ქართველი ''მურთხები'' ''მშიერი თვალებით''

by admin | 3 апреля, 2013 20:27

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა კაცი, შემდეგ კი მისი ნეკნიდან — ქალი. ასე რომ, მამაკაცი იყო პირველი. თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს.

 

ჩვენს ქვეყანაში კაცები ბევრი პრივილეგიით სარგებლობენ. ჰგონიათ, რომ ყველგან თვითონ უნდა იყვნენ პირველები. ეპატიებათ ის, რასაც არასდროს აპატიებენ საპირისპირო სქესს. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს ვნებამორეულს მოუნდა „პატივი ეცა“ საკუთარი თავისათვის და ე.წ. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში „გაიგულავა“. მერე რა მოხდა?! ზოგს ეს სულაც არ მიაჩნია დანაშაულად. არადა, ამ დროს მოღალატეს მეუღლე ელოდება სახლში. ეს კიდევ უკეთესია იმასთან, რასაც „საყვარელი“ ჰქვია. გყავს ცოლი, შვილები და ვიღაც ქალი, რომელსაც უნაწილებ იმას, რაც შენს ოჯახს უნდა მოახმარო მთლიანად.

 

არსებობენ უცოლო „მურთხებიც“, რომლებიც მუდმივად „მშიერი თვალებით“ დადიან ქუჩებში, სხედან ტრანსპორტში და საერთოდ, არიან ყველგან. ჩაიცვამ კაბას და მთელი დღის განმავლობაში იმდენი კაცის დაჭყეტილ მზერას გრძნობ, რომ ერთი სული გაქვს, მიხვიდე სახლში და გამოიცვალო. მეორე დღეს ჩაიცვამ შარვალს და არავითარი განსხვავება — ისევ ისეთი დაქაჩული თვალები. სულ რომ კოჭებამდე კაბა და მაისური ჩაიცვა არ გეშველაბა, „მურთხების“ თვალები მაინც არ მოგასვენებენ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ და რა დროა — დღე თუ ღამე.

 

თუ ავტობუსში მოთავსდი სკამზე, დეკოლტირებული სამოსი გაცვია და უადგილობის გამო მამაკაცი გადგას თავზე, წასულია შენი საქმე. ტრანსპორტიდან რომ ჩავა, გადასარევად ეცოდინება მკერდზე გაქვს თუ არა ხალი და რომელ მხარეს. თუ ქუჩაში მიდიხარ და კაბა გაცვია, თუნდაც მუხლის ქვემოთ, ისეთი გულმოდგინებით ცდილობენ დაინახონ დაფარული ადგილი და ისეთი საცოდავი თვალებით იყურებიან, შეიძლება ცრემლიც მოგადგეს. სამარშუტო ტაქსით მგზავრობისას უნდა ეცადო მუხლამდე ზედატანი ჩაიცვა და წელი არ გამოგიჩნდეს, თორემ, რომ ჩახვალ, იმდენი დორბლმორეულის მზერას ჩაიყოლებ, იმათი ცოდვით ვერ გაიხარებ.

 

აღარაფერს ვამბობ ქუჩაში რომელიმე გამვლელი „მურთხი“ რამეს რომ მოგაძახებს, ან შენს დანახვაზე სიმღერას დაიწყებს. უკვე მოძველებულია კითხვა: “რომელი საათია?“

 

ბოლო პერიოდში ამბობენ, ისეთი დრო დადგა, გოგოები ბიჭებს აქეთ „ახტებიანო“, მაგრამ ერთით და ორით ნუ განვსაზღვრავთ ყველა ქალის პატიოსნებას. არავის დაცვა არ სჭირდებათ „მურთხებს“ და წრეგადასულ გარყვნილებას ფიზიოლოგიას ნუ დავაბრალებთ.  ნებისმიერმა ბილწი ფიქრებით შეპყრობილმა მამაკაცმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ „სამიზნე“, რომელიც „თვალში ამოიღო“, ისეთივე ქალია, როგორიც თავისი დედა ან და. ამ „სამიზნესაც“ ჰყავს მამა და ძმა.

 

ფემინისტი ნამდვილად არ ვარ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ღირსეულ ადამიანს. მაგრამ, ქართველი მამაკაცები „გარყვნილ მზერას“ თუ „უღალატებენ“, ბევრად უკეთესი იქნება არა მარტო ქალებისათვის, თავიანთი ნერვული სისტემისათვისაც…

 

 

                                                                                           ანა დევნოზაშვილი

ნანახია:(59)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0/