,,მწერალთა სახლმა“ ეთერ თათარაიძეს უმასპინძლა | Jolo.ge


,,მწერალთა სახლმა“ ეთერ თათარაიძეს უმასპინძლა

,,მწერალთა სახლმა“ ეთერ თათარაიძეს უმასპინძლა

,,ეს არის ადამიანი, რომელიც წარსულს აცოცხლებს აწმყოსთვის და აწმყოში ზრუნავს მომავალისთვის“, — ამ სიტყვების ადრესატი ეთერ თათარაიძეა, ან უბრალოდ ეთერო, როგორც მას უახლოესი ადამიანები უწოდებენ. პოეტი, პედაგოგი, მონოგრაფიის ავტორი და ამასთან, სასიამოვნო მოსაუბრე, რომელიც, მეუღლესთან, ამირან არაბულთან ერთად, უკვე რამდენი წელია იღწვის და იბრძვის ქართული ფოლკლორის გადასარჩენად და შემოსარჩენად.

 

 ეთერ თათარაიძის ,,მთის პოეზია“ განსაკუთრებით  სასიამოვნო მოსასმენია მაშინ, როცა ავტორი თავად კითხულობს. ამ დროს, თუნდაც ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდე, ყველაფერი მაინც გასაგებია. ,,მწერალთა სახლმა“, პოეტის შემოქმედებითი საღამოს ორგანიზებით, მისი პოეზიის მოყვარულებს კიდევ ერთხელ მისცა ამ სიამოვნების განცდის საშუალება.

 

  საღამოს პროფესორი გიორგი ლობჟანიძე უძღვებოდა.  მეგობრები, კოლეგები თუ რიგითი მსმენელები კი —  ზოგი ეთერ თათარაიძის შემოქმედებაზე საუბრობდა, ზოგი სხვადასხვა საინტერესო ფაქტს იხსენებდა, ზოგი მის ლექსებს კითხულობდა, ზოგიც ლექსად უსვამდა კითხვას. ამ ყველაფერს  ფონად გასდევდა ლელა თათარაიძისა და მანანა მენაბდის მიერ შესრულებული სიმღერები.

 

  თუმცა ყველაზე სასიამოვნო თავად ეთეროს მოსმენა იყო, რომელმაც ლექსების წაკითხვის  გარდა უამრავი საინტერესო ამბავი და პიროვნება მოიგონა — ვახუშტი კოტეტიშვილი, გოდერძი ჩოხელი, თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) — ეს იყო მხიარული ისტორიები სევდიანი გახსენებით.

 

ერთმა საღამომ ბევრი დაიტია — პოეზია, სიმღერა, ადამიანური ისტორიები, სიცილი და სევდა, წარსულის გახსენება და მომავლის გეგმები — თუმცა ამის მიუხედავად სტუმრებსა და მასპინძელს ძნელად ეთმობოდათ ერთმანეთი.

 

  ეთერ თათარაიძესთან შეხვედრით ,,მწერალთა სახლმა“ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი  გამორჩეულად თბილი და სასიამოვნო საღამო აჩუქა.

ნანახია:(14)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<