ირაკლი გაფრინდაშვილი :,,თუ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ამ მსხვერპლს კაბად შევწირავდი» | Jolo.ge


ირაკლი გაფრინდაშვილი :,,თუ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ამ მსხვერპლს კაბად შევწირავდი»

ბავშვობაში თვალებს ისე მაგრად ვხუჭავდი წარბები ყვრიმალებზე მედებოდა, მაინტერესებდა უსინათლოები ესე როგორ ცხოვრობდნენ… მერე ნელ–ნელა ვახელდი, ისე ნელა, რომ ფოკუსი არ გასწორებულიყო და ბუნდოვნად მეყურებინა სამყაროსთვის, ვხვდებოდი, რა რთულია ესე ცხოვრება… ალბათ უსინათლოები სხვანაირად და იქნებ ჩვენზე კარგად ხედავენ და გრძნობენ, არ ვიცი …
ერთ რამეს ვინატრებდი, თუ როდესმე თვალში სინათლეს დავკარგავ, იმდენი მაინც დამრჩეს, რომ ქალის სილუეტი აღვიქვა, დანარჩენს მისი სურნელით შევიგრძნობ მასზე …სილუეტი კაბის. ჩემის აზრით, ქალს თუ დახვეწილად აცვია, ყველაფერი უხდება, მაგრამ არაფერი ისე, როგორც კაბა… გრძელი კაბა, რომლის ბოლოც სიარულისას ფრიალებს და გაორმაგებული რითმით მიფრიალებს გულს. არ აქვს მნიშვნელობა ფერს, ბრენდს თუ უბრალოდ ნაჭერს, რომლის ორი ბოლოც ერთმანეთთან არის შეერთებული.

 
გრძელი კაბა და დაბალი ფეხსაცმელი ეს ყველაზე გემოვნებიანი შერწყმაა ჩემთვის (გრძელ კაბას და ქუსლებს არ ვაღიარებ) გემოვნებიანი ფეხსაცმელით, რომელიც სრულად ასახავს კაბის მფლობელის ხასიათს.


მაგრამ კაბათა შორის კაბა მაინც საორსულოა… მკერდის ქვეშ გაბანტული და წინ ოდნავ აწეული, გააჩნია რომელ თვეშია… ყველაზე მეტად ეს ბანტი მიყვარს თითქოს დედამიწის ორბიტად აქვს შემოკრული მუცელს რომლის მნიშვნელობაც დედამიწის ყველა სასწაულს იტევს.


არ მიყვრს მოკლე კაბა, ქალს მოკლე კაბად ყველაზე მეტად მისი საყვარელი მამაკაცის ორი ზომით დიდი პერანგი ან მაისური უხდება, პერანგი ღილებაცდენილად შეკრული და სამჯერ აკეცილი მკლავები მაჯამდე რომ წვდება მაინც. რომ შემეძლოს ყველანაირ პენუარს ავკრძალავდი გათხოვილი ქალების ღამის გარდერობში მხოლოდ მათი ქმრების დიდ მაისურებს დავტოვებდი. თუმცა მე რა ხელი მაქვს სხვის ცოლთან, ჩემი ცოლის გარდერობში ავკრძალავ…


რომ შემეძლოს შარვალსაც ავკრძალავდი, მესმის, რომ უფრო პრაქტიკულია, მაგრამ თუ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს ამ მსხვერპლს კაბად შევწირავდი. მაშინ ბევრად მეტი ქალი იქნებოდა გულის ამაჩქარებელი და ბევრად მეტი ბედნიერი მამაკაცი. ეს მე რომ შემეძლოს …


ამ ყველაფერზე ფიქრისას თვალწინ მხოლოდ ერთი ქალის სილუეტი მიდგას… რომლის არსებობაც ჯერ არ ვიცი მხოლოდ ნახევრად თვალში სინათლედაკარგული მის კაბიან სილუეტს ვხედავ. მე–გულება სადღაც, ეხლა ალბათ სპილოებიანი ან გულებიანი ღამის პერანგით მძინარე და მინდა ვუთხრა … ძილინებისა ქალბატონო…

 

                                                                       ირაკლი გაფრინდაშვილი

ნანახია:(70)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<