„რა ხალხი ვიყავით და რად ვიქეცით“ — თორნიკე ნაროზაული | Jolo.ge


„რა ხალხი ვიყავით და რად ვიქეცით“ — თორნიკე ნაროზაული

„რა ხალხი ვიყავით და რად ვიქეცით“ — თორნიკე ნაროზაული

დღეს, სამსახურში, ერთი მეოთხე კლასელი ბავშვი მეკითხება:
როგორ ფიქრობ, (ციტირებას ვახდენ) ის ხალხი, რომელიც აქ იმალებოდა, მაინც იხოცებოდა?


ხო, თუ მტერი მიაგნებდა-მეთქი, ვუპასუხე.
სამწუხაროა-ო თქვა და მთავარ ოთახში გავიდა. (ამ დროს მისი კლასელები, მშობლები და მასწვალებლები ფოტოებს იღებდნენ.)

ცოტახანში ისევ მეკითხება:
შენც აქ ცხოვრობდი, როცა ომი იყო?

გამეცინა და თავი დავუქნიე.

-პატარა იყავი, ალბათ, გახსოვს, რაც ხდებოდა?

მახსოვს-მეთქი ვუთხარი, მეც, იმ სამალავში ვიმალებოდი სხვებთან ერთად, სანამ მტერს დაამარცხებდნენ-თქო.

-სხვა მცველებიც არიან თუ მარტო შენღა დარჩი?
-არა, მხოლოდ მე დავრჩი, მხოლოდ მე-ღა ვიცავ სახლს.
-არ გეშინია? რას ჭამ ხოლმე?
-მეშინია, მაგრამ ვცდილობ არ მეშინოდეს. ვნადირობ და ნანადირევს ვწვავ ხოლმე შუაცეცხლზე, მერე მოდი კიდე და მომეხმარე, ერთად ვინადიროთ.
-კარგი, მოგეხმარები. ყველაზე მაგარი სახლია ეს, ძალიან მომეწონა. მეც ვიცხოვრებდი აქ.

გავუღიმე. თმა ავუჩეჩე და გამოვემშვიდობე.
გასვლისას მომაძახა:
— შემოგივლი აუცილებლად თუ მოვახერხე. (კვლავ ციტირებას ვახდენ).

ჰო, მე სულ აქ ვარ და დაგელოდები-ო მივაძახე და ცეცხლს მივუბრუნდი.


პირველრიგში უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თანამედროვე მეოთხე კლასელ ბავშვებს ბევრად დახვეწილი მეტყველება აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა . 
მაგრამ სულ სხვა რამის თქმა მინდა ამ სტატუსით — უამრავი ადამიანი მოდის ჩვენთან, სხვა და სხვა რასის და ეროვნების, სხვა და სხვა სიმაღლის და სიმრთელის, მაგრამ მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ — გულწრფელად თქვან, რომ იცხოვრებდნენ მეჩვიდემეტე საუკუნის სახლში, რომელშიც არანაირი კომფორტია, სახლში, რომელიც თავდაცვითი ნაგებობა უფროა, ვიდრე საცხოვრებლი, მითუმეტეს პატრიარქალური ოჯახის. 
შემოდიან ქართველები თუ უცხოელები და მხოლოდ იმას კითხულობენ, როგორ ძლებდნენ ასეთ პირობებში და როგორ იტანდნენ ბოლის სუნს — ის კი არავის აინტერესებს, როგორ ინარჩუნებდნენ იმჟამინდელ ვითარებაში სულის სიმტკიცეს, ღირსებას, ქვეყნის სიყვარულს, ერთგულებას, როგორ უძლებდნენ ურიცხვი მტრის გაუთავებელ შემოსევებს, როგორ არ ჰკარგავდნენ ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას, რწმენას.
როგორ… როგორ… 
მეექვსე დღეა ამაზე ვფიქრობ.
რა ხალხი ვიყავით და რად ვიქეცით.
რას ვუძლებდით და რაზე ვწუწუნებთ.
რა სიმაღლეზე ვიდექით და სად მივჯლაგუნობთ.

 

ავტორი: თორნიკე ნაროზაული

ნანახია:(29)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<