ჩემი შეყვარებულის ბიძაშვილი

by admin | Декабрь 1, 2014 12:28

ერთი ბიჭი ერთი ნახვით შემიყვარდა.

ორი წლის თავზე მისგან ერთი ბიჭი შემეძინა.

 

 

სამი წლის თავზე – მეორე.

ოთხი წლის შემდეგ „დაუზუსტებელი“ დიაგნოზი დაუსვეს პირველს. მანამდე იყო დარდი სიელმის გამო, სათვალე ათი თვიდან.

ხუთი წელი გავიდა და მესამე სიხარული გვესტუმრა.

*

ხუთი წლის წინ:

ვიცი, რომ ჩემი შეყვარებულის ბიძაშვილი თავისებური ბიჭია. მერე რა, ეს მე არ მეხება.

ერთი გადაცემის გმირი ერთი ქალი გახდა, რომელმაც თავისებური ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი გახსნა. რა ამაღელვებელია!

*

ჩემი ერთი შვილი მეორეს ზედ არ უყურებს. ეჭვიანობს ალბათ.

– დედა სად გიყვარს?

– მამა?

– მამა სად გიყვარს?

– აბუდა?

– აბუდა სად გიყვარს?

– ბაია?

– კარგი, ხო, ჩემო ელამო ბიჭო… რა გქვია?

– ნი-კო!

*

სამი თვის შემდეგ:

– ნიკოლოზ!

– …

– ნიკოოოო…

– …

*

ერთ ექიმთან:

– ეჭვიანობს ალბათ, მოიწყინა, გამებუტა, მე რომ სამსახურში გავედი. ბებია-ბაბუა კი სიმპტომებით აუტიზმზე ეჭვობენ.

– ხა, ხა, ხა! რაა? თითით მიგანიშნებთ საგანზე, რაც უნდა?

– კი…

– ხოდა, აუტიზმი გამორიცხულია!

*

მეორე ექიმთან:

– მეუღლის ბიძაშვილი… გენეტიკა, ამდენი სიმპტომი, ყოჩაღ, რომ ასე მალე შენიშნეთ და მოხვედით. ძალიან ვწუხვარ… თუმცა ადრეული ასაკიდანვე ბევრი მუშაობა და ძალისხმევა კარგ შედეგებს იძლევა. აბა, თქვენ იცით!

*

კი, ვიცი. ინტერნეტიდან ვიცი, უკვე ყველა სტატია წავიკითხე ექიმთან მისვლამდე.

*

ბაღში:

პატარა გოგო: ნიკო, მოდი, ჩვენთან ითამაშე.

პატარა ბიჭი: მაგან მაინც ლაპარაკი არ იცის!.. ბავშვებთან არ უნდა.

პატარა გოგო: ნიკო, ჩუსტები რატომ გაიხადე? მოდი, ჩაგაცმევ.

ფსიქოლოგი: აბა, ბავშვებო, ლოტო ვითამაშოთ. ხომ გინდათ? ვის ჰყავს სპილო?

ნიკო: მეეე!..

მასწავლებელი: უი, ამან ლაპარაკი და ცხოველების ცნობა იცის? მე საერთოდ არ მეკონტაქტება.

პატარა ბიჭი: ვა, სცოდნია!

ფსიქოლოგი: კი, იცის, სხვა ბავშვებს რომ მიიყვანთ კედელთან, მასაც სთხოვეთ ხოლმე პლაკატზე დაასახელოს ხილი, ბოსტნეული, ფრინველები… რიგის დაცვაც იცის. უბრალოდ არ დააჩქაროთ, თვალებში ჩახედეთ, მკვეთრად დაუსვით შეკითხვა და გიპასუხებთ.

მასწავლებელი: რა კარგია, რომ მოდიხართ ხოლმე, რამდენ რამეს ვსწავლობ თქვენგან…

*

– ეგენი ხომ გენიოსები არიან!

