»სტარბაქსის» სახელით თაღლითობა – თბილისური კაფეები ლიცენზიის გარეშე | Jolo.ge


»სტარბაქსის» სახელით თაღლითობა – თბილისური კაფეები ლიცენზიის გარეშე

მსოფლიოში ცნობილი ყავის ბრენდის, „სტარბაქსის“, სავაჭრო ნიშნისა და ლოგოს ქვეშ მოქმედი კაფეები თბილისშიც  გამოჩნდა. კაფეები აქტიურად იყენებენ მსოფლიო ბრენდის ოფიციალურ ლოგოს და მომხმარებლებს „სტარბაქსის“ ყავასაც სთავაზობენ.

 

MYREST.GE   ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც «კომერსანტი» ექსკლუზიურად «სტარბაქსის» ევროპისა და აზიის წარმომადგენლობას დაუკავშირდა.

 

ევროპის, ცენტრალური ევროპისა და აზიის წარმომადგენლის ემონ ვან სტიჟნის განცხადებით, «სტარბაქსი» საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობით შემოსული არ არის და არც უახლოეს მომავალში განიხილება მსგავსი საკითხი.

 

საინტერესოა, რამდენად აქვთ თბილისის კაფეებს – „ქორნერ ჰაუსს“„დომსა“ და „სტარბაქს შოურუმს“ იმის უფლება, რომ  მსოფლიო ბრენდის სავაჭრო ნიშნით ისარგებლონ მაშინ, როდესაც „სტარბაქსს“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს.

 

ჭავჭავაძის 10 ნომერში მდებარე კაფე, „ქორნერ ჰაუსი“ ,  ერთ–ერთი ობიექტია, რომელიც „სტარბაქსის“ ლოგოს ქვეშ ფუნქციონირებს. მართალია, კაფის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს ყავის ბრენდის ლოგოს არ იყენებს, თუმცა კაფის ვერანდა „სტარბაქსის“ ლოგოს გამოყენებითაა დაბრენდილი. მეტიც „სტარბაქსის“ სიმბოლო „ქორნერ ჰაუსის“ მენიუზეც და მომსახურე პერსონალს უნიფორმაზეცაა გამოყენებული.

 

„ქორნერ ჰაუსის“ ადმინისტრაცია აცხადებს,  რომ იმ შემთხვევაში, თუ კაფეში სხვა ბრენდის ყავასაც გაყიდიან, თავისუფლად ისარგებლებენ სხვა ყავის მწარმოებელი კომპანიის ლოგოთიც.

 

როგორც „ქორნერ ჰაუსის“ ერთ–ერთი მფლობელი თათია გოგოლაშვილი აცხადებს, კაფე „სტარბაქსის“ სახელით არ სარგბელობს, ლოგოთი სარგებლობა კი იმის მანიშნებელია, რომ კაფეში მისულ სტუმრებს მხოლოდ სტარბაქსის ყავას სთავაზებენ. 

 

MYREST.GE–ს კითხვაზე, ჰქონიათ თუ არა კაფის მფლობელებს ოფიციალურ „სტარბაქსთან“ კონტაქტი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მივიღეთ. 

 

ერთი ვერსიით, მათ „სტარბაქსთან“ ინტერნეტმიმოწერა ჰქონდათ, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემდეგ აცხადებენ, რომ აღნიშნული კონტაქტი მხოლოდ ტელეფონის საშუალებით შედგა. 

 

 

 

MYREST.GE — მ თბილისში კიდევ ორი ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც ,,სტარბაქსის“ სავაჭრო ნიშნით სარგებლობს. ერისთავის 16 — ში მდებარე კაფე „დომი“  „ქორნერ ჰაუსის“ მსგავსად „სტარბაქსის“ ლოგოს ფასადზე არ იყენებს, თუმცა შიდა ინტერიერი და მენიუ მსოფლიო ბრენდის ლოგოთია წარმოდგენილი.

 

„დომის“  დირექტორის განცხადებით, ლოგო და ყავის შემოტანა კაფის შიდა საორგანიზაციო საკითხია და ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.  

 

„სხვებისგან განსხვავებით ჩვენს „სტარბაქსს“ სხვანაირად ვყიდით და სხვანაირად შემოგვაქვს პროდუქცია საქართველოში“, – ამბობს MYREST.GE–სთან „დომის“ დირექტორი.

 

  

მესამე კაფე, კეკელიძის 14 ნომერში მდებარე „სტარბაქსს შოურუმია“. MYREST.GE აღნიშნული კაფის ადმინისტრაციას დაუკავშირდა,თუმცა კითხვის დასმის შემდეგ, რომელიც ლოგოსა და სახელის არაოფიციალურად გამოყენებას უკავშირდებოდა, „სტარბაქს შოურუმის“ წარმომადგენელმა ტელეფონი გათიშა და მას შემდეგ ზარებს არ პასუხობს.

 

 

 

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის წამომადგენლის, სასაქონლონიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქურდაძის განცხადებით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი, ოფიციალურად  რეგისტრირებული კომპანია/ფიზიკური პირი, რომელსაც უფლება აქვს შემოიტანოს „სტარბაქსის“ ყავა, ისარგებლოს მისი ლოგოთი და ქვეყანაში მისი რეალიზაცია მოახდინოს.

 

 

 

ქურდაძის თქმით, საქპატენტში ,,სტარბაკს კორპორეიშენ“ სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი მისამართი, რომელსაც უფლება აქვს საქართველოში გამოიყენოს  ამ ბრენდის სასაქონლო ნიშნები. ამ ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირი „სტარბაკს კოფი კომპანია’’ (STARBUCKS CORPORATION (doing bussines as STARBUCKS COFFE COMPANY)),  რომელიც მდებარეობსვაშინგტონში – მის: 2401 იუტა ავენიუ საუთი, ს/ყ 34067, სიეტლი, (2401 Utah Avenue South, P.O. Box 34067, Seattle, Washington; US)).

 

ასე, რომ „ქორნერ ჰაუსს“, „დომსა“ და „სტარბაქს შოურუმს“ ოფიციალურად „სტარბაქსის“  სასაქონლო ნიშანების გამოყენების ლიცენზია არ აქვთ.

 

კითხვაზე, თუ ვინ უნდა მოახდინოს „სტარბაქსის“ ყავისა და ლოგოს არაოფიციალურად გამოყენებაზე რეაგირება და რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თაღლით კომპანიებს, ქურდაძე ამბობს, რომ სასამართლო დავის წარმოების უფლება ოფიციალურად რეგისტრირებულ კომპანიას ან ფიზიკურ პირს აქვს.

 

 

 

ავტორი: გოგა ქუცნიაშვილი


წყარო:http://myrest.ge/

ნანახია:(63)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*