„დიდხანს მიყურებდა გაოგნებული… შემდეგ ბავშვივით ატირდა“ — სულა სულაშვილი | Jolo.ge


„დიდხანს მიყურებდა გაოგნებული… შემდეგ ბავშვივით ატირდა“ — სულა სულაშვილი

„დიდხანს მიყურებდა გაოგნებული… შემდეგ ბავშვივით ატირდა“ — სულა სულაშვილი

უცხოეთში მოღვაწე ქართველი სულა სულაშვილი 90-იან წლებს იხსენებს და იმ ისტორიას, რომელიც ანასტასიას დაბადებას უძღოდა წინ ჩვეული ოსტატობით აღწერს.

 

 

 

ასე დაიბადა ანნა (ანასტასია)


90-იანი წლებია…

სამართალდამცავი უწყებები გადაიტენა ნარკმანებითა და ათასი სჯულის ნახიშტრებით.
სამმართველოში გადაწყვეტილება მივიღეთ თანამშრომელთა ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები განგვეხორციელებინა და მეორე დღესვე უკლებლივ ყველა თანამშრომელს შარდის ანალიზის ჩაბარება მოვთხოვეთ…

***
— ბაიდოშვილი, სასწრაფოდ ჩემთან! — გავეცი ბრძანება და ისიც სულ რამდენიმე წუთში თავდაჯერებული გამომეტყველებით ჩემს კაბინეტში გამოცხადდა.
— გისმენთ ბატონო მაიორო.
— დაჯექი! — ვუთხარი და კალამი მივაწოდე.
— რა ხდება? — გაკვირვებულმა შემომხედა.
— პატაკი უნდა დაწერო სამსსხურიდან წასვლაზე! ჰოო, აბა ერთი ვენები მაჩვენე! — ბაიდოშვილმა ორივე მკლავი აიკაპიწა. ნემსის კვალი არ ემჩნეოდა
— ეწევი?! ყლაპავ?! ისუნთქავ?! — მივაყარე კითხვები ყვირილით და პირისპირ ჩამოვუჯექი.
— შეუძლებელია ჩემს ანალიზში რაიმე მსგავსი ამოსულიყო!
— მსგავსი კი არა უარესია! აი ამ მძღნერის ჭამასაც გაპატიებდი მაგრამ ტყუილს არ გაპატიებ!
— რატომ კადრულობთ ბატონო ნუგზარ?
— კიდევ მე ვკადრულობ?! — წამოვენთე — შენ ვისი გაცურება გინდა? ჩემი?! თვალებში შემომხედე!
— დარწმუნებული ვარ, რომ ანალიზი სუფთა მაქვს, მაგრამ კაცური სიალალით გეტყვი, კი ხანდახან მარიხუანას ვეწევი. დალევით ვერ ვსვამ და როცა ნერვები ტვინს მიბურღავს ცოტას ვმშვიდდები…
— ნერვები! თორე შენც ახლა მსოფლიოს ბედის გადაწყვეტას გთხოვენ! დამიწყო ზღაპრები!
— მსოფლიო, ჩემთვის ჩემი ოჯახიდან იწყება — შეჩერდა და მცირე პაუზის შემდეგ ისევ გააგრძელა — მე კი 7 წლის ოჯახი თავზე მენგრევა…
— გეყო, გეყო!… მორჩი თავისკატუნს! ოჯახი ენგრევა და ნახა გამოსავალი ბიჭმა, შეჯდა წამალზე!
— მამის სულს გეფიცები არასოდეს გამიჩხერია! კაცურად ვაღიარებ, ზოგჯერ ვეწევითქო…
— არ გრცხვენია უშიშროების ოპერმუშაკს ასეთი საქციელის?! თუ განარკომანდი დაგენგრევა ოჯახი, აბა რა იქნება?!
— ეს არ არის მიზეზი…
— არ მაინტერესებს! ჩემი მოტყუება როგორ იკადრე?! ხომ შეგეძლო მოსულიყავი და გეთქვა, რომ მიქარული გქონდა?! გაგიშვებდი მივლინებაში და მორჩა! აი ახლა კი შენი სამსახურიდან გაშვება მომიწევს!
-ანალიზი ხომ სუფთაა? რატომ?!
-იმიტომ რომ შენ არ ხარ გულწრფელი და სუფთა! იცრუე! — დავითი ვერაფრით მიხვდა, საიდან შეიძლებოდა გამეგო, რომ მან საკუთარი შარდის ნაცვლად, სხვისი შარდი მიიტანა შესამოწმებლად, ამიტომ ცდილობდა საკუთარი პოზიციები ბოლომდე დაეცვა, თუმცა, როდესაც ჩემი განრისხება და ვითარების სიმწვავეც გაანალიზა, აშკარად მოტყდა.
— ცხოვრებაში პირველად 7 წლის წინ მოვწიე მარიხუანა… 14 მაისს, როდესაც 5 თვის მანუჩარი გარდაგვეცვალა… მას შემდეგ შვილი აღარ გვყოლია… აირ-დაირია ჩემი ცხოვრება… დედაჩემმა მადონა აითვალისწუნა და იძულებული გახადა სახლიდან წასულიყო… სასმელს ვერ ვსვამ, ღვიძლი მაწუხებს… ამიტომ როცა ვნერვიულობ ზოგჯერ მარიხუანას ვეწევი… რა მექნა, მოვსულიყავი და ნებართვა მეთხოვა?
— მოიცა! რა თქვი? სად წავიდა მადონა? რატომ?
— მის მშობლებთან გადავედით… ხომ გითხარით დედაჩემმა აითვალისწუნა, შვილს რომ ვეღარ მიჩენდა და…
გიჟივით წამოვხტი. საქაღალდეს ვეცი:»ღმერთო ნეტავ არ ვცდებოდე » გავიფიქრე გულში და სამედიცინო ცნობას კიდევ ერთხელ დაკვირვებით გადავავლე თვალი…
— ვისი შარდი ჩააბარე ანალიზისთვის!? მადონასი?! — დავითი გაწითლდა. არ იცოდა რა ეპასუხა — წადი ჩქარა!!!
— მაინც მაგდებთ?- საცოდავად შემომხედა და ფეხზე წამოდგა
— არა, არ გაგდებ.
— აბა სად მიშვებთ?
— მადონასთან!
— რატომ?
— უთხარი, რომ ის 7 თვეში დედა გახდება! შენი ცოლი ორსულად არის!
***
ის დიდხანს მიყურებდა გაოგნებული… შემდეგ ბავშვივით ატირდა… მისაღებიდან ისევ უკან შემობრუნდა… უნდოდა რაღაც ეთქვა… ვერ მოახერხა და გაიქცა…
7 თვის შემდეგ კი ამ ქვეყანას ულამაზესი ანნა მოევლინა…

პ.ს. ის ახლა ჩემი მეუღლის ნათლულია.

ნანახია:(28)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*