*

მერიის ფოიეში, ABA თერაპიის დაფინანსების მოთხოვნის მოლოდინში ნიკო ყველაფერს ხელით ეხება, ხან პირითაც, დარბის, ტირის, იატაკზე გაწვება.

– გოგონა, ვერ ეტყვით ბავშვს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება?

– ქალბატონო, ეს რომ ესმოდეს, აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი!

 *</p>

– რა მოხშირებულია ეს დიაგნოზი, ყოველი მეორე ამ პრობლემით მოგვმართავს…

– დიახ, ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ადრეც არსებობდნენ აუტისტები, უბრალოდ ახლა დიაგნოსტირება მალევე ხდება.

– 200 ლარით დაგაფინანსეთ.

– 8 საათიან გაკვეთილსაც არ ჰყოფნის ეს თანხა, ეიბიეი მეთოდით კი კვირაში 40 საათია კარგი შედეგისათვის საჭირო… თუმცა ამისთვისაც გმადლობთ.

– იქნებ თქვენი უბნის გამგეობას მიმართოთ?

– უკვე მივმართე და სამი თვე დაგვიფინანსეს. მეტს წელს ვერ გამოგვიყოფენ. ჩვენი გამგებელი გაახაროს ღმერთმა! არც კი ვიცნობ და საბუთები რომ გადმომცეს, – პირადად გამგებელმა დააფინანსა თქვენი შვილი, ძალიან გული შესტკივა ამ ბავშვებზე, იცნობს ამ პრობლემასო. როგორც ჩანს, ვინმე ახლობელი ჰყავს მასაც, თორემ როგორც წესი ამ ბავშვებს ზოგი გარეგნულად ვერაფერს ატყობს და, იგონებთ რაღაცასო; ზოგი ზარმაცებს ეძახის, ზოგი კი მშობლებს ადანაშაულებს, მეტი დრო დაუთმეთ და გამოვლენ კონტაქტზეო. ჩემი მეორე შვილი, მცალია თუ არ მცალია, აქეთ მელაპარაკება, აქეთ მიყვება ბაღის ამბებს და სულ თავისი ინიციატივით ამბობს ლექსებს და სიმღერებითაც თავს იწონებს. შეგაწყინეთ თავი… კარგად ბრძანდებოდეთ!

– აბა კარგად, შვილო… წარმატებებს გისურვებთ!

– დიდი მადლობა!

– მართლა, ჯანდაცვის სამინისტრომ რაო?

– თვეში 8 გაკვეთილს აფინანსებს 75 %-ით ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით სხვადასხვა დღის ცენტრში. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ეს, როგორც ვიცი, კარგი შეღავათია, თუმცა, როგორც გითხარით, აუტისტებისთვის ეს მიზერია… არადა, თუნდაც 6 წლის ასაკამდე მეტ ფულს თუ ჩადებს სახელმწიფო ამ ბავშვებში, კარგი შედეგები ექნებათ და წლების შემდეგ არ დააწვება მათი პენსია კისერზე.

– ხო, მესმის. იქნებ პირადად მინისტრს შეხვდეთ?

– გროვდება მშობელთა ხელმოწერები. ზოგი სირცხვილით არ აწერს ხელს, ერთმა ისიც განაცხადა, მე თავად ვუხდი ბავშვს საფასურს და არ მინდა ჩემი გვარი და პირადი ნომერი აქ ფიგურირებდესო. სოლიდარობის გრძნობა დავკარგეთ, სამწუხაროდ… როგორც გავიგე, მინისტრთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მას ეს არ ეხება, რომელიღაც დეპარტამენტის პრეროგატივააო. არადა, ახალი დანიშნეს მანდ და როდის ის გაერკვევა ვითარებაში…

– სოციალურად დაუცველი ხართ?

– არა, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი შვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ისევე ეკუთვნის სახელმწიფოსაგან ზრუნვა და სარგებელი, როგორც სხვას. ჩემს ოჯახს საკმაო თანხა შეაქვს ბიუჯეტში…

– სამწუხაროდ, ესაა, რაც მერიას შეუძლია…

– მესმის, ნახვამდის!

