პაატა ბურჭულაძე 35 წელი სცენაზე | Jolo.ge


პაატა ბურჭულაძე 35 წელი სცენაზე

პაატა ბურჭულაძე 35 წელი სცენაზე

მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს, წელს სცენაზე ყოფნის 35 წელი უსრულდება. 9 ივლისს ქართველ მსმენელს მისი შესრულებით რამდენიმე შედევრის მოსმენის საშუალება მიეცემა. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისს ეწვევა ლეგენდარული მაესტრო იური ტემირკანოვი და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა…


ამ დღეს კიდევ ერთი თარიღი აღინიშნება, ფონდი „იავნანა მეოთხმოცე ოჯახს მოიწვევს სცენაზე, სახლის გასაღები 9 ივლისს სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს გადაეცემა.

 

„პაატას საოცრად ლაღი ხასიათი აქვს, ძალიან მხიარული, არ მახსოვს, როდესმე ცუდ ხასიათზე ხანგრძლივად  ყოფილიყო, ის არის ადამიანი, რომელიც ბედნიერებას ასხივებს — ასე ახასიათებს მომღერალს, ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი თეო ჯორბენაძე.

 

თეო ჯორბენაძე: — ამ დღეებში მის არქივს კიდევ ერთხელ შევეხე და მართლაც საოცარია, ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, რომლის მიღმაც, რა თქმა უნდა, დიდი ტალანტი და შრომაა, მაგრამ როგორც თავად ამბობს ხოლმე, იღბალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. სხვა ყველაფერთან ერთად  წარმოიდგინეთ მეფის პარტიების შესრულება ლა სკალას, მეტროპოლიტენის, კოვენტ გარდენისა თუ ბარსელონას ლისეუს სცენაზე და შემდეგ პირადად მეფეებისა და დედოფლებისგან, სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირებისგან, შთაბეჭდილებების მოსმენა და მილოცვების მიღება,  ზღაპარია აბა, რა არის?!

 

 ბედნიერებაა, რომ ბანები ყველაზე დიდხანს ძლებენ სცენაზე, ისე რომ ხარისხს არაფერი აკლდება, ანუ დანარჩენ საოპერო ხმებთან შედარებით მათ ყველზე ხანგრძლივი კარიერა აქვთ. როდესაც პაატას შესრულებით რომელიმე არიას ვისმენ ან რომელიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, მეც ძალიან იღბლიანად მივიჩნევ ჩემს თავს, რომ ასეთი რანგის ხელოვანისა და ადამიანის გვერდით ვარ. 9 ივლისს დიდი დღესასწაული ელოდება ჩვენს მსმენელს, ლეგენდარული მაესტრო იური ტემირკანოვი და მისი ორკესტრი კიდევ ერთხელ მიიღებს „იავნანას“ აქციაში მონაწილეობას. 

 

მუშაობის დროს როგორია?

 

თეო ჯორბენაძე: ძალიან საინტერესო და დემოკრატიული, კლასიკისაგან ყველაზე შორს მგდარი იდეა და ჟანრი შეიძლება გახდეს მისთვის მისაღები თუ იგრძნობს, რომ ეს ნიჭიერებაა, უგემოვნობასა და უნუჭობასთან უჭირს ურთიერთობაJ) პაატა აბსოლუტურად ანგრევს ჩვენში დამკვიდრებულ წარმოდგენას შემოქმედ ადამიანზე. ქართველების ხედვა ისეთია, რომ თუ  ადამიანი ნიჭიერია მას უნდა ეპატიებოდეს მძიმე ხასიათი, დაგვიანება, საქმის არშესრულება, ბევრი რამ, ბოჰემურად უნდა ცხოვრობდეს. პაატა აბსოლუტურად საპირისპიროა. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და საოცრად მოწესრიგებული ადამიანია, მისი ნიჭი ძალიან სწორად არის გადანაწილებული ყველაფერში.

 

— გაბრაზება თუ იცის, რაზე შეუძლია რომ გაბრაზდეს?


