»ჭინჭრაქა» ახალი ინტერპრეტაციით | Jolo.ge


»ჭინჭრაქა» ახალი ინტერპრეტაციით

»ჭინჭრაქა» ახალი ინტერპრეტაციით

თანამედროვე «ჭინჭრაქას» სულ მალე მოზარდმაყურებელთა თეატრში ვიხილავთ. ორ მოქმედებიან კომედია-ზღაპარში შეხვდებით ტყის ბინადარებს, რომლებიც იძულებულები არიან ემიგრაციაში გაიხიზნონ. იმოგზაურებთ ჯადოსნურ სამყაროში, მაგიური ნივთების წყალობით ნახავთ როგორ დაამარცხებენ ჭინჭრაქა და მზეთუნახავი ბოროტ დევს და მის გამზრდელ ქოსას. ერთი სიტყვით  ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მაყურებელს საოცარი სანახაობა ელის. ეს  არ არის სპექტაკლი მხოლოდ ბავშვებისთვის. დღევანდელობას მორგებულ ზღაპარშიც „ჭინჭრაქას“ გმირები პოლიტიკური ქვეტექსტებით საუბრობენ. ისინი ხუმრობენ ყველასათვის ნაცნობ და საჭირბოროტო თემებზე. დრამატურგ გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „ჭინჭრაქა“ 11, 12, 13 და 14 მაისს დიდ სცენაზე გათამაშდება. სწორედ იგივე ავტორის პიესა დადგა ათეული წლების წინათ მიხეილ თუმანიშვილმა და მაშინდელ რეალობას მოარგო. მაშინ ამ სპექტაკლში ქართული თანავარსკვლავედის თითქმის სრული შემადგენლობა თამაშობდა. მას შემდეგ ვერავინ გაბედა ამ პიესას შეჭიდებოდა. ამჯერად  მაყურებლის წინაშე გამოცდის ჩაბარება რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას უწევს.

 

გოგა ქაჩიბაია: რატომ გადავწყვიტე? მარტივი პასუხი მაქვს,- რატომაც არა! ამ პიესის სცენიდან გამოხატვის სულ სხვა ფორმა ავირჩიეთ. სანახაობითი მიმართულება მივეცით. ზღაპარია თანამედროვე ელემენტებით, თანამედროვე ცეკვით, მუსიკით და ბევრი საინტერესო  დეტალით. ერთ შემადგენლობაში დევს გოგო თამაშობს. პატარ-პატარა ექსპერიმენტები უხვად არის და ვცდილობ რომ ამით იყოს განსხვავებული…

-არ გაუკვირდათ როდესაც თქვი რომ ჭინჭრაქას დადგმას აპირებდი?

-კი, როგორ არ გაუკვირდათ, ხმაურიანი „ჭინჭრაქა“ გამოგვივიდა. ყველას აქვს ასოცოაცია რაღაცით ხომ არ დაემსგავსება თუმანიშვილის სპექტაკლსო. იმდენად  გენიალური იყო ის სპექტაკლი და იმდენად მაგარი მსახიობები მონაწილეობდნენ, რომ უნებურად გაფიქრებინებს ბევრ რამეს… მსახიობს მაინც დაუძლეველის დაძლევის შიში თან სდევს, მაგრამ ისევ ვამბობ, რატომაც არა, უნდა სცადო! თან ჩვენი აბსოლუტურად განსხვავებული სპექტაკლია და უფრო შოუს ხასიათს ატარებს…

-შენ თვითონ მაყურებლის შიში არა გაქვს, ან შიში იმის, თუ როგორ მიიღებენ თეატრის კრიტიკოსები?

-შეიძლება ხმამაღალი და ამბიციური ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ამის შიში არა მაქვს. შიში და ცუდზე ფიქრი ნამუშევარს ყოველთვის აფუჭებს. მუშაობის პროცესის დროს ექსტაზში იმდენად შედიხარ, რომ ამაზე ფიქრი სისულელედ მიგაჩნია. ნამუშევარს ყოველთვის ეტყობა როცა შიშის ქვეშ  არის გაკეთებული, ამიტომ თავისუფლება ჯობია.

-და მაინც რისკი არ იყო „ჭინჭრაქას“ არჩევა?

-კი რა თქმა უნდა. რისკი იყო და გავრისკე! 

 

                                                                             დეა თავბერიძე

ნანახია:(46)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*