*

პედიატრთან:

– რამე ნევროლოგიური პრობლემა ხომ არ აქვს? ესღა ვიფიქრე, რატომ ვერ მოვერიეთ ვერანაირი ანტიბიოტიკით მაღალ სიცხეებს…

– კი, ამ გაწამაწიაში ვეღარ გითხარით. ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზი აქვს.

– ვერ წარმოვიდგენდი. თვალებში მიყურებს, ადეკვატურია…

მადლობა ღმერთს, სიმპტომები იცის და ეს დიაგნოზი გაუგია. აბა, ცნობილმა ნევროლოგმა აქეთ დამცინა და რამდენიმე თვე დამაკარგინა…

*

ყურის ექიმთან:

– ქალბატონო, რატომ ვერ აჩერებთ? თქვენი შვილიშვილია?

– დიახ.

– უთხარით მერე რამე, ვერ ვსინჯავ!

– (ტირილს იწყებს) იცით, აუტისტია და…

– ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, მაპატიეთ!

*

გენაცვალოს ბაბუ! დიდი ბიჭი გაიზარდე, საქართველო ასახელე! ვინმე ხომ არ გაბრაზებს სკოლაში? ერთი კაი მოუქნიე, კაცი არა ხარ?! ეზოში გიყურებდი, რა ფინტი დაუდე უფროს ბიჭებს! ფეხბურთელი თუ გინდა გამოხვიდე, ბევრი უნდა ივარჯიშო… მარა რად გინდა, გაივლიან ხოლმე იმნაირი ბავშვები სტადიონთან და მიაშტერდები ხოლმე, ბევრ დროს კარგავ! კაი ნერვები გაქვს! აბა, მე სად შემიძლია მათი ყურება, სულ ტანში მზარავს მაგათი საცოდაობის შემყურე… თვალი უნდა აარიდო!.. შორს ჩვენგან!

*

– ვაა, ტო, შეხედე, რა გაუკეთებიათ! დიდი საქანელა.

– მოდი, აბა მთელი სასტავი ზედ შევდგეთ და ისე ვიქანაოთ.

– ბიჭო, მგონი ეტლიანი ბავშვებისთვისაა ეგ. ჩემი ძმაკაცის დას ერთი წელია ეტლი არ აღირსა სამინისტრომ, რიგიაო, სხვა ასაკიაო პრინციპული.

– რა „პრინციპული“?

– აა, პრიორიტეტული…

– არა კაცო, ალბათ რაღაც ტვირთის ასაწევია, ან ცემენტის ასარევი, სანჯღრევი დანადგარი…

– აბააა, ერთად! ჰერიო, ბიჭეეეებო…

– ჰერიო…

– ფრთხილად, არ ჩამოწყდეს!..

*

უფ, მომხვდა თვალში ნაპერწკალი… კარის დადუღებას რომ მოვრჩი, ჩაფხუტი მოვიხადე და სიმაგრისთვის ერთიც დავამატე. მაშინ ჩამივარდა ეტყობა, ამის დედაც… აღარ შემიძლია იმ ბავშვების ყურება, შემოუარონ პაწა, იწვალონ მშობლებმა, მეორე კარიც აქვს იმ სკოლის ეზოს. ეს ჩვენი ეზოა და ჩვენი უფლება! 

სადარბაზოში შედის. კიბეზე ახალგაზრდა ქალი ზის, გვერდით პატარა ბიჭი ჩაცუცქულა,  ბურთი აქვს ჩახუტებული.

– მოხვედი უკვე? რატო ტირი, შვილო?

–  …

–  ბიჭო, შენ მაინც თქვი, რა ხდება?!.

– ბაბუ, ეხოზე… დაუნი ბავშვიაო, დედასთვის უთქვამთ!..

მაია კუდავა

წყარო:blogs.liberali.ge

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95/