ვან გოგი — გზა ღვთისმსახურებიდან მხატვრობამდე | Jolo.ge


ვან გოგი — გზა ღვთისმსახურებიდან მხატვრობამდე

ვან გოგი — გზა ღვთისმსახურებიდან მხატვრობამდე

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს. ექვს და-ძმაში ყველაზე უფროსს მის გაჩენამდე ერთი წლით ადრე დაბადებული და რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ძმის სახელი დაარქვეს.ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, ვიდრე ფსიქიკურად არ დაავადდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

 

დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მისთვის მუშაობა დაეწყებინებინა და ჰააგაში, გუპილის ფირმაში მოაწყვეს კომისიონერად. ჭაბუკი ვინსენტ ვან გოგი მუყაითად შრომობდა, თუმცა კომერცია არ იტაცებდა. მიუხედავად ამისა, მისმა სიბეჯითემ ნაყოფი გამოიღო და დააწინაურეს: ჯერ — ბრიუსელში, მერე — ლონდონში, ბოლოს კი პარიზში გადაიყვანეს სამუშაოდ.

 

ბრიუსელში მასთან უმცროსი ძმა, თხუთმეტი წლის თეო ჩავიდა. სწორედ ამ სტუმრობის დროს ჩაეყარა საფუძველი მათ დიდ მეგობრობასა და მიწერ — მოწერას, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდა.

 

ლონდონში ვინსენტს სახლის მეპატრონის ქალიშვილი, ეჟენი ლოიერი შეუყვარდა, რომელმაც ცოლობაზე უარი უთხრა. სიყვარულში ამ პირველმა იმედგაცრუებამ ღრმად დაანაღვლიანა. მდგომარეობიდან გამოსასვლელად მან ბიბლიის კითხვა დაიწყო. 1876 ​​წლის პირველ აპრილს ვინსენტი ფირმიდან დაითხოვეს არაპუნქტუალურობის და სამუშაოსადმი ინტერესის უქონლობის გამო.

 

იგი ისე მხურვალედ გაიტაცა რელიგიამ, რომ ინგლისურ ინტერნატში მასწავლებლობის და დორდრეხტის წიგნის მაღაზიაში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა ამსტერდამში თეოლოგიის დასაუფლებლად ჩასულიყო, მაგრამ უარი თქვა ლათინური და ბერძნული ენების შესწავლაზე და ბორინაჟში გაემგზავრა იქაური მაღაროელებისათვის სახარების საქადაგებლად. მალე ის ვასმში გაგზავნეს, სადაც ბარაკში ცხოვრობდა და თივაზე ეძინა, რადგან, რაც კი ებადა, თავისზე უფრო გაჭირვებულებს დაურიგა.

 

ამ ყველაფერმა გააღიზიანა ვან გოგის უფროსები, რომელთაც მისი თანამდებობა გააუქმეს. იგი კუესმში გადაიყვანეს, სადაც მხოლოდ პურზე და წყალზე გადადიოდა, რათა უკეთ გაეგო ნამდვილი ღატაკების გასაჭირი და მათ დამსგავსებოდა. მისი საქციელი მიუღებელი და გადაჭარბებული მოეჩვენათ. ჩათვალეს, რომ იგი არ შეეფერებოდა მქადაგებლის თანამდებობას. ორი ხანგრძლივი წელიწადის განმავლობაში, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანივით ცხოვრობდა, მას ვერავინ გაუგო. ერთ — ერთმა დამ მიახალა: «ღვთისმოსაობამ იდიოტად გაქცია.»

 

რადგან ქადაგება აუკრძალეს, მან გადაწყვიტა ხელოვნებისათვის მიეძღვნა თავი: ხელოვნებისთვის, რომელსაც თავისებურად გარდაქმნიდა.

 

1880 წლის ივლისში ვინსენტმა განაახლა თეოსთან მიმოწერა. ვრცელ წერილში ის დაწვრილებით და გარკვევით უხსნიდა ძმას, რომ უპირველესად ოჯახთან კავშირის გაწყვეტას აპირებდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ «აუტანელი და საეჭვო პიროვნება გახდა, ყოველ შემთხვევაში, პიროვნება, რომელიც ნდობის ღირსი არ არის.»

 

ლაპარაკობდა მისტიციზმზე, რაც ყოველთვის ახასიათებდა: «რაც ჩემში ხდება, თითქოს გარე სამყაროშიც იგივეა. ვიღაცის სულში დიდი ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ ახლოს არავინ მიდის გასათბობად, გამვლელები მხოლოდ ბუხრიდან ამოსულ კვამლს ამჩნევენ და თავიანთ გზას აგრძელებენ. «

 

 

თეომ ერთადერთი რჩევა მისცა — ღრმად დაუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ვინსენტმა ეს ყურად იღო და 1880 წლის ოქტომბერში ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა (უფასოდ). თვითონ ამბობდა: «ამათ ჰგონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული. «

 

ვან გოგი ერთგან წერს: «არ შემიძლია, ჩემთვის წარმოუდგენელია უსიყვარულოდ სიცოცხლე. მე ვნების კაცი ვარ. ქალი უნდა ვიპოვო, თორემ გავიყინები და ქვად გადავიქცევი. «

 

ვან გოგს ყოველგან და ყოველთვის უცნაურ, არატიპურ ადამიანად აღიქვამდნენ და ყველაფერზე პასუხს სთხოვდნენ. მაგალითად, როცა ვინსენტი შეუყვარდა მეზობლად მცხოვრებ ორმოცი წლის შინაბერას, მარგო ბეგემანს, რომელმაც თავი მოიწამლა მხატვრის გულგრილობის გამო, ყველამ ვინსენტი დაადანაშაულა, თუმცა ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ.

 

როცა ერთი ქალიშვილი, რომელიც «კარტოფილით ვახშმობაში» ზურგით ზის და ვან გოგისთვის მხოლოდ მენატურე იყო, დაორსულდა, ესეც ვან გოგს დააბრალეს და კათოლიკე ღვთისმსახურმა მრევლს მისთვის პოზირება აუკრძალა.

 

სიცოცხლის ბოლო დღეებში ვინსენტმა კავშირი გაწყვიტა თავის ექიმთან: «… ვცდილობ მხიარული ვიყო, მაგრამ ჩემს სიცოცხლეს ისევე ემუქრება საფრთხე, როგორც დაბადებისას და ჩემი ნაბიჯებიც ისეთივე არამყარია.»

 

ივლისში მან პურის ყანები დახატა. «ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ და მე სრულიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა.» კვლავ დეპრესია და 27 ივლისს შუაგულ მინდორში ვან გოგმა გულში დაიხალა ტყვია. მძიმედ დაჭრილმა მხატვარმა ძლივსძლივობით მიაღწია სასტუმრომდე. პარიზიდან თეო ჩამოვიდა. 1890 წლის 29 ივლისს, ღამის პირველ საათზე ვინსენტმა სული დალია. «ახლა სიამოვნებით დავბრუნდებოდი შინ,» — ასეთი იყო ძმისთვის ნათქვამი ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები.

 

                                                                                       თათია ქვილითაია

ნანახია:(67)-ჯერ


Comments

comments