— უსამართლობაზე, მაგრამ მორწმუნე ადამიანია და მიტევების საოცარი უნარი აქვს. პაატას არ შეუძლია, ვთქვათ, ვინმემ აწყენინა, ამაზე დიდი ხანი იფიქროს. წყენაზე და ნეგატიურ ამბავზე არასდროს ჩერდება,  რამდენიმე წამში იწყება ახალ საქმეზე ფიქრი და გადართვა კარგზე, მიტევების ძალიან დიდი უნარი აქვს და მეც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან…

 

თითქოს თეონა ჯორბენაძეს პასუხობს, ჩემს არქივში აღმოჩენილი რამდენიმე ხნის წინათ ჩაწერილი პაატა ბურჭულაძის სიტყვები…

 

პაატა ბურჭულაძე: „თუ ადამიანი მიხვდება იმას, რომ შენი ცხოვრების აზრი იმაშია, რომ ამ ქვეყნად შენი ყოფნით სხვაც ასიამოვნო, მაშინ ბედნიერი კაცი ხარ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ კაცმა არ იცის, ხვალ რა ხდება. შევიყვაროთ ერთმანეთი. შეუძლებელი აქ არაფერია.

 

თუ ღელავთ ხოლმე სცენაზე გასვლის წინ?


— ყველაზე მეტად ის დღე მაშინებს, როცა სცენაზე გასვლის წინ არ ვნერვიულობ…ყოველთვის უნდა ინერვიულო სცენაზე როდესაც გადიხარ. ძალიან იშვიათად, მაგრამ მქონია, რომ ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე გავსულვარ. ეს ძალიან საშიშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ან გადაღლილი ხარ სცენაზე გასვლით, ან ვერ აფასებ იმ სიტუაციას და შენთვის სცენა ხდება ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომაც მაშინებს, ხოლო როდესაც ღელავ, გსიამოვნებს და გრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.


ადამიანები ზოგჯერ განიცდიან წლების მატებას, არიან ისეთებიც, ასაკს რომ არ ამხელენ ხოლმე, ასეთ ადამიანებს ხშირად სიბერის შიში აქვთ, თქვენთვის რა არის ყოველი დღე და წლების მატება?


– ჩემთვის ყოველი დღე არის ცხოვრების სწავლა, დღემ უაზროდ არ უნდა ჩაიაროს. თუ გაიაზრებ, არ არსებობს დღე, რომელიც რაღაც ახალს არ გასწავლის. ამიტომაც არის, რომ თავისი შინაარსით ყოველი დღე  უნიკალური და განუმეორებელია. და რაც მეტი დრო გადის, მით მეტად ხვდები, რომ ცხოვრება დაფიქრებაა და არა დროსტარება ან სადმე კარგ კურორტზე დასვენება, საუკეთესო რესტორანში ვახშობა და სხვა.

 

თქვენს პროფესიაში როგორ არის, რა მოაქვს ასაკს?


– პროფესიაშიც ასევეა, რაც უფრო მეტხანს ხარ სცენაზე, მით უფრო მეტად ხვდები, რამდენი უნდა იმეცადინო, რამდენი რამ გაქვს სასწავლი, სხვაგვარად გაჩერდები და უკან სვლას დაიწყებ. წელს სასცენო მოღვაწეობის 35 წელი შემისრულდა და ახლა ვხვდები, რამდენი რამ მაქვს კიდევ სასწავლი…

 

ვინ იყო და არის თქვენთვის სამაგალითო მომღერალი?


– ლუჩანო და არა იმიტომ, რომ კარიერის დასაწყისში დიდი თანადგომა გამიწია. ასეთი არტისტი, ვფიქრობ, არც ყოფილა და არც იქნება. შესაძლოა, ბევრს ჰქონდეს საუკეთესო ხმა, მაგრამ უკეთესი მომღერალი ასე მგონია, ვერავინ იქნება. პავაროტი, უპირველესად, დიდი პიროვნება იყო და უდიდეს ადამიანურ სითბოს ასხივებდა.

 

                                                                              დეა თავბერიძე

ნანახია:(15)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*