფსიქოზი. ჯანმრთელი ცხოვრებით უნდა იცხოვროს ადამიანმა. პირველ რიგში აუცილებელია დღის რეჟიმის სწორად განაწილება. საჭიროა ვაკონტროლოთ ძილი. ის აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული.

 

ავტორი: დეა თავბერიძე

წყარო: პრაიმტაიმი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment