წერილი ლუკას — გიორგი თვალაძე | Jolo.ge


წერილი ლუკას — გიორგი თვალაძე

წერილი ლუკას — გიორგი თვალაძე

ყოველთვის გახსოვდეს, რომ მთავარია, მთავარი იყოს მთავარი!

ხოლო მთავარია — იყო ნამდვილი, იყო საკუთარი თავი ამ პლასტმასის საზოგადოებაში…

 

აქ ყველა რაღაცას აკეთებს და დაინახო, ვინ რაზე «ზის», პრობლემა აღარაა…

ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს მთავარი, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ადვილად ვივიწყებთ მთავარს და საკუთარი თავის რწმენა ბოლომდე გამოწურული გვაქვს.

იცოდე, რომ შენ შეძლებ აღმოაჩინო საკუთარ თავში ძალა და სტიმული, რათა მიაღწიო დასახულ მიზანს. სულ რომ ფორთხვით მოგიწიოს მიზნამდე მისვლა, შენ ბოლომდე მიხვალ, რადგან შენ შეგიძლია და სწორედ ეს არის მთავარი.

იცხოვრე აწმყოში და შემოქმედი გასწავლის, როგორ არ დაკარგო რუტინაში თავი.

შენი ქალაქი მოწყენილია, კედლები უენერგიო და ცარიელი, გარშემო კი სულ პლასტმასის ადამიანები არიან… ისინი დაიკარგნენ რუტინაში და დაკარგეს საკუთარი თავი…

მნიშვნელოვანია, დაივიწყო ეს ხალხი, რადგან ისინი ყალბები არიან.

იცოდე, რომ მთავარი ის არის, რაც შენს შიგნით იმალება!

ჩვენი თვალები ჩვენი სულის სარკეა და მან ზუსტად იცის, თუ როგორ იცხოვრო.

იმიტომ გწერ ამ წერილს, რომ არ მინდა, სიყალბეში იცხოვრო, სადაც ადამიანებს შიშის უფრო სწამთ, ვიდრე — ღმერთის…

მე მინდა იცხოვრო სიყვარულში და მიხვიდე იქ, სადაც შენ გინდა მისვლა.

ასე რომ, გახსოვდეს: ძალიან მნიშვნელოვანია, იყო საკუთარი თავი ამ პლასტმასის საზოგადოებაში…

გარშემო მარაზმი მეფობს… ურწმუნო მორწმუნეებისა და ამორალური მორალისტების ცვენაა, სადაც ყველას თავისი ლუკმა უნდა, მიიღოს.

*** ლუკას ***

აქ ვერ გაიგებ, ვინ მეგობარი და ვინ მტერია…
ადამიანში პლასტმასის სისხლი გამოერია…

არადა, ეს ცხოვრება ხომ მშვენიერია…
არადა, ეს პლასტმასიც ხომ ჩვენი ერია?!

დღეს აქ ისევ «მოკრობაა» მოდაში…
უმეცრებმა ხალხი ჩასვეს კოლბაში.

სიყალბეა შეპარული გრძნობაში…
მეგობრობა ჩაჯდა ფარულ მტრობაში.

და მიაფრენს ამ ცხოვრებას ფარსი…
სინამდვილეს დაკარგვია არსი.

სიხარული დღეს ხომ თურმე ცოდვაა…
ირგვლივ «წმინდა მწუხარების» მოდგმაა.

თუ გაქვს სახე მომღიმარე, ნათელი,
ესე იგი, სხვას დაუნთე სანთელი.

გაეცალე, გაერიდე ამ წესებს…
და სინდისი შენს სიმართლედ აწესე.

შენ იყავი შენი თავის მსაჯული…
არც ბატონი გინდოდეს, არც მსახური.

გულს უსმინე, ტვინი მხოლოდ ართულებს…
რომ ფიქრებში და ფიქრებით გართულებს

გამოგვტაცოს აწმყო და სინამდვილე.
არ დანებდე, შენი არსი დაინდე…

არ უსმინო ამ სიყალბის ზეობას,
ღმერთი მართალს მუდამ მოგცემს მხნეობას.

მხოლოდ ერთი სინამდვილე იცოდე…
იყავი შენი თავი და… იცხოვრე!

© GT & NT heart ემოცია

იყავი ნამდვილი… და იმისათვის, რომ არ დაკარგო თავი, მუდმივად ძიებაში იყავი.

მე აუცილებლად გეტყვი, თუ რამე მომეწონება, მაგრამ არასოდეს მივანიჭებ ჩემს ეგოს, შენი შეცდომის გამომზეურებით განცდილ სიამოვნებას…

არ დაიჯერო, თითქოს ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი… ეს პატარა ადამიანების მოგონილია და მათ ეს სხვა პატარა ადამიანების სამართავად მოიგონეს…

ადამიანებმა ვიღაცის მიერ მოგონილი კანონებით ცხოვრება ისწავლეს… ისინი თითქოს გაიზარდნენ, მაგრამ დღემდე სხვების მიერ დამონტაჟებული ტვინით აზროვნებენ.

არადა, შენი დანიშნულება ფრენაშია… უბრალოდ, გადახტი და ფრთებიც გაიშლება… ნუ ფიქრობ, იაზროვნე…

შენ შეგიძლია ფრენა, არ დაუჯერო პლასტმასის ადამიანებს, რომლებიც საპირისპიროს მტკიცებას დაგიწყებენ… ასე მხოლოდ პლასტმასის ადამიანები იქცევიან.

არ დაიჯერო, როცა დაგიწყებენ სწავლებას, რომ თითქოს ფორმა ხარ, რომელსაც აქვს სული…

ყოველთვის იცოდე, რომ — შენ ხარ სული და დროებით გაქვს ფორმა, რომელიც სწრაფად უნდა გამოიყენო მთავარის საკეთებლად.

შენ უნდა იცოდე სიმართლე — შეუნიღბავი და შეულამაზებელი სიმართლე:

აქ ადამიანები არსებობენ და ცოცხალი გვამებივით დადიან.

აქ ყველა სხვისი მოსამართლეა, მაგრამ საკუთარ თავს არავინ ეხება.

აქ ყოველი ფინია მზად არის ყეფით აგიკლოს, თუ იგრძნობს, რომ სხვა ფინიებიც გიყეფენ.

აქ სულსაც და სულიერებასაც ფასი ადევს.

აქ ქრისტეს მკვლელები აღსარებას იბარებენ, ქვების მსროლელები კი გარიგებენ ჭკუას.

აქ ადამიანს ყელზე საყელური უკეთია, ხელებზე კი ბორკილები ადევს, თუმცა სოციალურ ქსელში თავისუფლებასა და ბედნიერებაზე წერს.

აქ ადამიანები დროსა და სივრცეში გაიჭედნენ და კაპიტანს ელოდებიიან, რომელიც ქვეყნის გემის საჭეთმპყრობელობას იკისრებს… მაგრამ მოდიან პატარა ადამიანები და დიდ პოსტებზე სხდებიან… შემდეგ კი, ეს პატარა ადამიანები წყვეტენ, თუ როგორ იცხოვრო შენ… ეს მანამდე გრძელდება, სანამ მისი მომყვანი პატარა ადამიანები ბუნტს არ ატეხენ და კინწისკვრით არ გააგდებენ საჭეთმპყრობელს… შემდეგ კი ყველაფერი ახლიდან მეორდება.

აქ სიყვარული ვალდებულება ჰგონიათ და არა — ცნობიერი არჩევანი.

აქ შენნაირ ადამიანებს ჩარჩოში სვამენ და ცხოვრების წესებს ასწავლიან.

აქ გასწავლიან თეთრს და შავს.

აქ გასწავლიან ჭეშმარიტებას, რომლისაც ეშინიათ.

აქ თვალებს აგიხვევენ და გეტყვიან: ყველაფერი კარგად იქნებაო… აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენი იქნებაო… აქ თუ არა, იქ მაინც კარგად იქნებიო.

აქ ტელევიზორი გეტყვის, რა არის სიმართლე, იმიტომ რომ ის ობიექტურია და ხალხზე ზრუნავს… არ დაუჯერო ტელევიზორს!

აქ პოლიციელი შენი უსაფრთხოების გარანტია, შენ პატივი უნდა სცე მას და დაემორჩილო, მაგრამ ხანდახან ის უდანაშაულო მეგობრებსაც გიკლავს.

აქ ფულის გულისთვის ერთგულებას შემოგფიცებენ, შენ ფიქრობ, რომ ერთგული ადამიანები გიდგას გვერდით და უცბად საყელურს იგრძნობ ყელზე.

შენ უნდა მოიხსნა სახვევი თვალებიდან, ჩაახშო დაგროვილი ხმები თავში და გულის ხმას მიჰყვე.

P.S. გახსოვდეს — მთავარია გზა და მოძრაობა! ეს არის ადამიანის დანიშნულება… არაფერი წინასწარ არ არის განსაზღვრული და მხოლოდ შენ ქმნი საკუთარი ცხოვრების სტილსაც და დიზაინსაც. ერიდე თვალთმაქცებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს, ისინი არ ავრცელებენ ცნობიერების ცოდნას, ისინი გადასცემენ შიშის ენერგიით გაჟღენთილ პროგრამას, რომელიც წამლავს.

მთავარია, იყო ნამდვილი, იყო საკუთარი თავი ამ პლასტმასის საზოგადოებაში…

მთავარია, მთავარი იყოს მთავარი!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT

 

ნანახია:(56)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*